"სახელმწიფოსგან ვითხოვ, ამ ადამიანებისგან დამიცვას" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოსგან ვითხოვ, ამ ადამიანებისგან დამიცვას"

ხათუნა ლაგაზიძის სკანდალური განცხადებები "კალოშაზე" და მასზე შესაძლო შურისძიებაზე

"პაატა ბურჭულაძემ პარტია და საკუთარი ავტორიტეტი დიდ ფულზე გაყიდა"

პაატა ბურჭულაძის ახალშექმნილი ბლოკი კიდევ ერთმა ლიდერმა - ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. როგორც ამბობენ, მის გზას მალე პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, გიორგი რუხაძე დაადგება. მისგან განსხვავებით, ხათუნა ლაგაზიძე ბურჭულაძის გუნდში არსებულ პრობლემებზე დეტალურად საუბრობს და იმასაც არ გამორიცხავს, ინფორმაციის გასაჯაროების გამო მას და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს:

- პაატა ბურჭულაძესთან ერთ-ერთი პირველი იმ მოტივით მივედი, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი თაობის შემოყვანა წაგვეხალისებინა - თუ ხელისუფლების შეცვლას ვერ მოვახერხებდით, პოლიტიკური ელიტა, მინიმუმ, გადაგვეხალისებინა. თავდაპირველად, პაატა ბურჭულაძის მთავარი ამოცანა სწორედ ეს გახლდათ და პირადად მეც რამდენიმე თვე მხოლოდ ამისთვის ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში პარტიაში გაუგებარი პრობლემები გაჩნდა - ერთი თვის წინ კი პაატა ბურჭულაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და გამყიდველ "ნაციონალებს" შეუერთდა.

- დააკონკრეტეთ, რა ტიპის პრობლემები გაჩნდა პარტიაში?

- არსებობდა ფინანსური პრობლემები, ამასთან, ადამიანებს მოტივაცია უქვეითდებოდათ და პარტიიდან მიდიოდნენ. როდესაც გაერთიანების შესახებ შევიტყვე, პაატასგან განმარტება მოვითხოვე - მან მითხრა, ეს ბლოკი ჩვენი პარტიის გადასარჩენად შევქმენიო.

- "გირჩს", გიორგი ვაშაძესა და "ახალ მემარჯვენეებს" პაატა ბურჭულაძე რა ბერკეტით უნდა გადაერჩინათ?

- სწორედ ამ კითხვაზე პასუხი დარჩა ღიად, რის შემდეგაც ამ ადამიანებთან ერთად არც ერთ შეხვედრასა თუ პრეზენტაციაზე არ გამოვჩენილვარ. მივხვდი, რომ პაატა ბურჭულაძემ პარტია და საკუთარი ავტორიტეტი დიდ ფულზე გაყიდა.

- ვისგან მიიღო ფული?

- "გირჩისგან", თუმცა ვერ გეტყვით, საიდან აქვთ მათ ამდენი ფული. მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სია თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს - "ნაციონალების" სიაა და არა პაატა ბურჭულაძის გუნდის.

- და როდესაც მსგავსი ეჭვი გაგიჩნდათ, მაშინვე რატომ არ დატოვეთ პარტია?

- არ მინდოდა, პარტია ვინმესთვის საჯიჯგნად მიმეგდო, თანაც მყარი დადასტურება მჭირდებოდა, პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილება რეალურად პარტიის გადარჩენას ემსახურებოდა თუ პირადი მოტივებით იყო განპირობებული. ვფიქრობდი, საარჩევნო სიაში გამგეობის წევრები, ჩვენი ლიდერები მოხვდებოდნენ, თუმცა პალიკო კუბლაშვილმა სია ყოფილი "ნაციონალებით" დააკომპლექტა, პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელებისგან კი მხოლოდ სამი "ნარჩენი" ჩასვა. გარდა "ნაციონალებისა", სიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებსაც ნახავთ. მეტიც, მსგავსი ქუჩური მენტალიტეტის პირებს პარტიაზე დიდი გავლენა აქვთ. ერთ-ერთი გოგა კალაძეა, იგივე "კალოშა", რომელიც აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში პაატა ბურჭულაძემ სიის პირველ ნომრად დაასახელა.

ეს ადამიანი მარტო არ მოქმედებს, მისი გარემოცვა პარტიაში დისონანსის შემოტანას აქტიურად ცდილობდა.

- ვის გულისხმობთ კალაძის გარემოცვაში და პარტიის მუშაობაზე ზეგავლენის რა ბერკეტი ჰქონდათ მათ?

- ხშირად პარტიის ოფისშიც მოდიოდნენ, დანარჩენ დეტალებზე არაფერს ვიტყვი. სახელმწიფოსგან ვითხოვ, ამ ადამიანებისგან დამიცვას, რადგან არ გამოვრიცხავ, მათ ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრებზე შურისძიება დაგეგმონ. ისინი პარტიაშიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გუნდიდან წავსულიყავი.

- უკვე ყოფილი თანაგუნდელები თქვენს წასვლას საარჩევნო სიაში სასურველ პოზიციაზე შეუთანხმებლობას უკავშირებენ...

- აბსურდია და ვფიქრობ, ამას საზოგადოებაც იოლად მიხვდება. დღეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გავაგებინო, რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენს პაატა ბურჭულაძის გაერთიანება - პოლიტიკური ძალა, სადაც "ნაციონალები" და კრიმინალური ავტორიტეტები ბოგინობენ.

"ეს ქალი გაბოროტდა"

ირაკლი ყიფიანი, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი:

- სიაში სასურველ პოზიციაზე ვერ მოხვდა და ქალი გაბოროტდა. ახლა მე მიწევს მის მოგონილ ისტორიებზე კომენტარების გაკეთება. სიების შეჯერებაზე გადაწყვეტილება ბურჭულაძის პარტიამ მიიღო - ვინ რა გააკეთა, ვის რა პოტენციალი აქვს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, ხათუნა ლაგაზიძე სიაში მისთვის სასურველ ადგილას ვერ მოხვდა. აქამდე რატომ არაფერს ამბობდა ამ პრობლემებზე? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხათუნა ლაგაზიძე სიისთვის იბრძოდა და არა იდეისთვის.

გოგა კალაძე დიდი ხანია ჩვენთან ერთად არის, თუმცა ლაგაზიძეს ეს არასოდეს გაუპროტესტებია. მან გადაწყვიტა ყველაფერი თქვას, რაც პირზე მოადგება, ოღონდ ჩვენი გუნდი დააზიანოს.

რუსუდან შელია