"დადგება დრო, როდესაც ყველა დეტალს გავასაჯაროებ" - კვირის პალიტრა

"დადგება დრო, როდესაც ყველა დეტალს გავასაჯაროებ"

"ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვიჩნდა განსხვავებული შეხედულებები, რაც არა მხოლოდ პარტიას, სრულიად ქვეყანას აზიანებს"

თბილისის საკრებულოში ბურჯანაძის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" დაიშალა. ნინო ბურჯანაძის პარტია გენერალურმა მდივანმა ზაზა ვეკუამ, აღმასრულებელმა მდივანმა თამარ ცინცაბაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა ოგბაიძემ დატოვეს. რა გახდა პარტიიდან წასვლის მთავარი მიზეზი და აქვთ თუ არა მოლაპარაკება სხვა პოლიტიკურ ძალასთან, "კვირის პალიტრას" საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა ესაუბრა:

- ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია წინასაარჩევნო რეჟიმში არიან, ამიტომ ამ პოლიტიკური ძალის პრობლემებზე ღიად ვერ ვისაუბრებ. თუმცა აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველა დეტალს გავასაჯაროებ. ბუნებრივია, პარტიის სამი ხელმძღვანელის ერთდროულად წამოსვლას სერიოზული მიზეზი ჰქონდა.

- როდის გადაწყვიტეთ პარტიის დატოვება და უკავშირდება თუ არა თქვენი წამოსვლა საარჩევნო სიას, როგორც ამას თქვენი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ?

- პარტიიდან წამოსვლა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადავწყვიტეთ. არ გვინდოდა, ეს მედიაში გავრცელებულიყო, თუმცა როდესაც რამდენიმე სხდომაზე არ გამოვჩნდით, კითხვები ბუნებრივად გაჩნდა. მიჭირს იმ ადამიანების ადეკვატურად შეფასება, ვინც მიზეზად საარჩევნო სიას ასახელებს. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვიჩნდა განსხვავებული შეხედულებები, რაც არა მხოლოდ პარტიას, სრულიად ქვეყანას აზიანებს.

- რას გულისხმობთ - პრორუსული არ იყო და ახლა გახდა, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე მიანიშნებთ?

- პარტია ქვეყნისთვის არასწორ მიმართულებას დაადგა. ამაში ჩემი კოლეგებიც დამეთანხმნენ და პარტიიდან წამოვედით.

- უკვე მართავთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებას?

- ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გვაქვს. არც საარჩევნო კამპანიაში ჩავერთვებით. ახალ ფრაქციას ვქმნით და საკრებულოში დედაქალაქის პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობას განვაგრძობთ.

თამარ ცინცაბაძე, თბილისის საკრებულოს წევრი: - დღეს სამზარეულოს განხილვის დრო ნამდვილად არ არის. "ქართულ ოცნებასთან" ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებები არ გვაქვს, სამივე საკრებულოს დეპუტატებად ვრჩებით.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი გიგლა ბარამიძე კი სამი ლიდერის წასვლას საარჩევნო სიაზე შეუთანხმებლობას უკავშირებს: - ოგბაიძე, ცინცაბაძე და ვეკუა სიის ხუთეულში მოხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ვუხსნიდით, რომ საკრებულოშიც პარტიის სიით მოხვდნენ - ელემენტარული ადამიანური და პოლიტიკური მორალი ხომ უნდა არსებობდეს?!

კარგია, რომ მათ საკრებულოში პარტიის ფრაქციაც დატოვეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათ "უბლოკო სტატუსზე" პარტიის ინიციატივა არ მოეწონათ.

- პირიქით, ერთ-ერთი მათგანი "უბლოკო სტატუსის" იდეის ავტორია. მერწმუნეთ, პარტიის საგარეო კურსი პარტიიდან წასვლის მიზეზი არ გამხდარა. სამი თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, სადაც ეს ინიციატივა გავაჟღერეთ, სამივე ჩვენ გვერდით იდგა. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში, მსგავსი უთანხმოება ყველა პარტიაში ხდება.

რუსუდან შელია