"აგულაშვილმა მელქაძე მოიშორა და კორუმპირებული ბატიაშვილი მოიყვანა" - გაჩეხილი ტყეები და სოციალურ ბარათებს ამოფარებული კორუფცია
19-09-2016
"აგულაშვილმა მელქაძე მოიშორა და კორუმპირებული ბატიაშვილი მოიყვანა" - გაჩეხილი ტყეები და სოციალურ ბარათებს ამოფარებული კორუფცია
ვინ მფარველობს ბრაკონიერებს?!

"აგულაშვილი, სანამ რესპუბლიკელი იყო, მიდით, მიაწექით, არავინ დაინდოთო. "ქართულ ოცნებაში" გადავიდა თუ არა, რატომღაც ტაქტიკა შეცვალა"

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს 430 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინშია. მათი თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სააგენტოს რესტრუქტურიზაციის მოტივით, უკანონოდ მოაწერინა ხელი განცხადებაზე, რომ თანახმა არიან დროებითი­ მოვალეობის შემსრულებლად იმუშაონ. დათხოვნის მოლოდინში მყოფთ მიაჩნიათ, რომ მინისტრს მზაკვრული გეგმები აქვს და ხელის შემშლელებს იშორებს.

"მინისტრი ჩვენი მუშაობით ყოველთვის­ კმაყოფილი იყო.
ამიტომ ვერ წარმოგვედგინა,­ უცებ ყველას ნიჩაბზე თუ დაგვდებდა. გვეგონა, როგორც სხვა დროს, მოვალეობის შემსრულებლად ყოფნა ამჯერადაც დროებითი იქნებოდა და ისევ დაგვაბრუნებდნენ თანამდებობებზე. მოგვიანებით გამოგვიცხადეს, ჩატარდება კონკურსი და ვინც გაიმარჯვებთ, დაინიშნებითო. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან გვიშორებენ", - აცხადებენ გარემოს ზედამხედველის დროებითი მოვალეობის შემსრულებლები.

რა სქემას
შიფრავენ გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები


"კვირის პალიტრასთან" საუბარში სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინში მყოფებმა უარი თქვეს ვინაობის დაკონკრეტებაზე, მაგრამ რეგიონებში ხეტყით ვაჭრობის კორუფციული სქემები აგვიხსნეს და გარემოს დაცვის სამინისტროში მოსალოდნელი ამბების შესახებ ვარაუდები გაგვიმხილეს:

"რეგიონებში ხის მასალით ვაჭრობისთვის ე.წ. სოციალურ ბარათებს იყენებენ­. თუ სახლი დაგეწვათ, დაგენგრათ ან სხვა მიზ­ეზის გამო გჭირდებათ ხის მასალით დახმარება, სამხარეო ადმინისტრაციაში განცხადების საფუძველზე გაძლევენ სოციალურ ბარათს, რომელშიც მითითებულია, რამდენი კუბური მეტრი მასალა გჭირდება­. არადა, კორუფციული დაინტერესების შემთხვევაში, რეალურად არ გჭირდებათ არანაირი მასალა, სახლიც დიდებული გაქვთ, მაგრამ მაინც წერთ განცხადებას, რომ ყველაფერი დაგეწვათ ან დაგენგრათ და გჭირდებათ 10-15 კუბმ ფიცარი. ძირითადად, ამ რაოდენობას ითხოვენ­ (თუ საქმეებს მოიკვლევენ, ნახავენ, რომ სულ ერთი და იგივე ადამიანები წერენ განცხადებებს, რატომღაც მუდმივად მათი სახლები იწვება ან ინგრევა). ამის შემდეგ მიიღებთ­ სოციალურ ბარათს და მიჰყიდით ხის დამამზადებელს, მაგალითად, 3.000 ლარად. ისიც თქვენ მიერ მიცემული ოფიციალური მინდობილობის საფუძველზე ვითომ თქვენთვის ჭრის და ამზადებს ხეს. შემდეგ ცდილობს, მასალა გასაყიდად გაიტანოს, მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე.

