"იმიტომ ვარ ციხეში, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი..." - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

"იმიტომ ვარ ციხეში, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი..." - ექსკლუზივი

ექსკლუზივი ციხიდან - საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის სკანდალური განცხადებები

საზღვაო ძალების დისკრედიტაცია და მისი გაუქმება დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა მოღალატე ჩინოვნიკებმა გააკეთეს კიდეც

მკითხველს უთუოდ ახსოვს "კვირის პალიტრაში" საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ყოფილი მოადგილის, ვიქტორ ჭელიძის სკანდალური განცხადებები. ის მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკებს დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელდა, თუმცა გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა. ვიქტორ ჭელიძე ძებნილია 2007 წლიდან, 2015 წელს კი ბელგიამ ის საქართველოს გადმოსცა და ახლა #12 პენიტენციარულ დაწესებულებაში იხდის სასჯელს (ჭელიძე განაჩენს, 20-წლიან პატიმრობას, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.) გასულ კვირას ის ციხიდან დაგვიკავშირდა.

ვიქტორ ჭელიძე: - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა მეც მინდოდა, მსურდა, მეპოვა ადამიანი ხელისუფლებაში, ვისაც მივაწვდიდი ინფორმაციას, თუ რისთვის ჩამომიცილეს გზიდან. ცხადია, არც ერთ ახალ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთბაშად ყველა სფეროს რადიკალურად შეცვლა. ალბათ, ამიტომაც დამნაშავეთა ნაწილი დღემდე ისევ თანამდებობებზეა. აქედან გამომდინარე, დრო მეც მჭირდებოდა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, თუმცა არ დამცალდა... 2015 წლის 30 იანვარს ჩემი ექსტრადირება უკანონოდ განხორციელდა, არადა, იმავე დღეს (2015 წლის 30 იანვარს) ბელგიის სასამართლომ ჩემი ექსტრადიციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ბელგიის სამართალდამცავებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ ჩემი ექსტრადიცია არ მომხდარიყო. საქართველოდან ექსტრადირების ჯგუფსაც არავითარი დოკუმენტი არ ჰქონდა ხელთ, რაც ექსტრადირებისთვის სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა. შეიძლება ითქვას, მომიპარეს და წამომიყვანეს...

მას მერე წელიწადი და 8 თვე გავიდა და არავინ გამომხმაურებია. მხოლოდ ლანჩხუთის პოლიციის გამომძიებელი მოვიდა და საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის, ზურაბ ირემაძის სიძის ავტოავარიაში დაღუპვის დეტალები მკითხა. დავუდასტურე, რომ ავტომობილი, რომელშიც ირემაძის სიძე იჯდა, ჩემი იყო.

- ორიოდე წლის წინ თავად ზურაბ ირემაძის ცხედრის ექსჰუმაციაც გაკეთდა. ხომ არ იცით ექსპერტიზის შედეგები?

- არა. თუმცა ერთ-ერთმა პირველმა მე გამოვთქვი ეჭვი, რომ ზურაბ ირემაძე მოკლეს. საპატიმროში მითხრეს, თურმე გოგა ხაინდრავას ფილმში "ჰეროკრატია" ზურაბ ირემაძეს მისი მოადგილე წამლავს. მისი მოადგილის მოვალეობას მე ვასრულებდი და გაჩნდა ეჭვი, რომ სცენარისტმა ჩემი პროტოტიპი შექმნა. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ამ ფილმით ჩემი დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

- ბედუკაძე ამბობს, რომ სცენარისტები კონსულტაციებს მისგან იღებდნენ...

- შესაძლოა, ეჭვი ინაშვილის პოლიტიკური გუნდის შესახებაც გამიჩნდეს, რადგან ცხადად ვხედავ, რომ მათ სიცრუეში ბადალი არა ჰყავთ! ჩემთვის მთავარი ის არის, გაირკვეს, რა პროცესები მიმდინარეობდა საზღვაო ძალებში, რისთვის ჩამოგვიცილეს გზიდან ზურაბ ირემაძე და მე...

