”ხალხის ბედნიერების” რეცეპტები - კვირის პალიტრა

”ხალხის ბედნიერების” რეცეპტები

ახლახან რუსულ მედიაში შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ისეთი გამაოგნებელი ინტერვიუები გავრცელდა, რომ საზოგადოებას სალაპარაკო კარგა ხანს ექნება. ასე რომ, ისეთ "დაღეჭილ" საკითხს, როგორიც ევროპასთან ურთიერთობასა და დემოკრატიაზე მერაბიშვილისეული ხედვაა, აღარ შევეხები. ამჯერად, არც პატრიარქის ნაკურთხ ბაგრატოვანთა ქორწინების პრიმაკოვის იდეად გამოცხადება იქნება ჩემი განსჯის საგანი.

დღეს ყურადღებას გავამახვილებ გაზეთ "კომერსანტ ვლასტისთვის" მიცემულ მინისტრის ერთ-ერთ ინტერვიუზე, სადაც ის გატარებული რეფორმებით ამაყობს და რუს ჟურნალისტს წარმატების საიდუმლოს, "ხალხის გაბედნიერების" ფორმულასაც უზიარებს. "თუ იმაზე იფიქრებ, როგორ შეუმსუბუქო ადამიანს ცხოვრება, მოიფიქრებ ამისთვის საჭირო რაღაცებს. თუ მხოლოდ იმაზე იფიქრე, რა წერია კანონში, ვერც ვერაფერს მოიფიქრებ. ჩვენ ხანდახან ისეთ რამეებსაც ვიგონებთ, რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც ვაკეთებთ.

კანონი იმისთვის არის კანონი, რომ შეცვალო მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით", - ხალხზე მზრუნველი მინისტრის ამ სკანდალურმა ფრაზამ "დათა თუთაშხიადან" ეს სიტყვები გამახსენა: "ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აბა, რისთვის ვარ მე! მოხვიდე ამ ქვეყანას, ჭამო, სვა, დრო ატარო და ხალხისთვის არაფერი სიკეთე არ ქნა, რა ცხოვრება იქნება ასეთი ცხოვრება? შიში თუ არა აქვს ადამიანს, შიში, დაიღუპება უეჭველად, მაგრამ მარტო შიშიც არ კმარა, სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი, რომ კაცი ჩონგურის სიმივით სულ უნდა იყოს დაჭიმული, სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოსავდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას".

სიტყვამ "შიში" მოიტანა და არცთუ დიდი ხნის წინ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ "ემნისტ ინტერნეიშენელმა" გაავრცელა მეტისმეტად სკანდალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ჩეხეთში შეუძენია წამების იარაღი, კერძოდ, კედელზე მისაბმელები, რკინის ხელბორკილები, ელექტროშოკის სამკლავურები და ბორკილები, რომელიც 50 ათას ვოლტს ატარებს. "2007 წელს გერმანიის საბაჟოს მოხელეებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ელექტროშოკის ხელსაწყოები გერმანიიდან საქართველოში, ბანგლადეშში, რუმინეთსა და ირანში უკანონოდ გადადიოდა",  ნათქვამია "ემნისტ ინტერნეიშენელის" მოხსენება-ანგარიშში. მართალია, შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ "ხალხის გაბედნიერებისთვის" რას არ მოიმოქმედებს ერზე მოჭირნახულე კაცი.…

ისე, ხანდახან მართლაც ჭრის აბელ სეთურის შეგონებანი. აი, მაგალითად, ხომ ამბობს, ხალხი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდებაო, არ არის მართალი? შიშისა და მოკრძალების დაკარგვას  მოჰყვა "ვარდების რევოლუციაც" და  იქნებ ღირს ერთი წუთით შევარდნაძის დროინდელი პერიოდიც გავიხსენოთ.

რა შეიცვალა ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერებთან, დემოკრატიასთან, თავისუფალ სიტყვასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით? "კვირის პალიტრა" ერთ დროს სიმკაცრით სახელგანთქმული სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, თემურ მღებრიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც "ხალხის ბედნიერების" თავისი რეცეპტები ჰქონდა:

- გამარჯობა, ბატონო თემურ, ეკა ასათიანი ვარ, "კვირის პალიტრიდან" გირეკავთ.

