"როგორ გგონიათ, ჩემთან მოულაპარაკებლად კანდიდატურას მომახსნევინებენ?!" - კვირის პალიტრა

"როგორ გგონიათ, ჩემთან მოულაპარაკებლად კანდიდატურას მომახსნევინებენ?!"

"ძირითადად ირაკლი ალასანიას დაპირებას მახსენებენ - რატომ არ გაგვიზარდეთ პენსია 230 ლარამდეო"

რეგიონული მედიის ცნობით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ თემურ ჭკუასელს გურიაში წინასაარჩევნო კამპანიისას მხოლოდ პარტიის აქტივისტები ხვდებიან. თურმე მოსახლეობის ნაწილი მასზე იმდენად განაწყენებულია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე კვერცხებიც კი დაუშინეს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" ჩოხატაურსა და ლანჩხუთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი თემურ ჭკუასელი საუბრობს:

- ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც მოსახლეობას ჩემს საარჩევნო პროგრამას ვაცნობდი, ვინმე მენაბდე გამოვიდა და გინება დაიწყო. მშვიდად ავუხსენი, "ქართულმა ოცნებამ" ამ ქვეყანაში დემოკრატია დაამკვიდრა და თუ არ მოგწონვარ, არჩევნებში ხმას ნუ მომცემ-მეთქი.

- ითქვა, რომ თქვენთან შეხვედრებზე მხოლოდ პარტიის აქტივისტები მოდიან, ერთ-ერთ შეხვედრაზე კი ამომრჩევლებმა კვერცხები დაგიშინეს...

- ეს სიცრუეა! როგორც უნდა ვეზიზღებოდე, გურული ქალი ხილისა და კვერცხის დაშენას არასოდეს იკადრებს. დიახ, იყო ერთ-ორი არაკეთილგანწყობილი პიროვნება, თუმცა ისინი სოფელმა დააშოშმინა. ძირითადად ადამიანებს ჩემი დანახვა უხარიათ - როგორც ჩანს, ჩემი იუმორიც მოსწონთ.

შეხვედრებზეც შეკრებილთა რაოდენობის სიმცირეს არ ვუჩივი, ჩემი თითოეული სიტყვა დამაჯერებლად ეჩვენებათ.

- ოთხი წლის მანძილზე რაიონში რომელი კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოახერხეთ?

- დღეს დაპირებებზე ნაკლებად ვსაუბრობ, თუმცა, ბუნებრივია, ხალხს დიდი მოთხოვნები აქვს. ოთხი წლის წინ შემომჩიოდნენ, - მშობიარობის ფული არ გვაქვს, ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა, ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავსო... დღეს, თავადაც მეთანხმებიან, რომ მოთხოვნები შეცვლილია. ახლა განაწყენებული არიან - სოციალური დახმარება რატომ მოგვიხსნესო. გპირდებით, კანონმდებლობის შეცვლაზე აუცილებლად ვიმუშავებ-მეთქი. ისე, ძირითადად ირაკლი ალასანიას დაპირებას მახსენებენ - რატომ არ გაგვიზარდეთ პენსია 230 ლარამდეო. ჩვენ მაგას არ დაგპირებივართ, ამის თაობაზე ირაკლი ალასანიას მიაკითხეთ-მეთქი, - ვპასუხობ...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" თქვენი კანდიდატურის შეცვლას გეგმავს.

- არ გადამრიოთ!.. რას ამბობთ, უზარმაზარი ბილბორდებია გამოკრული.

- ბილბორდები გოდერძი ბუკიასაც გამოკრული ჰქონდა, თუმცა ამას კანდიდატურის მოხსნა არ შეუფერხებია.

- ამაზე სერიოზული საუბარი პარტიაში არ ყოფილა. თანაც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ, როგორ გგონიათ, ჩემთან მოულაპარაკებლად კანდიდატურას მომახსნევინებენ?! პირადად მე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, სანამ ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდებოდა, პრემიერმა მკითხა, - რას აპირებთო. ვუპასუხე, - როგორც პარტია გადაწყვეტს, ისე ვიმოქმედებ-მეთქი. თუ გუნდი უფრო ძლიერ კანდიდატს იპოვიდა, ჩემ ნაცვლად საარჩევნო მარათონში სხვა ჩაერთვებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ დასახელებულთა შორის ყველაზე ძლიერი მაინც მე ვიყავი - დედაჩემი ლანჩხუთის რაიონიდანაა, მამა - ჩოხატაურელი, ამიტომ სიტუაციას მოვერგე. ვერც ერთი რაიონი ვერ იტყოდა, ჩვენიანი არ არისო. ამიტომ არა მგონია, გუნდი ახლა სხვა კანდიდატურას ეძებდეს.

რუსუდან შელია