"სააკ­აშვილის განცხადება ნაღმის აფეთქებას ჰგავდა" - კვირის პალიტრა

"სააკ­აშვილის განცხადება ნაღმის აფეთქებას ჰგავდა"

"ტრაგიკულ მოვლენებზე სააკაშვილის უხეშმა პასუხმა მისი ხასიათის განსხვავებული მხარე დაგვანახა"

"უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება", - გავლენიანი გამოცემა Foreign Policy ვლადისლავ დევიდსონის სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ოდესის რეგიონში ნაპოვნ 8-9 წლის გოგონას ცხედარსა და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - ავტორი აღნიშნავს, რომ კრიმინალურ მოვლენებზე პროვოკაციული რეაგირებისას მიხეილ სააკაშვილი თავის ბნელ მხარეს ავლენს. გთავაზობთ სტატიას, რომელიც 7 სექტემბერს Foreign Policy-ში გამოქვეყნდა:

"27 აგვისტოს, ოდესის რეგიონში გოგონას ცხედრის პოვნის შემდეგ, სასტიკი მოვლენები განვითარდა... პოლიციისთვის მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ მკვლელობამდე გოგონა გააუპატიურეს. ცხედრის პოვნიდან ერთი დღის შემდეგ, ეთნიკური რუსებითა და ბულგარელებით დასახლებულ სოფელ ლოშჩინოვკიდან, სადაც ბოშების პატარა თემიც ცხოვრობს, 21 წლის ბოშა მამაკაცი დააკავეს და საზარელ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. საპასუხოდ, ანტიბოშური განწყობის ახალგაზრდების კრიმინალური დაჯგუფება თავს დაესხა ბოშათა თემს. ისროდნენ ქვებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს, გადაწვეს სახლები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ბოშები ამ დროს იქ უკვე აღარ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მოითხოვეს ბოშების დაახლოებით ექვსი ოჯახის სამუდამოდ გაძევება, სოფლის საბჭომ ავტობუსები გამოყო მათ გასაყვანად.

ამ მოვლენების დასრულებისთანავე, მიხეილ სააკაშვილის პირადი განკარგულებით, სოფელში ოდესის პოლიციის უფროსმა სპეციალური ქვედანაყოფები და სამხედრო კონტინგენტი განათავსა.

გოგონას დაკრძალვის შემდეგ კი სააკაშვილმა ისეთი საჯარო განცხადება გააკეთა, ასეთ დაძაბულ დროს ნაღმის აფეთქებას უფრო ჰგავდა: "სრულად ვიზიარებ ლოშჩინოვკის მოსახლეობის აღშფოთებას, სოფელში განუკითხაობა იყო, ამორალური ბუნაგი, ყვაოდა მასობრივი ნარკოვაჭრობა. ბოშები ანტისოციალური ელემენტები იყვნენ და ეს პრობლემა ადრევე უნდა აღმოგვეფხვრა, ახლა ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ".

დაახლოებით ერთი წლის წინ ოდესის რეგიონის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას ოვაციით შეხვდნენ, მეტიც, იმედიც გაჩნდა, რომ საქართველოში ადრე წარმატებით განხორციელებული რეფორმები ოდესაში გაგრძელდებოდა. კარგად გვახსოვს, 2015 წლის მაისში პოსტსაბჭოურ სამყაროში დაბრუნებამდე""ნიუ-იორკ თაიმსმა" მისი სტატია-პორტრეტი გამოაქვეყნა და "ბრუკლინიდან გამოსულ მეამბოხედ" შეაფასა. ხშირად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კორუფციასთან მებრძოლ ჯვაროსნადაც მოიხსენიებენ, რომელიც ცდილობს, უკრაინის სამხრეთში პოზიტიური რეფორმები გაატაროს, თუმცა ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების კედელთან შეჯახებისას შედეგი სხვაგვარია...

გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებზე სააკაშვილის უხეშმა პასუხმა მისი ხასიათის განსხვავებული მხარე დაგვანახა. არადა, მსგავს კრიტიკულ მომენტში "დასავლელ რეფორმატორს" პროვოკაციული რიტორიკა არ შეშვენის. სააკაშვილის რიტორიკა მისი გუნდის წევრებმაც გაიმეორეს: "უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ნებისმიერმა უკრაინელმა და ოდესელმა იცის, რომ ბოშების თემი ნარკოვაჭრობას ეწევა", - განაცხადა ოდესის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ზურაბ ხვისტანმა. ადგილობრივები მართლაც ჩივიან კრიმინალური შემთხვევების გამო, თუმცა ეს ლინჩის წესით ანგარიშსწორების სისასტიკეს ამართლებს?!

ცნობილი გახდა, რომ ბოშების ეთნიკურმა ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის უწყებაში სარჩელი შეიტანეს, ავაკოვი კი დიდი ხანია უკრაინაში სააკაშვილის მწვავე ოპონენტია. სარჩელის მიხედვით, ბოშათა ეთნიკური ორგანიზაცია გმობს მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს... ქალაქსა და რეგიონულ მთავრობაზე ეს ეპიზოდი, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს. 2017 წლის ევროვიზიის მასპინძელი ქალაქების კანდიდატთა სიაში ხომ ოდესაც მოიაზრება, მისი კონკურენტები კი კიევი და დნიპროა. ბუნებრივია, ამ მასშტაბის საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიების გავლენა ქალაქის მომავლისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გოგონას მკვლელობის მეორე დღეს სააკაშვილმა და მასზე გადამტერებულმა ოპონენტმა, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა, ევროვიზიის მასპინძლობის მხარდასაჭერად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ბოლო 15 თვის განმავლობაში ეს ორი მოსისხლე მტერი საჯარო სივრცეში გვერდიგვერდ პირველად გამოჩნდა. მათი ვითომდა დაზავება იმაზე მეტყველებს, რომ ევროვიზიით მოტანილი დიდების დაკარგვის შიში სააკაშვილის ამ სასტიკი განკარგულების გამო საკმაოდ მაღალია.

სააკაშვილის რეაქცია არასასურველ ელფერს სძენს გუბერნატორს მაშინ, როდესაც ის ერთადერთ ძალად მიიჩნევა რეგიონში გააზრებული რეფორმების განსახორციელებლად.

რუსუდან შელია