ბრძოლა მეორე ადგილისთვის - კვირის პალიტრა

ბრძოლა მეორე ადგილისთვის

ყველაფერი მარტივადაა. თუ ოპოზიცია ერთმანეთში ვერ შეთანხმდა, უცილობლად წააგებს. ვინ იქნება დამნაშავე? - ბუნებრივია, ყველა! მაგრამ უპირველესად ის, ვინც მესამე ადგილზე გავა. რატომ? ახლავე მოგახსენებთ: ოპოზიციის წაგება ხომ იმას ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე უგულავა გადის.

დანარჩენებზე კი ოპოზიციონერი კანდიდატები. დღეს, როდესაც "ალიანსი საქართველოსთვის" დანარჩენ პარტიებს მოუწოდებს, მხარი ჩვენ დაგვიჭირეთ, რადგან ალასანია ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე რეიტინგულიაო, ისინი პასუხობენ, თქვენი რეიტინგები იტყუებაო.

რეიტინგებით მანიპულაცია მართლაც შეიძლება ხდებოდეს. ყველას შეუძლია დღეს ამტკიცოს, - მე ვარ სხვებზე რეიტინგულიო, მაგრამ არჩევნებზე ხომ ყველაფერი თვალნათლივ გამოჩნდება? ოპოზიცია თუ ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, არჩევნები იმას მაინც გამოაჩენს, ვინ იყო ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული. მართალია, ის პირველზე ვერ გავა და უგულავას ვერ აჯობებს (რადგან მას ხმებს სხვა ოპოზიციონერი კანდიდატები გაუყოფენ), მაგრამ მეორეზე გავა და ცხადი გახდება, რომ სწორედ ის იყო ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ფიგურა და მესამეზე გასულმა ხმები სწორედ მას წაართვა.

ამიტომ მეორე ადგილზე გასული ოპოზიციის დამარცხების გამო, მთელ პასუხისმგებლობას უპირველესად, სწორედ მესამეზე გასულს დააკისრებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისგან თავს იკავებს. თუ იგი კანდიდატურას წამოაყენებს და შემდეგ, არჩევნებში ალასანიას ვერ გადაუსწრებს, ხმების გაყოფაზე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევს.

ასეთ სიტუაციაში ბოლომდე დაწყნარებული ვერც ალასანია იქნება. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ უღიმღამო საარჩევნო კამპანიისა და მერყეობის გამო, მისი რეიტინგი ეცემა. გაჩეჩილაძეს შეუძლია გარისკოს, კანდიდატურა წამოაყენოს, დარჩენილ დროში საკმაოდ ინტენსიური და აგრესიული საარჩევნო კამპანია ჩაატაროს და ალასანიას გადაუსწროს. ასეთ შემთხვევაში მესამეზე ალიანსის ლიდერი გავა და ოპოზიციის დამარცხებაში დამნაშავე სწორედ ის გამოვა. თუმცა, ეს გაჩეჩილაძის მხრიდან დიდი რისკი იქნება. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, მას ბრძოლა არა გამარჯვებისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის მოუწევს.

"გაჩეჩილი" ოპოზიცია

ოპოზიციამ ხალხი სერიოზულად დაღალა. დაღალა გაუთავებელი იწილო-ბიწილოთი, რომელსაც მათ ენაზე "კონსულტაციები" ჰქვია. ეს "კონსულტაციები" ხან დაიწყება, ხან შეწყდება. მერე ისევ დაიწყება, მერე გაიწელება, გამოიწელება, სადღაც შეიტენება და საიდანღაც გამოიტენება... ვიდრე ესენი ამ გაწელვა-ამოწელვასა და შეტენა-გამოტენაში არიან, ხელისუფლება ერთი ხელით საარჩევნო კამპანიას ატარებს, მეორით ოპოზიციას დასცინის.

პროსამთავრობო არხები ყოველდღე უგულავას არ უთმობენ იმდენ დროს, რამდენსაც ოპოზიციას. რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიციაში გაურკვევლობა უფრო მეტად უწყობს ხელს ბატონი გიგის რეიტინგის ზრდას, ვიდრე მისი უბან-უბან სირბილი. ხალხი ამათ იწილო-ბიწილოს და შეუთანხმებლობას რომ ხედავს, ფიქრობს, ესენი ვინ ყოფილან, ერთმანეთში ვერ მორიგებულან, ხელისუფლებაში რომ მოვლენ, ხეირს დაგვაყრიანო? განა ეს არ იცის ოპოზიციამ, განა ამას ვერ ხვდება? ხვდება, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, რომ ამით დღითი დღე კარგავს ამომრჩეველს, მაგრამ რა ქნას, სხვანაირად არ შეუძლია.

ასეთია მისი ბუნება და აბა, ბუნების წინააღმდეგ ვინ წასულა! პოლიტიკოსთა ბუნებაი იწრო არს! დედაკაცებივით არიან, რაღა! ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ დაუსრულებლად, მაგრამ ამათ სიტყვას ჯერ ფასი ვერ დაედო. რაც მთავარია, ერთმანეთს, კაცის გამო წაკიდებული დედაკაცებივით, ვერ ეგუებიან და ვერ იტანენ. ალბათ, ფილმებში გინახავთ, რა ხდება ქალები ერთმანეთს კაცის გამო რომ წაეკიდებიან... ოპოზიციამ არჩევნები თუ წააგო, თმაში წვდომა და ერთმანეთის გაწეწვა მერე ნახეთ.

