გასაყალბებელი არჩევნების წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა?!
დგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ ხელისუფლება გაიმარჯვებს. თბილისის მერი გიგი უგულავა იქნება, ოპოზიცია კი საბოლოოდ დაკარგავს ხალხის ნდობას, - საზოგადოებამ ასე გაიგო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც რეიტინგული მაჩვენებლების მიხედვით ასე გამოიყურება:

კითხვაზე, ვინ გადაწყვეტს ყველაზე უკეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, 34% მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს; 7% გიორგი თარგამაძეს ენდობა, 5-5% აქვთ ირაკლი ალასანიასა და შალვა ნათელაშვილს; ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის იმედად
კი მხოლოდ 3-3% რჩება; ყველაზე ცოტა, გამოკითხულთა მხოლოდ 2%, უცხადებს ნდობას ზურაბ ნოღაიდელს.

გამოკითხულთა 13%-ს მიაჩნია, რომ ამ პრობლემას ვერც ერთი დასახელებული კანდიდატი ვერ მოაგვარებს. კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა 29%-მა.
კითხვაზე,“ვინ მოაგვარებს ყველაზე უკეთ უმუშევრობის პრობლემას, კვლავ მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს 38%-ით. ოპოზიციურ კანდიდატებზე კი პროცენეტები
ასე გადანაწილდა: გიორგი თარგამაძე - 9%; შალვა ნათელაშვილი - 6%; ირაკლი ალასანია - 4%; ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი - 2-2%; ზურაბ ნოღაიდელი - 1%; არც ერთი - 12%. კითხვას პასუხი არ გასცა 24%-მა.

კითხვაზე,“ვის უფრო მეტად შეუძლია საქართველოს მსოფლიო კრიზისიდან გამოყვანა, გამოკითხულთა უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს ასახელებს, თუმცა გასული წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, პრეზიდენტის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. 2010 წლის მონაცემებით, 40% მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან მიხეილ სააკაშვილი უკეთ გამოიყვანს ქვეყანას, მაშინ როცა 2009 წელს მას 45% ენდობოდა.

საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს მონაცემები ასახავს არა რეალურ სიტუაციას, არამედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" სასურველ შედეგს. ხალხი მიიჩნევს, რომ კვლევები ხელისუფლების დაკვეთით ჩატარდა, რის გამოც რესპონდენტთა კატეგორიაც და კითხვარიც სასურველი შედეგის მისაღებად შეირჩა.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, თუ კვლევები ობიექტურად ჩატარდა, წარმოუდგენელია გამოკითხულები დადებითად აფასებდნენ იმ სფეროების ან პოლიტიკოსების მუშაობას, სადაც ჯერაც უამრავი პრობლემაა. წარმოუდგენელია ხალხის უმრავლესობა ენდობოდეს მას, ვისაც სინამდვილეში არ ენდობა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა განმარტა, ვიდრე კვლევის შედეგებს გავაანალიზებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: "უნდა გავაცნობიეროთ, რა ვითარებაა ქვეყანაში რესპონდენტთა გულწრფელობის თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი დამშეული და დაშინებული მოსახლეობაა, სოციოლოგიური კვლევის გამოქვეყნებულ შედეგებშიც შესაბამისი კორექტივები უნდა შევიტანოთ. უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის სოციოლოგიური გამოკითხვა. ხშირ შემთხვევაში ამას რესპონდენტი დაკითხვად აღიქვამს.

ყველამ ვიცით, რა დღე აყარეს იმ ადამიანებს, ვინც აზრი თავისუფლად გამოთქვეს, მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და ეს მედიის საშუალებითაც გამოხატეს. ამდენად, როდესაც საქართველოს მოქალაქე სოციოლოგის კითხვებს პასუხობს, მასში უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის ინსტინქტი იღვიძებს და ერთი სურვილი აქვს, პასუხების გაცემა ისე დაასრულოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას არც საკუთარ მომავალს და არც ოჯახის წევრებს. ამომრჩეველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გულწრფელი, თუ მისი ვინაობა ანონიმური იქნება და ამით თავს დაცულად იგრძნობს.

ერთადერთი, რასაც საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ტაბუ არ ადევს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ინსტიტუტის პატივისცემაა. ხალხის 90%-იანი ნდობა თავისთავად მეტყველებს, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის დამალვის აუცილებლობას რესპონდენტი ვერ ხედავს".

თუ პოპულარული მედიასაშუალებების კვლევისას გამოკითხვას ატარებ იქ, სადაც არც ერთი ოპოზიციური არხი არ აჩვენებს, ცხადია, რესპონდენტები ზუსტი ინფორმაციის მიღებაში ვერ დაგეხმარებიან. მაგალითად, რეგიონებში მცხოვრები ვერ შეაფასებს "მაესტროსა" და "კავკასიას", რადგან მათ არა აქვთ მათი მაუწყებლობის ნახვის საშუალება. 

გავრცელებული ინფორმაციით, რაც მოგვიანებით "აი-ერ-აის" წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა, კვლევა ჩაატარა სამარკეტინგო-საკონსულტაციო კომპანია IPM-მა  IRI-სა და USID-ის დაფინანსებით. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1800 მოქალაქე, აქედან 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალაქში.

"აი-ერ-აის" ქართველი წარმომადგენლების განცხადებით, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთების უფლება არა აქვთ, მაგრამ არაოფიციალურ საუბარში აღნიშნეს, რომ კვლევის მონაცემები, რომელიც უკვე გახმაურდა, არის არა უშუალოდ ინსტიტუტის, არამედ პოლიტიკური პარტიების გავრცელებული და შესაძლოა, ის განსხვავდებოდეს ინსტიტუტის საბოლოო შედეგისგან, რომელიც ორ კვირაში გამოქვეყნდება ორგანიზაციის საიტზე.

"ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს მივაწოდეთ მათი რეიტინგები, მერე, ალბათ, ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია და ასე შედგა კვლევის სრული სურათი. მათ რეიტინგების გახმაურების სრული უფლება აქვთ, ასევე შეუძლიათ დაამახინჯონ მონაცემები, მოიმატონ რეიტინგული პროცენტები, გაზარდონ სკალა, ოღონდ მხოლოდ ჟურნალისტებთან პირად საუბრებში და არა უშუალოდ ჩვენს საბოლოო დასკვნაში.

ეს გასაკვირია, მაგრამ არა შეუძლებელი.  ჩვენთვის ისიც გასაკვირია, რომ მათ მონაცემები გაახმაურეს შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციამდე", - ამბობენ არაოფიციალურ საუბრებში "აი-ერ-აის" წარმომადგენლები, რომლებიც ასევე არ პასუხობენ კითხვას, თუ რა პრინციპით შეირჩა რესპონდენტთა კატეგორია.

"აი-ერ-აიში" ამბობენ, რომ ასეთი დეტალები სოციოლოგების საქმეა, ტექნიკური სამუშაო სამარკეტინგო-საკონსულტაციო კომპანია იპმ-მა ჩაატარაო. იპმ-ის ხელმძღვანელი გოჩა ცქიტიშვილიც უარს ამბობს კომენტარზე და აცხადებს, რომ "აი-ერ-აიმ" თვითონვე უნდა გასცეს პასუხი მის მიერ დაკვეთილი სამუშაოს თაობაზე გაჩენილ კითხვებს.
შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, ვინ მონაწილეობდა გამოკითხვაში, ასევე უცნობია, ვინ და რატომ უკვეთს "აი-ერ-აის" ამ ხასიათის კვლევას. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათ არავინ არაფერს უკვეთს, ინსტიტუტი წელიწადში 3-4-ჯერ თავისი სურვილით აკეთებს ამ საქმეს.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში "აი-ერ-აის" ენთუზიაზმისა არ სჯერათ, რადგან ამბობენ, რომ ვაშინგტონში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ამერიკელი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, საქართველოში კი ამ ინსტიტუტის წარმომადგენლობას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა დიმიტრი შაშკინი.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ტიპის კვლევები საზოგადოებაში ისე განიხილება, როგორც გასაყალბებელი არჩევნების წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა.
არსებობს კითხვები, რომელთა მაჩვენებლებიც, სოციოლოგების აზრით, ეჭვს არ იწვევს, მაგალითად, ეკლესიის 90% ნდობის რეიტინგი.

კითხვაზე:“ქართული პრესა, რომელსაც რეგულარულად კითხულობთ, პასუხების მიხედვით ქართული გაზეთების ასეთი ტოპშვიდეული შედგა: "კვირის პალიტრა", "ასავალ-დასავალი", "ალია", "ქრონიკა", "რეზონანსი", "24 საათი", "ახალი თაობა".