საზღვაო ძალების დისკრედიტაცია და მისი გაუქმება დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა მოღალატე ჩინოვნიკებმა გააკეთეს კიდეც. მაგალითად, ჩემს საქმეში დევს გიგა ბუკიას წერილი, რომელიც ადრე "ნაციონალებთან" იყო, შემდეგ კი კონსერვატორებთან გადავიდა. "ნაციონალებთან" ყოფნისას ბუკია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრიც იყო. სწორედ იმ პერიოდში მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს მისწერა წერილი, სადაც წერდა, რომ მიზანმიმართულად ინგრეოდა შენობები, ვითვისებდით თანხებს და ა.შ. და ამის დასადასტურებლად აქტი #41 მოჰყავდა, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. სარდალმა მაშინვე დამავალა, გამომეკვლია, როგორ ჩაუვარდა ხელთ აქტი ბუკიას, და მე გენინსპექციას მივმართე. დაჰკითხეს ყველა, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, და ერთ-ერთმა, როგორც აღმოჩნდა, ბუკიას ძმაკაცმა, აღიარა, რომ მან გადასცა აქტი. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია შემოვიდა საზღვაო ძალებში ამ საქმის გამოსაძიებლად, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა და შეადგინა აქტი, რომ საზღვაო ძალებში მსგავსი არაფერი ხდებოდა. ამ აქტით მივედი ოქრუაშვილთან და პირდაპირ ვკითხე, ვინ არის დაინტერესებული, რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს საზღვაო ძალებზე-მეთქი. ვერ გეტყვიო, მიპასუხა. "თუ ასეა, მაშინ აქ ჩემს მუშაობას აზრი აღარ აქვს", - ვუპასუხე და გადადგომის შესახებ პატაკი დავწერე, რაზეც მან ხელი მოაწერა.

ოქრუაშვილია თავიდათავი საქართველოში მომხდარი დანაშაულებისა! ბუნებით მოღალატე, ქამელეონი ადამიანია, რუსეთის კადრი! გორის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება რატომაც აინტერესებს, კარგად ვხვდები. გორი გიუმრის ბაზასთანაა კავშირში და ამ 70-კილომეტრიანი გზის გაკონტროლება რუსეთს სჭირდება. თუ სირიაში ჯარების შეყვანა მოინდომა, ამ ტერიტორიის გამოყენებას დააპირებს, ოქრუაშვილი კი მის დავალებებს ყოველთვის შეასრულებს.

- ე. ი. გინდათ თქვათ, რომ თქვენს წინააღმდეგ საქმე ოქრუაშვილის დავალებით შეითითხნა.

- ასე იყო. ზურა მოკლეს, შემდეგ ჩემი დისკრედიტაცია და დევნა დაიწყეს. საქმე პროკურორმა ზურაბ ლორიამ შეთითხნა, ის პროკურატურაში ახლაც მუშაობს. საქმეში ერთი-ერთზე არის გამეორებული ის ცილისწამებები, რასაც თავის დროზე ბუკია წერდა ოქრუაშვილს. ერთ-ერთი ბრალდება, რომ თითქოს მე დავანგრიე საზღვაო ძალების რომელიღაც ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა, სრულიად აბსურდულია. ის შენობა ისევ თავის ადგილას დგას!

მე იმ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მედავებიან, რომელზეც სინამდვილეში არასოდეს ვყოფილვარ. ბრალში პირდაპირ წერია, რომ 2000-დან 2005 წლამდე ვიყავი საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში, იმავდროულად (2002 წლის იანვრიდან დეკემბრამდე) თურმე სამხედრო ნაწილის (51- 444-ის) უფროსის მოვალეობას ვასრულებდი. არადა, არასდროს მიმუშავია სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის დარგში, ასეთი თანამდებობა არც არსებობდა. მით უმეტეს, არასდროს ვყოფილვარ ზემოთ ხსენებული სამხედრო ნაწილის მეთაური.

- მაგრამ თქვენ გემის ერთი ფრთის გაყიდვის, ჯართად ჩაბარების გამო და თანამშრომელთა სამივლინებო თანხების მითვისებისთვის გედავებიან...

- ასეთი მცირე თანხის აღების სანაცვლოდ რაღა გემის ფრთას ვებდღვნებოდი? რაც შეეხება თანამშრომელთა სამივლინებო თანხების მითვისებას, ამას ფინანსისტი ჯინჭველეიშვილი აკეთებდა, სწორედ მან მისცა ჩვენება, ჭელიძემ ძალით გამომაყოფინა სამივლინებო ფული სამ თანამშრომელზე, მათ ნაცვლად ხელი უწყისზე მომაწერინა, აიღო თანხა და წავიდაო. მისი ჩვენების მიხედვით, ეს ყველაფერი 2000 წლის 5 მაისს მოხდა. თუმცა დოკუმენტებით დასტურდება, რომ ეს თანხა 5-დან 13 მაისამდე საბანკო ანგარიშზე ხელუხლებლად იდო. 10-ში მე მართლაც წავედი მივლინებაში, სარდალიც რუმინეთში გაემგზავრა. შესაბამისად, უსინდისოდ ტყუის ჯინჭველეიშვილი. გარდა ამისა, მას 2004-დან 2006 წლის ჩათვლით 50 000 ლარი ზუსტად ანალოგიურად აქვს გამოტანილი და მითვისებული. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ (იაგო დავითაძემ), ვის სახელზეც სამივლინებო თანხაა გამოწერილი, დაადასტურა, რომ ის თანხა ჯინჭველეიშვილმა აიღო და ხელიც მან მოაწერა უწყისზე.

- ბატონო ვიქტორ, ისიც ფაქტია, რომ საზღვაო ძალების კუთვნილი შენობები ინგრეოდა, კარგი გემები ჯართად საღდებოდა...

- იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვიყავით? ვინც ამ შენობა-ნაგებობების განადგურებასა და გემების ჯართად გაყიდვას უწყობდა ხელს, ის ხალხი დღესაც თანამდებობებზეა... ერთ-ერთი გახლავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საზღვაო დეპარტამენტის უფროსი კობა ღურწკაია. ის ორჯერ კონტრაბანდაზეა ნასამართლები, აფხაზეთიდან გადმოიტანა ნარკოტიკები... მე იმიტომ ვარ ციხეში, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი და მავანთა დანაშაულების მხილება და დამტკიცებაც შემიძლია.

- ამბობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ საქმე ოქრუაშვილის დავალებით შეითითხნა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ოქრუაშვილი სააკაშვილის ოპოზიციაში აღმოჩნდა, შემდეგ ხელისუფლებაც შეიცვალა. ამ ხნის მანძილზე რატომ ვერ მოხერხდა თქვენი უდანაშაულობის დამტკიცება?

- სასამართლო ვერც იმას აღიარებს, რომ უდანაშაულო ვარ და ვერც ბრალდების არგუმენტებს მიიჩნევს საფუძვლიანად... ჩემი გარეთ გამოსვლა პროკურორ ზურაბ ლორიას ციხეში წასვლას უდრის.

- ზურაბ ლორიას ამხელა გავლენა აქვს?

- ხელისუფლება ვის უფრო დაუჯერებს? ის პროკურორია, მე კი ერთი დისკრედიტებული ადამიანი, თანაც პატიმარი... ამასთან, ჩემი 5000-ფურცლიანი საქმის წაკითხვა ყველას ეზარება.

- ირმა ინაშვილზე ამბობთ, რომ ცრუობს, რა იგულისხმეთ?

- ახლახან მან ტელეეთერით განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიაში შევიტანე სარჩელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, რაც ციხის კადრებმაც ცხადყოო. ეს მტკნარი სიცრუეა! რა სარჩელსაც ის გულისხმობს, მისი ორიგინალი მე მაქვს. სარჩელი არის იქს-პერსონის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ბედუკაძეს თეორიულად თავს დაესხას. ამ სარჩელის დაწერა მოჰყვა სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბედუკაძეს ციხის სკანდალური ვიდეოფირის შექმნისთვის 2 მილიონი გადაუხადეს. სარჩელში ნათქვამია, რომ ბედუკაძეს სააკაშვილის საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. ეს იყო და ეს, ცალკე სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებებისა და მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი სისტემური დანაშაულებისთვის სარჩელი არავის არსად შეუტანია... ზემოთ ხსენებული სარჩელი ჩემთან იმიტომ აღმოჩნდა, რომ ბელგიაში ერთხანს ბედუკაძე ჩემთან ცხოვრობდა. გარწმუნებთ, რომ მოსთხოვოთ ინაშვილს, წარმოადგინეთ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწერილი სარჩელი (თუნდაც ასლი), რომელზეც ახლა აპელირებთ-თქო, ვერაფერს წარმოადგენს.

- ინაშვილმა თავის დროზე თქვა, რომ ის უზრუნველყოფდა ბედუკაძის უსაფრთხოებას, მისთვის ადვოკატის აყვანას და ა.შ.

- თავიდან მართლაც ასე იყო, ბედუკაძეს ადვოკატი აუყვანეს, შემდეგ კი იმ ფულის დაზოგვა დაიწყეს, რაც ბედუკაძისთვის უნდა მიეცათ. მას სახლიც კი არ დაუქირავეს და ერთ-ერთ თავიანთ თანამოაზრესთან შეასახლეს, შემდეგ კი, ფაქტობრივად, ტყვედ აქციეს. ამის გამო გამოექცა მათ ბედუკაძე და დახმარებისთვის მე მომმართა. ეს არის ხალხი, რომელთა შესახებ დიდი ინფორმაცია მაქვს, რაც, შესაძლოა, მათთვის არასასურველი იყოს.

ეკა ასათიანი