საერთოდ, ცალკე ფენომენია ლევან გაჩეჩილაძე. ვერა და ვერ მიიღო გადაწყვეტილება. მას შეუძლია ერთი სიტყვით დაასრულოს ეს იწილო-ბიწილო, მაგრამ არა, დროს მაქსიმალურად წელავს, ხელისუფლებაც ამ არეულობას მაქსიმალურად იყენებს და იმედგაცრუება ამომრჩეველში დღითი დღე იზრდება. ვიდრე გაჩეჩილაძე არ გადაწყვეტს, სად დგას და რას აპირებს, ივლის ოპოზიცია ასე "გაჩეჩილი".

მთელი ამ სიტუაციის შემყურეს, ჩემი ბავშვობის დროინდელი ერთი ანეკდოტი მახსენდება: ქაჩალი დგას სარკის წინ. სულ სამი ღერი თმა აქვს. ამ სამ ღერს ჯერ მარცხნივ გადაიწევს, არ მოეწონება, შემდეგ - მარჯვნივ, არც ასე მოეწონება. მერე - უკან, ამასაც დაიწუნებს, მერე - წინ. კიდევ უკმაყოფილოა. ბოლოს გაბრაზდება და იტყვის: ჯანდაბას, ვივლი ასე გაჩეჩილიო. ამ ქაჩლის მდგომარეობა ჩვენი ოპოზიციისაზე უკეთესიც კია. ჩვენს ოპოზიციაში, კარგად რომ დათვალო, ნორმალურ ლიდერს სამსაც ვერ იპოვი, მაგრამ მაინც "გაჩეჩილები" დადიან.

გზავნილი საბერძნეთიდან

მაინც აღდგომის დღეებია და ერთი კარგი ამბავიც მინდა მოგიყვეთ; ამბავი გულითად ადამიანზე. მოკლედ,  ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო. რედაქციაში მისულს ოფისმენეჯერმა ამბავი დამახვედრა, - ვიღაცამ საბერძნეთიდან დაგირეკა. თქვა, საჩუქარი უნდა გამოვუგზავნოო. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავიხსენე, რომ საბერძნეთში ახლობელი მყოლოდა. ერთ კვირაში ოფისმენეჯერმა ახალი ამბავი დამახვედრა, - იმ ქალმა დარეკა, საჩუქარი უკვე გამოუგზავნია, სპორტის სასახლესთან, სპეციალურ სააგენტოში უნდა მიხვიდეო. სახელი და გვარი არ უთქვამსო. სიმართლე გითხრათ, დავიბენი.

ათასი რამე ვიფიქრე. სამსახურში მეხუმრებოდნენ, ფრთხილად გახსენი, ბომბი არ იყოსო... მითითებულ სააგენტოში მართლაც გადმომცეს საგულდაგულოდ შეკრული ბანდეროლი. ცოლი მთელი დღე მეხვეწებოდა, სამსახურში არ გახსნა, ერთად ვნახოთ, რა არისო. საღამოს მართლაც ერთად გავხსენით. ამანათი ტკბილეულით იყო სავსე, ძვირად ღირებული და გემრიელი შოკოლადებით.

წერილიც იდო, რომელიც ასე იწყებოდა: "ჩემი ბიჭები "კვირის პალიტრის" კითხვას საიტზე თქვენი "ფიქრებით" იწყებენ..." დანარჩენს აღარ გავაგრძლებ, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ისეთი კარგი წარმოდგენისა სულაც არა ვარ, როგორიც ამ წერილში "დამხატეს". მოკლედ ვიტყვი, საბერძნეთში მცხოვრებ, ჩემთვის სრულიად უცნობ ქართველ ქალბატონს და მის შვილებს, ჩემი ნაწერი მოსწონთ... ამან უზომოდ გამახარა, მაგრამ გამაკვირვა სიმპათიის გამოხატვის ფორმამ.

ზოგი საკუთარ ნათესავს არ უგზავნის არაფერს, არათუ უცხო ადამიანს! ამ ყველაფერს შეწუხება ხომ სჭირდებოდა, ყიდვა, მისვლა, გამოგზავნა და ა.შ. წერილში მისამართი და ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. იმავე დღესვე მადლობის სათქმელად დავურეკე.

ასე გავიცანი ქალბატონი ბელა. დაახლოებით ნახევარი საათი ვილაპარაკეთ. ყველაფერი გამომკითხა. თუმცა, ამბავი ამით როდი დამთავრდა. ორი კვირის შემდეგ უკვე სახლში გაისმა ზარი საბერძნეთიდან. ქალბატონი ბელა რეკავდა.

სააღდგომო ამანათი გელოდება, ისევ სპორტის სასახლესთანო. იმ ამანათში რა იყო, აღარ გეტყვით. ეს ხომ არ არის ამ ამბავში მთავარი. მთავარი ამ ამბავში გულია; მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატვის საოცარი უნარია, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე, ნამდვილად, არასაკმარისი მაქვს. ქალბატონი ბელას ამ საქციელმა ცოტათი მეტად კეთილშობილი გამხადა. ეს ამბავი სააღდგომოდ მოხდა, თქვენც სწორედ ამიტომ მოგიყევით...