- გაგიმარჯოს, გენაცვალე. ე.ი. ახლა "კვირის პალიტრაში" მუშაობთ? ხომ ხედავთ, როგორ დამიწინაურებიხართ (იცინის).

- იმედია, ისევ "დამაწინაურებთ", ბატონო თემურ, და ინტერვიუზე დამთანხმდებით.

- ვაიმე, რაღა ვქნა, შვილი მყავს დაფიცებული, რომ ინტერვიუს არავის მივცემ. რა გინდათ  ჩემგან, აღარ დაგავიწყდით?

- გვაინტერესებს, როგორ ხართ, რას აკეთებთ? "უცნობს" კლიპში მონაწილეობის მისაღებად აღარ მიუწვევიხართ? (პოლიტიკა შევაპარეთ. - ავტ.)

- ხოო, კარგი იყო, გენაცვალე, კლიპში მონაწილეობა, მაგრამ მერე აღარ  მიმიწვია არავინ, ისე კი, კარგად ვარ.

- გახსოვთ, ბატონო თემურ, შსს-ს სამმართველოში თვალსაჩინო ადგილას ჩურჩხელა გქონდათ დაკიდებული და გაიძახოდით, ეს "დუბინკის" მაგიერიაო.

- ხოო…( იცინის.)

- ისე, თქვენი "დუბინკა" ზოგიერთს კარგად ახსოვს.

- რას ამბობთ, კაცო? "დუბინკის" ნაცვლად ჩურჩხელებით ვუმასპინძლდებოდი აქციის მონაწილეებს,…ჩურჩხელები ახლაც ბევრი მაქვს და ვისაც მოუნდება, მივართმევ.

- ახლა უფრო მეტი დემოკრატიაა თუ მაშინ, აქციის მონაწილე ზვიადისტ ქალებს ქალაქგარეთ რომ  მიაბრძანებდით და ტყეში ტოვებდით?

- კაცო, იმათ მე ვასეირნებდი! წავიყვანდი ქალაქგარეთ, ტყეში დავტოვებდი, თან ვაფრთხილებდი, აბა, თქვენ იცით, არ გაგიცივდეთ ერთი ადგილი-მეთქი და ახლა თუნდაც გაცივებული ჰქონდეთ, რას დავეძებ! მეკითხებით, მაშინ უფრო მეტი დემოკრატია იყო თუ ახლაო. აბა, რა გითხრათ? ჩემებური გაგება მქონდა მაშინაც და ახლაც, არ ვერეოდი პოლიტიკაში  და არც ახლა ვერევი.

- ახლახან ვანო მერაბიშვილმა ერთი რუსი ჟურნალისტი ფანჯრიდან გადაახედა და უთხრა, ხომ ხედავ ჯიპებს, ადრე ასეთი მანქანები მხოლოდ ქურდებს ჰქონდათ,  ახლა  პოლიციელებს აქვთ და კორუფცია ამიტომაც აღარ ყვავისო. გული არ გწყდებათ, პოლიციელი რომ აღარა ხართ?

- მომისმინე, რა გითხრა: წისქვილის ქვა რაღაცას რომ ფქვავს, კარტოფილს, ხორბალს, სიმინდს თუ სხვა რამეს, ისე დავფქვი ჩემი ცხოვრება…- რაც მინდოდა, ყველაფერი გავაკეთე. ახლა ვანო მერაბიშვილსაც ჩემი თავი ენაცვალოს, პეტრიაშვილსაც, სუყველასა. აღარა ვარ პოლიციაში, ვარ რესტორანში და ჩემს მეგობრებთან ერთად ვქეიფობ. თუ გნებავთ, წამოიყვანეთ თქვენი კოლეგები, გეპატიჟებით!..

- ბატონო თემურ,  "ემნესტ ინტერნეიშენელს" თუ ვენდობით, წამების იარაღი შეუძენია საქართველოს. თქვენი აზრით, გვჭირდება ახლა ჩვენ ეს?

- რა წამების იარაღიო, კაცო?! ხომ არ გაგიჟებულხართ? ეტყობა, მართლაც ბევრი არაფერი ვიცი და შემეშვით, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.