ეს სქემა რომ გავშიფრეთ, ავკრძალეთ რეგიონებიდან სოციალური ბარათებით მოპოვებული მასალის გატანა. თუ სოციალური ჭრაა, ე.ი. მასალა ადგილზე უნდა დარჩეს. დამრღვევებს 500 ლარით ვაჯარიმებდით. კონფისკაციის უფლება არა გვაქვს, ამიტომაც ფიცრებს მიკროავტობუსებში ანაწილებდნენ და ისე ცდილობდნენ გატანას ელიავას ბაზრობაზე ჩასაბარებლად. იქამდე მიტანაა პრობლემა, თორემ ბაზრობაზე უკვე დასაწყობებულზე არავინ გთხოვს ცნობას მასალის წარმოშობაზე. ადგილობრივი ჩინოსნების დანაშაულის კვალი სად იკვეთება? კომისია უნდა ამოწმებდეს, კონკრეტულ პირს ნამდვილად სჭირდება თუ არა ფიცარი და მის სახლს მოხმარდა თუ არა. კომისიები არ მუშაობს. ერთი კაცი რომ ერთი სახლის ასაშე­ნებლად 10 და მეტ კუბმეტრს ითხოვს,­ საეჭვოა. ამდენი მასალა ცათამბჯენებზე გეყოფა. მოკლედ, გუბერნიების ჩინოსნები კარგად მანიპულირებენ სოციალური ბარათებით".

50 000 კუბმეტრს რომ მოგთხოვს, ეჭვი არ გაგიჩნდება?

გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლების სქემა და ეჭვი, ფაქტობრივად, დაადასტურა ეროვნული სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნათია­ იორდანიშვილმა:

"ვითხოვთ დასაბუთებას, მსურველებს მართლა სჭირდებათ თუ არა მასალა, ფოტოებიც მოვითხოვეთ. ასევე ვითხოვთ დადასტურებას, რომ მასალა ნამდვილად განცხადების შესაბამისად დაიხარჯა. სამწუხაროდ, პასუხს ვერ ვიღებთ. ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე, გაკონტროლება არ გვეხება და ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეში ჩავერევით, თუ როგორ ანაწილებს სოციალურ ბარათებს. ერთხანს გამგეობები არაადეკვატური რაოდენობის ფიცრის დამზადებაზე ნებართვას ითხოვდნენ. შეუძლებელი იყო თანხმობის მიცემა და პრეტენზიებს აცხადებდნენ, მეტყევე არ გვაძლევს ხეებსო. ნებართვას ვიძლევით იმდენის მოჭრაზე, რაც შესაძლებელია ტყის თავისებურებიდან გამომდინარე. საეჭვოდ ბევრს რომ ითხოვდნენ, იძულებული გავხდით, კომისიების შექმნა მოგვეთხოვა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, განახევრდა მოთხოვნები. რაჭის გუბერნია, რომელიც დაცლილია მოსახლეობისგან, 50 000 კუბმეტრს რომ მოგთხოვს, ეჭვი არ გაგიჩნდება? გამოდის, ყველა მოსახლეს სჭირდება ფიცარი, არადა, იქ ხალხი არ ცხოვრობს".

ხოკოს პოსტი

სამეგრელო-სვანეთის გზაგასაყარზე, სოფელ ხოკოში, გზად საგუშაგო ჯიხური დგას, რომელიც გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს 24-საათიან სამორიგეო ჯგუფს ეკუთვნის. ზედამხედველები ამბობენ, რომ სვანეთი, რომელიც ჯერ კიდევ მდიდარია წიწვოვანი ხეებით, ხის მასალის დამზადებაში ფულის კეთებით დაინტერესებულთა ყველაზე ძვირფასი სამიზნეა.

"ჭრიან ხეებს, მერე კი ადგილზე ან ეზოებში ფიცარს ამზადებენ და ცდილობენ, როგორმე გაიტანონ რეგიონს გარეთ. არ ვუშვებთ. ათასჯერ დაგვემუქრნენ, მაგრამ ამაოდ. მზად არიან, ათი ათასობით ლარიც გადაიხადონ, ოღონდ ნახევარი საათით მოვხუჭოთ თვალი, რომ მასალით დატვირთული მანქანები გაატარონ. შეზღუდვებმა ბევრი, ძირითადად, ადგილობრივები აიძულა, ხის მოჭრის ან დამზადებისთვის თავი დაენებებინა - ვინც შავ საქმეს აკეთებს, მაგრამ ვინც აკეთებინებს, იმას ჯიბის გათხელება არ მოეწონა. დაიწყეს ჩივილი, მინისტრთან დარეკვა. სქემა ასეთია: სვანი ჭრის ხეს და მასალას ამზადებს, მეგრელს ჩამოაქვს, სადღაც აგროვებს და იქიდან გატანაში უნდა დაეხმაროს ვიღაც გავლენიანი. გინდა, არ გინდა, ფიქრობ, რომ კვალი გუბერნიებთან მიდის. გამგებლები და გუბერნატორები სხვადასხვა დარღვევის გამო რეკავდნენ, ზაქარია ქუცნაშვილმაც კი დარეკა ერთხელ. აგულაშვილი, სანამ რესპუბლიკელი იყო, მიდით, მიაწექით, არავინ დაინდოთო. "ქართულ ოცნებაში" გადავიდა თუ არა, რატომღაც ტაქტიკა შეცვალა. ამ სამსახურში თანამშრომლების 80% მისი გამინისტრების შემდეგ მოვედით.

