"ორი სკამისთვის არ ვიბრძვი"
29-08-2016
"ორი სკამისთვის არ ვიბრძვი"
განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად?!

"არავის ვპირდები - მილს გამოგიცვლით-მეთქი"


საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამჯერად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის - როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა მხოლოდ მან დაიმსახურა და მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" კანდიდატთან დაპირისპირება არ უწევს. რა გზავნილით მიდის წინასაარჩევნოდ ელექტორატთან და მიიღო თუ არა პრემიერისგან მომავალ მინისტრთა კაბინეტში ყოფნის გარანტია, "კვირის პალიტრის" კითხვებს მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი­ სალომე ზურაბიშვილი
პასუხობს:

- ქართულ პოლიტიკაში არ მახსენდ­ება პრეცედენტი, როდესაც მმართველმა გუნდმა დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დაუჭირა და წინასაარჩევნოდ კონკურენტი­ არ დაუპირისპირა. ეს გადაწყვეტილება ჩემ მიმართ ნდობას გამოხატავს, თუმცა ამ ნაბიჯში ყველაზე მნიშვნელოვანი ემიგ­რაციისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იყო - მომავალ პარლამენტში ჩემი სახით ქართული ემიგრაცია იქნება წარმოდგენი­ლი. დღეს ქართველი
მიგრანტების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეზღუდული­ აქვს, შესა­ბა­მისად, ემიგ­რაციის ლე­­გალური წარმომადგენელი ვერ ვიქნ­ები, თუმცა უმაღლეს სა­კ­ანო­ნმდებლო ორგა­ნ­ოში პრიორიტეტული­ მიმართულება ემიგ­რა­ნ­ტ­ებისთვის კანონმდებლ­ო­ბის გამოსწორება­ იქნება.

- და მთაწმინდელების­თვის კონკრეტული საარ­ჩევნო გზავნილი არა გაქვთ?­

- მთაწმინდელებს ვპირდები, რომ არავის გავლენის ქვეშ არ მოვექცევი. უამრავი კანონია გამოსასწორებელი და დასახვეწი, ასე რომ, შიდა მიმართულებითაც აქტიური ვიქნები. დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ისიც ზუსტად ვიცი, რომელ მხარეს ვდგა­ვარ.

- ითქვა, რომ დამოუკიდებელ მაჟორიტარად თქვენი წარდგენა მხოლოდ ფორმალური შეთანხმება გახლდათ, რეალურად კი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება კანდი­დატად დასახელებამდე დიდი ხნით ადრე დაასრულეთ.

- მმართველმა პარტიამ უბრალოდ აღიარა ქართულ პოლიტიკაში ჩემი მრავა­ლ­წლიანი საქმიანობა. მართალია, დღეს "ქარ­თულ ოცნებასაც" აქვს პრობლემები და მრავლად ნაკლიც, თუმცა ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს. სამწუხაროა, რომ "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დღემდე ამომწურავი პასუხები არ მოგვისმენია.

- "ნაცმოძრაობა" კი წინასაარჩევნოდ სწორედ იმაზე აპელირებს, რომ მათი პოლიტიკური მდივანი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, არაერთი საქმეა­ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული და ბევრსაც ამის გამო ქვეყნის დატოვებამ მოუწია...

- პოლიტიკური დევნილები ამ ქვეყანაში აღარ არიან! მართალია, პროკურატურამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება ჯერ კიდევ ვერ შეძლო, რისთვისაც შესაძლოა ობიექტური მიზეზებიც არსებობს­ - არ გამოვრიცხავ, მტკი­ცებულებათა უმრავლესობა "ნაციონალებმა" გაანადგურეს, თუმცა დღეს ციხეში პოლიტპატიმრები კი არა, კრიმინალები არიან. "ნაციონალური მოძრაობის" აქტი­ვ­ისტების გარდა, არ არსებობს ადამ­იანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი და უგულავა პოლიტ­ი­კური შეხედულების გამო ისჯებიან.

- საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილიც?

- დასავლეთში ნაკ­ლებად აინტერესებთ­ კონკრეტულ საქმეში დეტალურად ჩაძიება,­ უბრალოდ, შეშფოთ­ებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იმ ადამ­იანებს­ აღარ ხედავენ, რომლებთანაც რამდენიმეწლიანი საქმიანი­ ურთიერთობა აკავშირე­ბდათ, თანაც, არც იმ­დენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვართ საერთაშორისო ასპარეზზე,­ როგორა­დაც თავს მივიჩნევთ.

- არც იმ ფონზე,­ როდესაც თურქეთისა და რუსეთის პოზიციების მო­უ­ლოდნელი თანხვედრა რეგიონში მნიშვ­ნელოვან საფრთხეს ქმნის?

- რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე­ ცვლილებების გამო, საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, თუმცა­ ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურ მოთამაშედ განვიხილებით. ხელისუფლებამ საგარეო მიმართულ­ებით ბევრად აქტიურად უნდა იმუშაოს, თუმცა ამ მხრივ ვერც "ნაციონალური მოძრაობის"­ გადამეტებულ ხარჯებს­ გავამართლებ. საქართველოს ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად ოქროს შუალედია მოსაძებნი.

- სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ რეალურად მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილებით და არჩევნებში ჩართვის შეთავაზებაც პრემიერისგან ამ პირობით მიიღეთ?

- დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, ორი სკამისთვის არ ვიბრძვი. რეალურად, საგარეო კურსის პრობლემას დღეს ვერ ვხედავ, ახლა მთავარი ქვეყნის შიგნიდან განვითარებაა, პირველ რიგში კი, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი გვჭირდება. საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს.

- საზოგადოების ნდობის აღდგენა როგორ წარმოგიდგენიათ იმ ფონზე, როდესაც მმართველმა პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატებად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, ამასთან, თბილისში უმეტესად ისევ სპორტსმენები და ხელოვანები დაასახელა?

- სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ე.წ. პროფესიონალ პოლიტიკოსთა საქმე გახდა, საზოგადოება კი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, არაფერს წყვეტს. ვიღაცებმა პოლიტიკა და პარლამენტში ყოფნა კარიერადაც კი აქციეს, რასაც ყველა ხელისუფლების მორგებით ახერხებენ. იმედია, მომავალ პარლამენტში ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე, მინიმუმ, თანამშრომლობის პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო სახეებს, თუ სპორტსმენს აქვს ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს სპორტი, ამ შემთხვევაში მისი პარლამენტში ყოფნის პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა თუ სპორტსმენები ან მუსიკოსები საარჩევნო სიაში ვინმესთან მეგობრობის ან ვიღაცის კლანის წევრობის ნიშნით მოხვდნენ, ეს პირველ რიგში, ამ ადამიანების პოლიტიკოსად გახდომის ინიციატორს დაუმთავრდება ცუდად.

- გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, შეირჩნენ თუ არა კანდიდატები მეგობრობის ან კლანის წევრობის პრინციპით?

- არ ვიცნობ ამ ადამიანებს და ყველაფერზე მაშინ ვისაუბრებ, თუ პარლამენტში ერთად მუშაობა მოგვიწევს. დღეს "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე ადამიანი­ იმედს მაძლევს, რომ მომავალი პარლამე­ნტი ბევრად უკეთეს სამუშაო გარემოს შექმნის.

- რაც შეეხება თქვენს საარჩევნო აქტი­ვობას - ნიკა რურუასა და თამარ კორძაი­ასგან განსხვავებით, პასიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებთ, რატომ?

- არ მაინტერესებს, რა შეთავაზებით­ მიდიან ნიკა რურუა და თამარ კორძაია­ ამომრჩეველთან. რაც შეეხება კარდაკარ სიარულს, ეს წარსული გამოცდილებაა,­ რომელიც საზოგადოებაზე გავლენას აღარ ახდენს. ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიაში ახალი მიდგომების დამკვიდრების დროც დადგა. მთაწმინდელებს ვპირდები,­ რომ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამე­ნტში მაქსიმალურს გავაკეთებ, თუმცა არავის ვეუბნები - მილს გამოგიცვლით-მეთქი.

- წინასაარჩევნოდ არც ფინანსურ ფაქტორზე აკეთებთ გათვლას?

- ჩემი ფინანსური ფაქტორი ჩემი ძალაა, ამ მხრივ აბსოლუტურად იმ ადამიანებზე ვარ დამოკიდებული, ვინც წინასაარჩევნოდ მატერიალურად დამეხმარებიან - ბიზნესმენებს ვგულისხმობ. თუმცა აქვე ვაცხადებ, რომ წინასაარჩევნოდ ფინანსური დახმარება არ ნიშნავს, რომ პარლამენტში თავს მათთან ანგარიშვალდებულებად ვიგრძნობ. საერთოდ, ფულით არჩევნების ჩატარება ან პოლიტიკაში ფინანსური სარგებლის მისაღებად მოსვლა საქართველოში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროსაც მრავლად გამოჩნდნენ ფინანსური ინტერესებით მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებები.

- პაატა ბურჭულაძის ახალ გაერთიანებას გულისხმობთ?

- პაატა ბურჭულაძის პარტია სატელიტური პოლიტიკური ძალაა, ასე რომ, ვინ შეუერთდება თუ მისგან წავა, ნაკლებად საინტერესოა. "ნაციონალური მოძ­რაობა" თავის გადასარჩენად ყველა ხერხს­ მიმართავს. თუმცა ამომრჩეველი მსგავსი­ ფანდებით აღარ მოტყუვდება. თანაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობას იმდენად ბევრი წევრი ტოვებს, არ გამოვრიცხავ, გაერთიანება არჩევნებამდე მხოლოდ სამი კაცით მივიდეს.

რუსუდან შელია
jemajiloria
03 სექტემბერი 2016 08:38
პარლამენტისტვის სალომე ისეა საცირო როგორც ტევზისტვის წყალი
Ardevani
02 სექტემბერი 2016 12:03
ერთი სკამიც ზედმეტია, სინამდვილეში სკამებისთვის იბრძვი, რადგან დღეს უსაქმური ხარ.
888
02 სექტემბერი 2016 09:38
არ არის საჭირო ამდენი პენსიონერი ქართულ პოლიტიკაში.დაუთმეთ გზა ახალგაზრდებს.მითუმეტეს ამ ქალს ქონდა დიდი შანსი თავი გამოეჩინა,მაგრამ ჩაფლავდა.

რედაქტორის რჩევით