"ჰუმანიტარული გამოსავლის პოვნა მოვახერხეთ"
29-08-2016
"ჰუმანიტარული გამოსავლის პოვნა მოვახერხეთ"
"ხშირად გვესმის პროვოკაციული განცხადებები, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხათ, თუმცა..."

გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში რუსმა ოკუპანტებმა იმ მოსავლის აღება დაიწყეს, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ეს არის დაახლოებით 6 ჰექტარი მიწა, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა. რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება ე.წ. საზღვართან მცხოვრებთა დასაცავად, "კვირის პალიტრას" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესაუბრა:

- როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, რომ მათ ტერიტორიაზე­ მოსავალს სხვა იღებდა, მაშინვე
ადგილზე ვითარების გასაცნობად გავემგზავრე. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით ცხელი ხაზი ავამოქმედეთ და ხალხმა ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსავლის გამოტანა მოახერხა. უახლოეს დღეებში ერგნეთში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც სამეურნეო მიწებზე წვდომის საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ.

- ეს იქნება გარანტია, რომ მსგავსი პროვოკაციები მომავალში არ გაგრძელდება?

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე,
სადაც უზარმაზარი სამხედრო ბაზებია განთავსებული, გარანტიებზე ლაპარაკი რთულია, თუმცა, თუნდაც ზემო სობისში შექმნილი პრეცედენტი იმედს გვაძლევს, რომ პოლიტიზირების გარეშე ჰუმანიტარული გამოსავლის პოვნას მოვახერხებთ. სახელმწიფოსთვის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია პრიორიტეტულია, მეტიც, მათი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამი წლის წინ შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი კომისიაც, რომლის ფარგლებშიც სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია, სასმელი წყლის პრობლემა მეტწილად გადაიჭრა და ა.შ.

- თუმცა ბოლო პერიოდშიც ე.წ. მესაზღვრეებმა არაერთი ადამია­ნი გაიტაცეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე დღემდე ღიად რჩება, გალის მოსახლეობას ქართულად სწავლის შესაძლებლობა არა აქვს და ა.შ.

- ეს ყველაფერი 2008 წლიდან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფის თანმდევი გახდა. ამ მიმართულებით რეალური მუშაობა ოთხი წლის წინ დავიწყეთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სოფელ დიცში მავთულხლართი სკოლის უკან გადის - იქ ყოველდღიურად ბავშვები თამაშობენ, მშობლები კი მათ მშვიდობიანი მომავლის იმედით ზრდიან. ეს გმირობაა - მათ ზუსტად იციან, რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო. გალის მოსახლეობისთვის სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხზეც ვმუშაობთ - სამართლებრივ, დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ რესურსს მაქსიმალურად ვიყენებთ. პოლიტიკოსთა ნაწილისგან ხშირად გვესმის პროვოკაციული განცხადებები, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან, თუმცა ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა იმთავითვე ახალი ომის თავიდან აცილება იყო. მხოლოდ მშვიდობა მოგვცემს განვითარების საშუალებას, რაც საბოლოოდ ამ კონფლიქტების მოგვარებამდე მიგვიყვანს.

- ოთხი წლის მანძილზე რა მივიღეთ რუსეთთან თმენის პოლიტიკის გატარებით?

- არ ვფიქრობ, რომ თმენის პოლიტიკა გავატარეთ - ეს უფრო პრაგმატული პოლიტიკა გახლდათ... გახუთმაგებულია ოკუპირე­ბული ტერიტორიებიდან აფხაზი და ოსი პაციენტების მომართვიანობა. მათ იციან, რომ ქართული მხარე მათზე მზრუნველობას ვალდებულებად მიიჩნევს. სხვათა შორის, აფხაზეთში ბევრი აცნობიერებს, რომ რუსეთის პოლიტიკა მიზნად მათ რეალურ დამოუკიდებლობას არ ისახავს, მეტიც, აფხაზებს გაუჩნდათ განცდა, რომ სამხედრო ბაზების გაძლიერება შესაძლოა მათი იდენტობის გაქრობას ემუქრება.

- და ამ განცდის გასამძაფრებლად საქართველო მათ რა ალტერნატივას სთავაზობს?
- ყველა მხარემ ერთიან, ევროპულ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით