"ფაქტობრივად, მთელი პოლონური პოლიტელიტა განადგურდა" - კვირის პალიტრა

"ფაქტობრივად, მთელი პოლონური პოლიტელიტა განადგურდა"

"კაჩინსკის არასოდეს ავიწყდებოდა,რომ მამამისი ქართველების მხარდამხარ იბრძოდა"

პოლონეთის პოლიტიკური ელიტის დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა საქართველოსთვისაც, რომელმაც მეგობარი ქვეყნის ყველაზე მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი, მხარდამჭერი და გულშემატკივარი დაკარგა. "ტუ-154"-ის ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ არაერთხელ იქნება ათასი ჭორისა თუ მართლის გავრცელების საბაბი.

ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიფრინავდა. კატინში ხომ წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა. ითქვა ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტს ავიაკატასტროფა მოუწყვეს და ამისთვის კატინის ტრაგედიის ღონისძიება გამოიყენეს.

პოლონეთი დიდი ხანია, ითხოვდა პოლონელთა გენოციდის აღიარებას რუსეთისგან, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, აღიარა ის. ხომ არ გახდა ეს ღონისძიება კაჩინსკის მიტყუების საბაბი? ვერსია ბევრია, მაგრამ ექსპერტები ჯერჯერობით ამ თემაზე ძუნწად საუბრობენ.

KvirisPalitra.Geზაალ კასრელიშვილი (ექსპერტი კავკასიის საკითხებში): - ჩემი ერთ-ერთი ვერსიით, ან  ისე გათავხედდა რუსი, რომ ძაღლად აღარ აგდებს ობამას, ან არა და, მართლაც უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ამერიკის ფორპოსტი ევროპაში სწორედ პოლონეთი იყო, კავკასიაში - საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცეში - უკრაინა. რუსეთმა საქართველო გაუყო ამერიკას, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. ვერ გავიზიარებ აზრს, რომ უკრაინა მთლიანად მოაქცია რუსეთმა გავლენის სფეროში, მაგრამ მმართველობა იქაც გაყო.

გვაჩვენა, რომ უმისოდ უკრაინაშიც არაფერი წყდება, ყირგიზეთში კი ისეთი მოვლენები დაატრიალა, რამაც 1991-92 წლები  და ორხელისუფლებიანობის პერიოდი გაგვახსენა.

აქედან გამომდინარე, ძნელია დავიჯეროთ, თუ როგორ განადგურდა ერთ დღეს პოლონეთის ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც კაჩინსკის გუნდად მიიჩნევდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთის ინტერესების გატარების მოწინააღმდეგე იყო როგორც პოლონეთში, ისე  მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. კაჩინსკი იყო რეალური ძალა, რომელსაც შეეძლო პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება.

მოგეხსენებათ, რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. კაჩინსკიმ პოლონეთში დაახლოებით იგივე პოლიტიკა გაატარა, რაც საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებამ. მან ანტირუსულ, პრორუსულ ძალებს, წითელ ინტელიგენციასა და სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომლებს ჩამოართვა ყველა უფლება და გამოაცალა ეკონომიკური ბერკეტები. ასე რომ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

- რას  გულისხმობთ?

- შესაძლოა, "ტუ-154" საგანგებოდ დატოვეს გაუმართავი. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

- ნუთუ უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა სათანადოდ დაცული? სხვა თუ არაფერი, დაღუპულთა შორის იყო თავად პოლონეთის უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელიც.

-  თქვენ როგორ ფიქრობთ, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბაკიევმა არ იცის, რაც დატრიალდა ყირგიზეთში? ხომ ფაქტია, რომ რუსეთმა ორ დღეში მოუწყო გადატრიალება? ასე რომ, ყველაფერი ხდება.  დღეს წინასწარმეტყველებადაც შეიძლება მივიჩნიოთ კაჩინსკის ნათქვამი  აგვისტოს ომის დღეებში: "ევროპის ქვეყნებმა იციან, რომ საქართველოს შემდეგ იქნება უკრაინა, შემდეგ კი  პოლონეთის ჯერიც მოვა. ამიტომ მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს!".

და კიდევ ერთი, სეიმის თავმჯდომარე ბრონისლავ კომოროვსკი, რომელიც ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, უფრო ლოიალურია რუსეთის მიმართ. თუმცა ისიც პოლონეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, რასაც არც ერთ ქვეყანასთან სიახლოვეზე არ გაცვლის.

ნაპოვნია თვითმფრინავის შავი ყუთი, რომელსაც გაშიფრავენ. ალბათ, შედეგი ორ კვირაში გახდება ცნობილი. არ არის გამორიცხული, ორიოდე დღეშიც მოგვახსენონ, ყუთი დაზიანებულიაო. ჩემი აზრით, კაჩინსკი არ უნდა გაფრენილიყო რუსული "ტუ-154"-ით.

ფაქტია, საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა და ეს ჩვენთვისაც ტრაგედიაა.

P.S. გვეყოლება თუ არა ისეთივე მეგობარი, როგორიც კაჩინსკი იყო? ის დიდ პატივს სცემდა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას მამისგან იცნობდა, ის ხომ ქართველების მხარდამხარ ებრძოდა პოლონეთში ფაშიზმს და ამას პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არასოდეს ივიწყებდა!