"ვიღაცებს არჩევნებამდე ამ საკითხის დასრულება არ აწყობთ"
05-09-2016
"ვიღაცებს არჩევნებამდე ამ საკითხის დასრულება არ აწყობთ"
საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერისა და ე.წ. კაბელების საქმის სარჩელის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო - უწყებას ოფიციალური მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა, როგორც ითქვა, პლენუმის შეკრება ვერც ამ ჯერზე მოხერხდა. "კვირის პალიტრამ" სცადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან გაერკვია, რა ვადით გადაიდო ამ საქმეების განხილვა:

- ბატონო მერაბ, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელებისა და ამასთან, უგულავას საქმის განხილვა ისე გადაიდო, რომ ოფიციალური მიზეზიც კი
არ დასახელდა.

- არსებობდა ობიექტური მიზეზები. დიახ, უწყებას არ განუმარტავს ოფიციალური მოტივი და ეს საკითხი ამჟამად სასამართლოს საიდუმლოებას წარმოადგენს, ამიტომაც დეტალებზე ლაპარაკის უფლება არა მაქვს. ფაქტია, პლენუმი კიდევ ერთხელ ვერ შეიკრიბა, თუმცა გაუგებარია პოლიტიკოსებისა და ადვოკატების განცხადებები, რომ თითქოს საქმეების განხილვა მიზანმიმართულად ფერხდება.

- ეს ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ერთი მოსამართლე
პლენუმზე გამოცხადების ნაცვლად, შინაური ცხოველების გასეირნებით იყო დაკავებული.

- თუ მოსამართლემ პლენუმზე წარდგენას სხვა საქმეებით დაკავება ამჯობინა, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.

- მოსალოდნელია შემდეგი სხდომაც ჩაიშალოს?

- როდის დაინიშნება სხდომა, არ ვიცი. ეს მოსამართლეებთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს, კონსულტაციები კი ჯერ არ ყოფილა. მანამდე
ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს ვთხოვ, მოსამართლეების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. გაუგებარია, როდესაც მოსამართლეს შეურაცხყოფ და თან საქმის განხილვას დაჟინებით ითხოვ.

"თავისუფალი დემოკრატები" მერაბ ტურავას არგუმენტებს გაუგებრად მიიჩნევენ. ლევან სამუშიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო, სავარაუდოდ, სარჩელების განხილვას ორი თვით შეაფერხებს:
- არ გამოვრიცხავთ, რომ მოსამართლეები პოლიტიკური მოტივით მოქმედებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, არალოგიკურია, რატომ უნდა გადადებულიყო საქმე ორჯერ, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, პლენუმზე დასწრების ნაცვლად, სეირნობდა.

- როგორ ფიქრობთ, თუ პლენუმი შეიკრიბა, საკონსტიტუციო სასამართლო თქვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და არჩევნებამდე გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს გაათავისუფლებენ?

- გიგი უგულავას საქმეზე ვერაფერს ვიტყვი, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები კი დღესაც თავისუფალი უნდა იყვნენ. რაც შეეხება მოლოდინს, ეს საქმე იმდენად არაპროგნოზირებადი გახდა ამ ხელისუფლების ხელში, რომ კონკრეტულ მოლოდინზე საუბარიც კი მიჭირს. თავდაპირველად თქვეს, სანამ გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს პროკურატურა არ შეისწავლის, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება შევაჩეროთო, შემდეგ ნაცვლად იმისა, საქმისთვის მომზადებულიყვნენ, პოლიტიკურ ტოქშოუებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ნათელია, რომ მოსამართლეებს ამ საქმეების განხილვა არ სურთ. არადა, საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმაც მიმართა, რომელიც ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს. ბუნებრივია, ვიღაცებს არჩევნებამდე ამ საკითხის დასრულება არ აწყობთ.

რუსუდან შელია
luxo
16 სექტემბერი 2016 10:42
თუ არჩევნებამდე დაამთავრებდნენ, იტყოდნენ ასე აწყობდა მთავრობას და ზეწოლა იყო, აჩქარებდნენო.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები