დაუდე ბომბი! - კვირის პალიტრა

დაუდე ბომბი!

წარმომიდგენია მრავლისმნახველი რუსი გენერლის სახე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გორში სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა.

"არ გინდა? 50 ათასს მოგცემთ!" - უთხრა ალბათ გენერალს თარგამაძემ. "რაში?" - ჰკითხავდა გენერალი, თან თავისთვის ვარიანტებსაც ჩამოყრიდა: "გორის დატოვებაში თუ მთავაზობენ, აშკარად ცოტაა. ქალაქის გადაწვას ისედაც არ ვაპირებ. რომელიმე VIP-ტყვე ხომ არა მყავს? იქნებ მისი გამოსყიდვა უნდათ, ა?" მოკლედ, ვიდრე გენერალი ტვინს იჭყლეტდა, ამასობაში თარგამაძე მიუგებდა: "ძეგლის აფეთქებაში". "ძეგლის?" - აუცილებლად გაიმეორებდა ბორისოვი (რას არ მივცემდი, ამ დროს გენერლის სახე რომ დამენახა).

ალბათ, არყისგან ჩაწითლებულ თვალებს გადმოკარკლავდა. "რომელი ძეგლის?" - ვარიანტი არაა, უცებ ვერ მიხვდებოდა. "აი, დიდი ბელადის, სტალინის" -  პირგაუღებლად გამოცრიდა კბილებში გივი თარგამაძე. "სტალინის?!" - უცებ გამოფხიზლდებოდა ის ჩვენი ცოდვით სავსე ბორისოვი. სწრაფად დაიწყებდა მუშაობას მისი ალკოჰოლისგან დაბუჟებული ტვინი: "ქართველები მახეს ხომ არ მიგებენ? ლამის თბილისამდე ჩავიდე ტანკებით და ამათ ძეგლის დარდი აქვთ? თუ ასე ეჯავრებათ, თავად ააფეთქონ, როცა წავალ! არა, აშკარად მახეს მიგებენ.

იციან, პუტინს რომ თავი სტალინი ჰგონია და უნდათ ხელმძღვანელობა გამინაწყენონ!" "არავითარ შემთხვევაში!" - იტყოდა ბორისოვი. "კი მაგრამ, რატომ?" - ისევ პირგაუღებლად გამოცრიდა თარგამაძე. "როგორ თუ რატომ? ჩვენ ბარბაროსები კი არა ვართ, ძეგლები დავანგრიოთ. ჩვენ ცივილიზებული მტერი ვართ. სადაც შევდივართ, კულტურა და განათლება შეგვაქვს, მარტო ბომბებს კი არ ვისვრით.

თქვენ კი გინდათ ჩვენი, ცივილიზებული აგრესორის იმიჯი, შელახოთ? არავითარ შემთხვევაში!" - მტკიცედ იტყოდა ბორისოვი. "რა გიღირთ ერთი ძეგლის აფეთქება, დაუდეთ ბომბი და ბახ! მეტი ხომ არ უნდა?" - ოდნავ ტუჩებს გახსნიდა თარგამაძე. "თქვენ რა, სხვა პრობლემა არა გაქვთ?" - იტყოდა ბორისოვი, თან კიდევ ერთხელ ჩაფიქრდებოდა: "უამრავი ტყვეა გასაცვლელი, ტერიტორია გვაქვს დაპყრობილი, ძეგლისთვის მოიცალეს? მთლად ასეთი გიჟებიც არ არიან ეს ქართველები. ნამდვილად მახეა რაღაც. 50 ათასს მთელ კარიერას ვერ გადავაყოლებ". "სტალინზე მოვრჩეთ ლაპარაკს, სხვა რაც გინდათ, მთხოვეთ", - მოჭრიდა რუსთ გენერალი. თარგამაძე კი მერაბიშვილს დაურეკავდა: "ჩაგვივარდა, უფროსო, პროექტი. რუსები უარს ამბობენ".

"ასეც ვიცოდი! - ეტყოდა მერაბიშვილი, - მაინც კარგია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენ მაგათზე პროგრესულები ვართ და სხვა მენტალიტეტი გვაქვს. რაც მეტი მტკიცებულება გვექნება ასეთი, მით უკეთესი. მთელ მსოფლიოს დავანახებთ რუსების სახეს. რა ქენი იცი, მოდი, ბორისოვს შესთავაზე, ათი ათასს მოგცემ და ლენინს დედა შეაგინე-თქო, აბა!"

მადამ შოშას თვალები

ყირგიზეთის ხსენებაზე თომას მანი მახსენდება. ბუნებრივია, იკითხავთ, სად ყირგიზეთი და სად თომას მანიო. გეხსომებათ, ამ დიდი გერმანელი მწერლის ყველაზე ცნობილი რომანის "ჯადოსნური მთის" ერთ-ერთ მთავარ გმირს, მადამ შოშას ყირგიზული თვალები აქვს. როდესაც ავტორი ამ ქალის უჩვეულო სილამაზეს აღწერს, რამდენჯერმე იმეორებს, ყირგიზული თვალები ჰქონდაო. სულ ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი იყო ლამაზი რუსი ქალი ყირგიზული თვალებით.

მოკლედ, გულში ჩამრჩა მადამ შოშას ყირგიზული ეშხი. თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი, რის გამოც გასულ კვირას ყირგიზეთში განვითარებულმა მოვლენებმა თომას მანი და მისი "ჯადოსნური მთა" გამახსენა. მოგეხსენებათ, ამ რომანში მოქმედება შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ერთ-ერთ სანატორიუმში ხდება. აქ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მკურნალობენ. ჩადიან დიდი იმედით, თუმც უკან ვეღარ ბრუნდებიან. ამაოდ ცდილობენ გადარჩენას - მაგრამ სანატორიუმს ცოცხალი ვეღარავინ ტოვებს.

სწორედ ამ სანატორიუმს მაგონებს დღეს პოსტსაბჭოთა სივრცე. თითქოს ყველანი ამ სივრციდან თავის დაღწევას ვცდილობთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩვენი საბჭოთა წარსული და დაავადება, სახელად "რუსეთი", უკან გვექაჩება. უკრაინისა და ყირგიზეთის ბოლო მოვლენების შემდეგ მგონია, რომ ამ სივრცეს თავს "ჯადოსნური მთის" პერსონაჟებივით ვერასოდეს დავაღწევთ.

ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელიც საქართველოს "ვარდების რევოლუციით" დაიწყო, უკრაინის "ნარინჯისფრით" გაგრძელდა და ყირგიზეთის "ტიტების რევოლუციით" დასრულდა, თითქოს დაავადების დამარცხებას, ჩაკეტილი წრის გარღვევას მოასწავებდა. ამ ქვეყნებში რუსეთის გავლენა შემცირდა. ისე ჩანდა, თითქოს ეს დასაწყისი იყო, დაავადებამ უკან დაიხია და ნელ-ნელა სანატორიუმის ყველა მკვიდრი შეძლებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

ავადმყოფობამ, სახელად "რუსეთი", ისევ იმძლავრა - ჯერ უკრაინაში გაიმარჯვა პრორუსულმა ძალამ და ყირგიზეთშიც, როგორც ამბობენ, გადატრიალება რუსეთის ხელშეწყობით მოხდა. თუ ასეა, გამოდის, საქართველო დღეს გამოჯანმრთელების გზაზე შემდგარი ერთადერთი ავადმყოფია. ე.ი. ახლა ჩვენი ჯერია.

დაავადება, სახელად "რუსეთი", ახლა უკვე ჩვენს წაქცევას ეცდება. თუ ჩვენ ამ რომანის მთავარი პერსონაჟები ვართ, არ მინდა ჰანს კასტორპის მსგავსი დასასრული გვქონდეს. არადა, ჭლექს მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან წასაქცევი მარტო ჩვენ დავრჩით. ისღა მაიმედებს, რომ დღეს, როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი იკურნება.

P.S  ნეტა, მადამ შოშას ისეთივე თვალები ჰქონდა, როგორიც როზა ოტუნბაევას აქვს?!

იგავი ეროსიზე

ბოლო თვეებში რამდენჯერმე ვნახე სცენა, როგორ გარბის ეროსი კიწმარიშვილი და "რუსთავი 2" მისდევს. უფრო სწორად, ცდილობს, თავი აარიდოს, კომენტარის გაკეთება არ უნდა, მაგრამ ჟურნალისტი მაინც პირში თხრის მიკროფონს. ეროსი ჩქარი ნაბიჯით მიდის და "რუსთავი 2"-ც მისდევს: "რატომ მოხვედით აქ, ბატონო ეროსი? რა გინდოდათ ამ შეხვედრაზე? რაზე ილაპარაკეთ?.." ბოლოს ასეთი სცენა გასულ კვირას "თბილისი მარიოტის" წინ გათამაშდა. ტელევიზიებმა  ბატონი ეროსი ნინო ბურჯანაძესა და ლევან გაჩეჩილაძესთან ყავის სმის დროს შენიშნეს და აბა, შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?! გამოეკიდნენ შეხვედრის ყველა მონაწილეს, მათ შორის ბატონ ეროსისაც და ლამის ავტომობილამდე სდიეს. არის ამ ყველაფერში რაღაც ღრმად ფილოსოფიური და სიმბოლური.

ინტერნეტსივრცეში ერთმა დაწერა, ეს ნიშნავს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენიო, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. "რუსთავი 2" ხომ ეროსის პირმშოა, მისი შექმნილი და გამოზრდილი. სწორედ მისი დავალებითა და მოთხოვნით დასდევდნენ ერთ დროს შევარდნაძის ჩინოვნიკებს "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტები და მიკროფონებს პირში თხრიდნენ.

გარბის ეროსი და მისდევს "რუსთავი 2" - ამ სცენის ყურებით, ალბათ, ყველაზე მეტად შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები ტკბებიან. ნეტა, რაზე ფიქრობს ამ დროს ბატონი ეროსი, გველი გამიზრდია უბეშიო?! რატომ? "რუსთავი 2" იმას აკეთებს, რაც ასწავლეს. "რუსთავი 2"-მა ყოველთვის კარგად იცოდა, ვის უნდა გაჰკიდებოდა და ვის - არა. რა თქმა უნდა, სიმბოლურია, როდესაც ადამიანს თავისივე პირმშო მისდევს, ის კი გაურბის. რას გვასწავლის ეს იგავი? ალბათ, იმას, რომ შვილი კარგად უნდა აღზარდო და სწორ გზაზე დააყენო, რომ მერე შენც არ გამოგეკიდოს... ახლა იმას ვფიქრობ, ისეთი დროც არ დადგეს, როცა ბატონ ეროსის "მაესტროც" გამოეკიდება.