"თუ ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთ..." - კვირის პალიტრა

"თუ ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთ..."

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შედის - ბევრი ისეთი დეტალი ხდება ცნობილი, რომელიც, როგორც ირკვევა, მმართველი პარტიის უმრავლესობისთვისაც უცნობი იყო. როგორ ვითარდებოდა მოვლენები დავით უსუფაშვილისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზებიდან დიდ პოლიტიკურ გაყრამდე, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს:

- ბიძინა ივანიშვილი იტყუება - მან ჩათვალა, რომ ჭარბი ნდობა აქვს და რასაც იტყვის, სიმართლეა თუ ტყუილი, საზოგადოება მაინც დაიჯერებს. ჯერ ერთი, რა ნდობაც უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ტყუილს საზოგადოება არასოდეს დაიჯერებს და თანაც, მას საზოგადოებაში ნდობის მხრივაც სერიოზული პრობლემები აქვს. ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტი ჩვენ არ გაგვიხსნია, პირველად მან გახსნა ცეცხლი, როდესაც მის მიერ წარმატებულ მნიშვნელოვან ფიგურად აღიარებული უსუფაშვილი გააკრიტიკა. მეტიც, ერთი-ორჯერ უსუფაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენია - იმედი მაქვს, ამას მალე გაიაზრებს და ბოდიშსაც მოიხდის.

- ფიქრობთ, ივანიშვილი ბოდიშს მოგიხდით იმის გამო, რომ განაცხადა - ირაკლი ღარიბაშვილი დავით უსუფაშვილზე ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი აღმოჩნდაო?

- ეს აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასებაა. ღარიბაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილმა მოიყვანა და თავადვე წაიყვანა, როგორ შეიძლება ასეთი პოლიტიკოსი უსუფაშვილზე უკეთესი იყოს?! უსუფაშვილი ივანიშვილზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა, ჩვენ მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი. მეტიც, როდესაც რესპუბლიკური პარტია დაფუძნდა, ივანიშვილი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა იყო და საბჭოთა კარიერაზე ოცნებობდა. ჩვენ კი ამ დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ პარტიას ვაფუძნებდით.

- რამდენად გამართლებულია, რომ ამაზე ახლა, თითქმის ოთხწლიანი პოლიტიკური თანაცხოვრების შემდეგ ლაპარაკობთ?

- ვიმეორებ, ფრონტის ხაზი ჩვენ არ გაგვიხსნია. არც იმას ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი ადამიანია - ის კარგი კაცი და ქველმოქმედი იყო, მაგრამ პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდხანს შერჩა, ვიდრე უნდა ყოფილიყო - 7 ნოემბრის შემდეგაც კი მასთან ურთიერთობას ახერხებდა. ჩვენ კი რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ სააკაშვილის უვარგისობა დაგვენახა. მიუხედავად ამისა, 2012 წელს, ერთობლივი ძალებით სააკაშვილი დავამთავრეთ, თუმცა ივანიშვილი ცდილობს 2016 წელსაც მასთან ვირტუალური ბრძოლა განაახლოს.

- უსუფაშვილის განცხადებით, მან ივანიშვილისგან პრემიერად წარდგენის შეთავაზება მიიღო. თუ ქვეყანაში ვითარების შეცვლის შესაძლებლობა გქონდათ, რატომ შეგაშინათ ამ პასუხისმგებლობამ და რატომ თქვით უარი ხელისუფლების სათავეში მოსვლაზე?

- დეტალურად აგიხსნით: 2015 წლის თებერვალში ივანიშვილმა მე და უსუფაშვილს დილის ცხრა საათზე შეხვედრა დაგვინიშნა. როდესაც მივედით, გვითხრა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავით უსუფაშვილს გთავაზობთო. ჩვენი უარის მიზეზი კი ის იყო, რომ ივანიშვილისგანაც პროცესებში ფორმალიზებულად დაბრუნებაზე ნეგატიური პასუხი მივიღეთ. თუ ივანიშვილი პოლიტსაბჭოში არ დაბრუნდებოდა, არაფორმალური მმართველობა უსუფაშვილის პრემიერობის პირობებშიც გაგრძელდებოდა, რაც პროცესებს ისევ ჩიხამდე მიიყვანდა. ვერც "ქართული ოცნების" განახლება და კოალიციისთვის ევროპული ელფერის შემატება მოხერხდა, რაც კოალიციის დაშლით დასრულდა. ხაზგასმით ვაცხადებ, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, საზოგადოებას მტკიცებულებებსაც წარვუდგენთ.

- რა მტკიცებულებებზე საუბრობთ?

- არსებობს მიმოწერები და სხვა ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობთ, ივანიშვილი კი - იტყუება. ეს თავადაც კარგად იცის, თუმცა ვერ ამოვხსენი, რას ემსახურება ყოფილი პრემიერის ჩვენი მისამართით დაწყებული ანტიკამპანია.

"ბერძენიშვილის ასეთი მიდგომა არაეთიკური, არასაქმიანი და მდაბიოა"

გიორგი ვოლსკი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: - ბოლო პერიოდში რესპუბლიკელების განცხადებები სრულიად გაუგებარი გახდა. დავით ბერძენიშვილისგან ისიც კი მოვისმინეთ, მე ბიძინა ივანიშვილის ნომერი მაქვს, გია ვოლსკის კი - არაო. მსგავს არასერიოზულ შეფასებებზე საუბარს არ ვაპირებ, მთავარია, კოალიციაში გადაწყვეტილებები ყოველთვის ერთობლივად მიიღებოდა, პროცესში კი, ბუნებრივია, რესპუბლიკელებიც მონაწილეობდნენ.

- რესპუბლიკელებისგან მოვისმინეთ, რომ გარკვეულ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილი თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე მეტად, უსუფაშვილსა და მის გუნდს ენდობოდა. ეს დამოკიდებულება "ქართულ ოცნებაში" იგრძნობოდა?

- ვერ გეტყვით, რესპუბლიკელებს ბიძინა ივანიშვილთან რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ, შესაძლოა, მათ შორის ხშირი კომუნიკაციაც იყო, თუმცა ეს აბსოლუტურად ბუნებრივად მეჩვენება - ჩვენ დიდი ხანია ერთად მოვდივართ და ქვეყანაში ისტორიული პოლიტიკური ცვლილებაც ერთად განვახორციელეთ. დანარჩენი კი რესპუბლიკელების მიდებ-მოდებად მეჩვენება, სად ვდგავარ, ვურეკავდი თუ არა ბიძინა ივანიშვილს, გაუგებარი არასერიოზულობაა. საერთოდ, რესპუბლიკელებს გაკეთებული საქმეების თავის თავზე მიწერა ახასიათებთ. კარგი იქნება, თუ დათო ბერძენიშვილი, როგორც პარტიის ლოზუნგშია ნათქვამი, ამპარტავნობისგან გათავისუფლდება. რაც შეეხება პარტიასთან ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას, ნდობის თვალსაზრისით, კითხვის ნიშნები არ დასმულა. თუმცა ბერძენიშვილისგან განსხვავებით, არ ვაპირებ შევეჯიბრო მას, თუ ვის როგორი ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილთან. საერთოდ, ასეთი მიდგომა ბავშვურია, არაეთიკური, არასაქმიანი და მდაბიო.

რუსუდან შელია