რას ედავება პროკურატურა ნინო წილოსანის ოჯახს
12-09-2016
რას ედავება პროკურატურა ნინო წილოსანის ოჯახს
"ჩემს მაჟორიტარობასა და კომპანიის საქმეს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს"

"ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ნინო წილოსანით ისე ჩაანაცვლა, ამის შესახებ ინფორმაცია ჭკუასელს რამდენიმე დღით ადრე თავადაც არ ჰქონდა. "წარმატებული მენეჯერი" - ასე წარუდგინა გურულებს ნინო წილოსანი ვიცე-პრემიერმა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მმართველი პარტიის კანდიდატის ოჯახს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებიან. კერძოდ, საქმეში ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი ფიგურირებს: 2013 წლის 13 მაისს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო
გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს "ვაგონმშენებლის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია, მასთან ერთად, "სატვირთო გადაზიდვების" დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები - მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე განსაკუთრებით
დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის, ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან 5 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებშიც "საქართველოს რკინიგზამ" 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა - 39 ათასი დოლარი მიუთითა, რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარს აღწევდა. საქმეში მითითებულია, რომ ჯამში, დაკავებულებმა შპს "საქართველოს რკინიგზას" 65 მილიონი ლარის ზარალი მიაყენეს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა სასამართლომ მაშინ ვაგონშემკეთებელი ქარხნის მაღალჩინოსნები გირაოთი გაათავისუფლა, ირაკლი ეზუგბაიას კი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დეტალებზე "კვირის პალიტრას" "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი ესაუბრა:

- ჩემს კომპანიას სახელმწიფოს დავალიანება არა აქვს, დანარჩენი კი უახლოეს მომავალში გაირკვევა. თამამად შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში იმდენად მაღალია დემოკრატიის ხარისხი, რომ კომპანიის მიმდინარე დავას ბიზნესმენთან თუ მის მფლობელთან კავშირი არა აქვს. ეს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დიდი მიღწევაა, რის გამოც მათთან ვარ.

- თუ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პროკურატურის ბრალდება დააკმაყოფილა, როგორ წარმოგიდგენიათ ბრალდებულის სტატუსით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებლობაზე მუშაობა?

- მე მხოლოდ საბჭოს წევრი ვარ და აღმასრულებელ მენეჯმენტში არ ვმონაწილეობ. არც მამაჩემი მონაწილეობს კომპანიის მართვაში, ის მხოლოდ დამფუძნებელია. ხაზგასმით ვამბობ, ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ, მამამ ეს ქარხანა არა მხოლოდ შეინარჩუნა, გააფართოვა კიდეც - მეამაყება ისიც, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და მემკვიდრე ვარ.

- პროკურატურა იტყუება, როდესაც სახელმწიფოსთვის მილიონობით ლარის მითვისებაში გედავებათ?

- როგორ გგონიათ, საზღვარგარეთ ისე არ ხდება, რომ კომპანიის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ კონკრეტული ბიზნესმენი მართლდება?

- თუ პარლამენტის წევრი გახდით, რა გარანტია გვაქვს, რომ სტატუსს არ გამოიყენებთ და პროკურატურაზე გავლენის მოხდენას არ შეეცდებით?

- დღეს პროკურატურაზე გავლენას ვერავინ ახდენს! ჩემს მაჟორიტარობასა და კომპანიის საქმეს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს.

- თუ საბჭოს წევრი და კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ხართ, გაქვთ ინფორმაცია, რომ როგორც დეპუტატს, ბიზნესის წარმოების უფლება არა გაქვთ?

- როგორც კი პარლამენტში შევალ, კომპანიას დავტოვებ.

- ისიც საინტერესოა, რატომ შეიცვალა თემურ ჭკუასელის კანდიდატურა მოულოდნელად თქვენით?

- დიდი ხანია "ქართულ ოცნებასთან" ვთანამშრომლობ, მქონდა კონსულტაციები, რომ გუნდის წევრი ვყოფილიყავი, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სიაში ვიქნებოდი თუ რომელიმე ოლქის მაჟორიტარი.
ვფიქრობ, გურიის სიყვარულში კონკურენტი არა მყავს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით