"ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება" - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება"

ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აქვეყნებს სკანდალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა, თუმცა დოკუმენტის ავთენტურობა თავად ხალვაშმა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ის გაყალბებულია. რა შეთანხმება დაიდო წლების წინ ერთ დროს ახლო მეგობრებს შორის "რუსთავი 2"-ის თაობაზე, "კვირის პალიტრა" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ესაუბრა:

- ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად გაყალბებულია. ჯერჯერობით ვერ დავადგინე, გაყალბების რა ხერხი გამოიყენა, თუმცა ეს პროცესების განვითარებასთან ერთად დადგინდება.

- თუ დოკუმენტი გაყალბებულია, რა მიზანს ისახავს "რუსთავი 2"-ისთვის ირაკლი ოქრუაშვილის მოსალოდნელი ბრძოლა?

- ოქრუაშვილზე საუბარს ვერიდები - ქართველებისთვის ყოფილი მეგობრების კონფლიქტის მოსმენა ყოველთვის მძიმეა, თუმცა, სამწუხაროა, რომ მაინც ვერ ავცდი. ოქრუაშვილისა და მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება. კარგად გვახსოვს მის მიერ სატელევიზიო ეთერებში აფრიალებული დოკუმენტები ოპონენტების წინააღმდეგ - ცდილობდა, ხალხი ამ მეთოდით შეეშინებინა, თუმცა დღეს არაფერი გამოუვა.

- ბოლოს როდის შეხვდით ირაკლი ოქრუაშვილს და რა ტიპის პირობა არსებობდა "რუსთავი 2"-ის თაობაზე?

- ირაკლი ოქრუაშვილს ბოლოს 2010 წელს შევხვდი მიუნხენში - თანაპარტიელებთან იყო და ერთმანეთს შემთხვევით გადავეყარეთ. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთმანეთს ცივად დავშორდით, ტელევიზიაზე კი არც გვისაუბრია. მხოლოდ იხუმრა, "რუსთავი 2-ზე" რა გავაკეთოთო და ასეთივე ირონიული პასუხი მიიღო.

- დღეს თქვენი ყოფილი მეგობარი "პასტა-პუსტად" მოგიხსენიებთ. მოვლენების განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ, თუ "რუსთავი 2"-ისთვის დავაში თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ჩაერთო?

- ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება. მით უმეტეს, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს დარიგებულ გენერლის წოდებებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება პასტაპუსტობას, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა ოქრუაშვილის მხედართმთავრობა მეხვეწებოდა, ჩვენი თანაგუნდელი გახდიო. ღმერთს მადლობა, რომ ამ ცდუნებას გადამარჩინა. ოქრუაშვილთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, უბრალოდ, ვცდილობდი, ჩემი განსხვავებული ხედვების გამო მისგან მაქსიმალურად დისტანცირებული ვყოფილიყავი.

მასთან მეგობრობა ბევრ ქართულ ოჯახს დიდ ტრაგედიად ექცა - უმადური არა ვარ და ოქრუაშვილს მადლობას გადავუხდი საზოგადოების ინფორმირებისთვის, დიახ, მეგობრები აღარ ვართ, რისი თქმაც ადამიანურად ძალიან მიჭირდა.

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ორი პასუხი მაქვს: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის.

გამოქვეყნებული დოკუმენტის დეტალებზე ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებას დიდხანს ვცდილობდით, თუმცა მან განმარტებისგან თავი შეიკავა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი ლევან ალაფიშვილი კი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის დავაში ირაკლი ოქრუაშვილი 9 ოქტომბერს, არჩევნების შემდეგ ჩაერთვება:

- მიმდინარე დავაში არა ვართ მხარე, ამ დოკუმენტის საფუძველზე წარმოშობილი უფლებების დაცვას ვაპირებთ თუნდაც იმ თანხის გამო, რაც ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო - ლაპარაკია რამდენიმე მილიონზე. დანარჩენზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

ირაკლი ოქრუაშვილი სამართლებრივ პროცედურებს 9 ოქტომბრამდე, არჩევნების დასრულებამდე არ დაიწყებს.

- რატომ არ გასაჯაროვდა ეს დოკუმენტი აქამდე, მით უმეტეს, რომ "რუსთავი 2-ზე" დავა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს?

- ირაკლი ოქრუაშვილმა წერილობით აცნობა ქიბარ ხალვაშს, რომ დარჩენილიყო შეთანხმების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდა სანქციების დაწესებაზე ან სხვა სამართლებრივ ღონისძიებაზე დავა.

- თავად ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ დოკუმენტი ყალბია.

- გერმანულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას გერმანიაში შედგენილ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი. ხელმოწერა სწორედ მას ეკუთვნის. ასე რომ, ძალადობასა თუ მოტყუებაზე ლაპარაკი ნამდვილად ზედმეტია.

რუსუდან შელია