"კვირის პალიტრა" დიდი უპირატესობით ლიდერობს სანდოობის მხრივაც, შემდეგ მოდის "ასავალ-დასავალი", "ალია", "რეზონანსი", "ქრონიკა", "ახალი თაობა", "24 საათი".

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, ინსტიტუციებიდან ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს; ეკლესიისადმი კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 90%-ია, 2% - ნაკლებად კეთილგანწყობილი, 8%-ს კი პასუხი არა აქვს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: - თუ სწორად მახსოვს, "კვირის პალიტრა" 1998 წლიდან პირველ ადგილს უცვლელად ინარჩუნებს, რაც კითხვებს ნამდვილად არ აჩენს, თუმც სიას თუ ჩამოვყვებით, იქ უთუოდ გაგვიჩნდება კითხვები. კვლევის დროს, თუ სასურველი პასუხის მიღება გსურს, შეგიძლია გამოიყენო მარტივი ტექნიკა:

რესპონდენტს ეტყვი, რომ ხარ ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი და მისი დაკვეთით ატარებ კვლევას. ამასთან, სასხვათაშორისოდ აუხსნი, რომ ეს ის რესპუბლიკელები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს. ეს თითქოს არაფრის მთქმელი ინფორმაციაა, მაგრამ რესპონდენტმა უკვე იცის, როგორ გიპასუხოს. ასე რომ, თუ ამ კვლევებში ზოგიერთი დასკვნა ეჭვს არ იწვევს, ესეც მარტივი ლოგიკით აიხსნება: როცა ტყუილს ამბობ, ათი დებულებიდან ცხრა მართალი უნდა იყოს, რომ მეათე გაიტანო.
rezo
11 აპრილი 2010 01:15
"საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს მონაცემები ასახავს არა რეალურ სიტუაციას, არამედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" სასურველ შედეგს. ხალხი მიიჩნევს, რომ კვლევები ხელისუფლების დაკვეთით ჩატარდა, რის გამოც რესპონდენტთა კატეგორიაც და კითხვარიც სასურველი შედეგის მისაღებად შეირჩა."


ამაზე ორი აზრი არ არსებობს.


"ყველამ ვიცით, რა დღე აყარეს იმ ადამიანებს, ვინც აზრი თავისუფლად გამოთქვეს, მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და ეს მედიის საშუალებითაც გამოხატეს. ამდენად, როდესაც საქართველოს მოქალაქე სოციოლოგის კითხვებს პასუხობს, მასში უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის ინსტინქტი იღვიძებს და ერთი სურვილი აქვს, პასუხების გაცემა ისე დაასრულოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას არც საკუთარ მომავალს და არც ოჯახის წევრებს"


მართალი სიტყვებია.


"ამომრჩეველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გულწრფელი, თუ მისი ვინაობა ანონიმური იქნება და ამით თავს დაცულად იგრძნობს."


რა თქმა უნდა.
ასეთი გამოკითხვა ადვილად წარმოაჩენს რეალურ სურათს, ეს კი მანქურთების ჩანაფიქრში არ ჯდება. ამიტომ ურჩევნიათ თავის მონათა ოჯახებში ღიად ჩაატარებინონ გამოკითხვა IრI-ს


"აი-ერ-აის" წარმომადგენლები ასევე არ პასუხობენ კითხვას, თუ რა პრინციპით შეირჩა რესპონდენტთა კატეგორია."

რატომ უპასუხებენ ამ საჩოთირო კითხვას?
არ უპასუხებენ, თორემ არ ვიცით, რა პრინციპითაც შეიჩა გამოკითხულთა კატეგორია...................



ucnobi
10 აპრილი 2010 03:44
პირადად მე არ მჯერა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ნამდვილობის, განსაკუთრებით პოლიტიკოსთა რეიტინგის ნაწილში. ამის დადასტურება თავად გამოკითხვის შედეგებშია: წარმოუდგენელია გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ოპოზიციურ პრესას უცხადებდეს ნდობას და თან ხელისუფლებას უჭერდეს მხარს, თუმცა თუ შედეგებს დაუჯერებთ ის ხელისუფლებისთვის საგანგაშო უნდა იყოს: მოსახლეობის 2/3 ხელისუფლებას არ ენდობა და ასეთ პირობებში როგორი "ტუტუცი" უნდა იყოს ოპოზიცია, რომ ვერ შეძლოს ამ 2/3-ის კონსოლიდაცია და არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება?!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები