"რა ძალადობრივ სცენარზე საუბრობს ჩუგოშვილი?!" - კვირის პალიტრა

"რა ძალადობრივ სცენარზე საუბრობს ჩუგოშვილი?!"

მიხეილ მაჭავარიანი: "თავად ამზადებენ საარჩევნოდ პროვოკაციებს და სურთ, ხელი ჩვენკენ გამოიშვირონ"

თამარ ჩუგოშვილი:"თუ სააკაშვილის ჩამოსვლა მართლაც იგეგმება, სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ"

საარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ შესაძლო რევოლუციურ სცენარზე საუბარი მმართველ პარტიაში ისევ აქტუალურია - ყოფილი პრემიერის გარდა, ამ თემაზე "ქართული ოცნების" ახალი სახეებიც საუბრობენ. სახელდობრ, რა ინფორმაცია აქვთ პარტიაში და რა გეგმის განსახორციელებლად ემზადება ოპოზიციური პარტია, "კვირის პალიტრას" "ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი ესაუბრა:

- ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება.

- რას გულისხმობდით, როდესაც რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ გეგმებზე მიანიშნეთ?

- გვაქვს ინფორმაცია ჩვენი აქტივისტებისა და საარჩევნო შტაბებისგან - არსებული მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება ყველა პარტიას ხელს არ აძლევს.

ჩემი განცხადება პრევენციული იყო და მისი ადრესატი გახლდათ ყველა საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის, ჩვენი აქტივისტებიც, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებენ.

მმართველი პარტია აცნობიერებს, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა. ამასთან, საჭიროა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად.

- მაინც არ აკონკრეტებთ, რატომ გახდა ამ პრევენციული განცხადების გახმაურება აუცილებელი - თუ საფრთხეებზე საუბარი საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ გარკვეული პოლიტიკური შიშის დანერგვას ემსახურება, მით უმეტეს, რომ მსგავსი "რევოლუცია" ჯერ კიდევ ჭიკაიძის მინისტრობის პერიოდიდან ანონსდება?

- ჩემი განცხადება შიშის დანერგვას კი არა, პრევენციას ემსახურება.

- და რის პრევენციას ცდილობთ? საარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ელით, როგორც მან ეს არაერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა?

- თუ სააკაშვილის ჩამოსვლა მართლაც იგეგმება, სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

- ეს არ დაგაყენებთ დილემის წინაშე, დააკავოთ თუ არა ოდესის გუბერნატორი საქართველოში?

- სახელმწიფო ინსტიტუტები დილემის წინაშე არ აღმოჩნდებიან... სხვადასხვა საარჩევნო ოლქში პროვოკაციები უკვე ვიხილეთ.

- კორცხელის ინციდენტს გულისხმობთ?

- ჩემი განცხადების მიზანი სწორედ კორცხელის ტიპის ინციდენტების პრევენციაა. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს პოლიტიკური აქტიურობისთვის თავისუფალი სივრცე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ კანონის ჩარჩოებში.

- თქვენი შეფასებით, დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს რესურსი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოგიწყოთ?

- რევოლუციის მოწყობის რესურსი არავის აქვს, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთ ვითარებაში კი რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკი გაუგებარია. იმედია, ყველა პოლიტიკური პარტია იხელმძღვანელებს მხოლოდ სახელმწიფოებრივი და არა ვიწროპარტიული ინტერესებით.

"თუ რევოლუციას ჩვენ ვამზადებთ"...

მოქმედებს თუ არა პარტიული ინტერესებით "ნაციონალური მოძრაობა", ამის გარკვევა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, მიხეილ მაჭავარიანთან ვცადეთ:

- ჩუგოშვილისგან მსგავსი განცხადების მოსმენა განსაკუთრებით მაოცებს. თითქოს "ქართული ოცნების" პროგრესული სახე უნდა ყოფილიყო, თუმცა, როდესაც ამ პარტიაში ხარ, ჩუგოშვილიც მაშინვე ბესელიას ტიპის პოლიტიკოსად გარდაიქმნება.

მენიშნა მისი განცხადება - მაქვს ინფორმაცია, რომ თავად ამზადებენ საარჩევნოდ პროვოკაციებს და სურთ, ხელი ჩვენკენ გამოიშვირონ. არადა, შეგახსენებთ, მინისტრი ჭიკაიძე საზოგადოებას ე.წ. საბურავების რევოლუციით აშინებდა, დაახლოებით ცხრა თვის წინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა დასასრული ამ დრომდე არ გვინახავს.

ვფიქრობ, მსგავს განცხადებებს მიზანმიმართულად თავად ავრცელებენ, რომ საზოგადოებაში აზრი წინასწარ ჩამოაყალიბონ. ისიც ნიშანდობლივია, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილს რეგიონებში პოლიციელების კორდონი ხვდება, სანდრა რულოვსს, რომელსაც, როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, სახელმწიფო იცავს, ზუგდიდში არავინ ახლდა. როგორც ჩანს,"ქართული ოცნების" სცენარს ჩუგოშვილიც იცნობს. "ქართულ ოცნებას" სხვა გამოსავალი არა აქვს, საზოგადოებას პროგრამაც კი აბსურდული წარუდგინა, რომლის ტექსტი რომ წაიკითხოთ, თავი კომპარტიის ყრილობაზე გეგონებათ.

- რატომ უნდა აწყობდეს დღეს მმართველ პარტიას საარჩევნოდ მსგავსი პროვოკაციები, თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდა, პირველ რიგში ხომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?

- თუ რევოლუციას ჩვენ ვამზადებთ, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ოპოზიციაში კი არა, ხელისუფლებაში არიან და საზოგადოებას დასაბუთებულად უნდა ესაუბრონ.

- თქვენი პარტიის ერთ-ერთ სამოქმედო გეგმად განიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნოდ დაბრუნება?

- არაერთხელ გვითხრეს, ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებს წერილებს უგზავნის, სააკაშვილს თქვენს ტერიტორიაზე ნუ გამოატარებთო. 2012 წელს "ქართული ოცნება" კოშმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მეოთხე წლისთავზე ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შეეშინდებოდა.

- რატომ ვერ მოხვდნენ პროპორციულ სიაში გოკა გაბაშვილი, აკაკი მინაშვილი, გიორგი თარგამაძე, მარიამ საჯაია, ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვა სპიკერები?

- სიის ფორმირება მაისში დავიწყეთ. სწორედ მაშინ შევთანხმდით, რომ რამდენიმე ლიდერი სიაში არ იქნებოდა და საარჩევნო პროცესში დაეხმარებოდა პარტიას. მეც სიაში 32-ე ვარ - ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება გახლდათ. ახალ თაობას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, პარლამენტში საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოს. პარტიაში პრობლემები არ არის, მით უმეტეს, გუნდიდან ვინმეს წასვლაზე ლაპარაკი აბსურდია.

რუსუდან შელია