სააგენტოს ხელმძღვანელად უშიშროების ყოფილი კადრი, კოკა მელქაძე დანიშნა, რომელმაც ძლიერი გუნდი შეკრა და გამოგვიცხადა, ვებრძვით ყოველგვარ უკანონობას და გარემოს დაცვაში დარღვევებს არავის ვაპატიებთო. აგულაშვილი რამდენჯერმე შეგვხვდა, გვაქეზებდა, არავინ დაინდოთ, ვინმე გავლენიანის სახელმა არ შეგაშინოთო. ჩვენც გადავიკიდეთ ყველა, თუ ვინმე ბრაკონიერებს"მფარველობს. ცხადია, ასეთები არიან ძალოვან სამსახურებში­ და რეგიონების თუ რაიონების ადგილობრივ ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივხვდით, რომ აგულაშვილს სულ სხვა ზრახვები ამოძრავებს და ამისთვის შესანიშნავი გარემო შეიქმნა. უფრო სწორად, შეგვაქმნევინა. მაგალითად, ჩვენი სამსახურის საქმე არ არის ხის მასალის, ფიცრის დევნა. ეს შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა, რომელიც რატომღაც გარემოს ზედამხედველობის სამსახურს შეაჩეჩა აგულაშვილმა.

შესაბამისად, ჩვენც ფიცრებზე მონადირეებად ვიქეცით. კორუფციისთვის საჭიროა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ ფულის მოცემა ან სხვა სარგებელი შემოგთავაზონ. თუ ასეთ "პალაჟენიას" არ დაამყარებ და უკონტროლობა გაქვს, არავინ არაფერს შემოგთავაზებს. აგულაშვილმა ჩვენი შრომით­ შეიქმნა "პალაჟენია" და დღეს მისთვის ხელის შემშლელებად ვიქეცით. ამიტომაც ჯერ კოკა მელქაძე მოიშორა, ეგონა, თუ კოკას, ანუ თავს მოგვაცლიდა, მოტივაცია დაგვეკარგებოდა. არაფერი გამოუვიდა, რადგან ისეთი სისწრაფე ავკრიფეთ კარგი საქმის კეთებაში, რომ ინერციის რეჟიმში გადაყვანა ჯერ ვერ შეძლეს. ამიტომაც აგულაშვილმა სააგენტოს უფროსად მოიყვანა ცნობილი კორუმპირებული ჩინოსანი, პაატა ბატიაშვილი. არ დაუმალავს, თქვა, ახლობლები ვართო. უშიშროების სფეროშიც და ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ბატიაშვილი შევარდნაძის პერიოდიდან ცნობილია როგორც ფულის მკეთებელი. ჰოდა, გეკითხებით, თუ ღირსეული მინისტრი ხარ და კარგი ზრახვები გამოქმედებს, ასეთი კაცი რატომ უნდა მოიყვანო იმ სამსახურის უფროსად, სადაც "ლევად" ფულის კეთების რისკი დიდია? სანამ ბატიაშვილს მოიყვანდა, კოკა რომ გაათავისუფლა, პირობა მოგვცა, ხელი არაფერში შეგეშლებათო.

ახლა რა მოხდა? ერთ წელზე ცოტა მეტი ხანია, ამ სამსახურში რომ ვართ, შესანიშნავი შედეგები ვაჩვენეთ და სამსახურიდან ამიტომ გვიშვებს? გგონიათ სადმე მიგვიღებენ? უკვე გითხარით, ყველა გადაკიდებული გვყავს გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტებზე დაჭერის ან უკანონო შემოსავლების აღკვეთის გამო. ამას თავი დაანებეთ, ქვეყანა უნდა განადგურდეს? ბატიაშვილი და ის ხალხი, რომელსაც ის მოიყვანს, გარემოს დამცველებად სჭირდება აგულაშვილს, რომელიც ცელოფანების აკრეფის აქციაში ან კანიონებში გასეირნებაში ხედავს მინისტრის დანიშნულებას? გული გვწყდება, მართლაც სისხლი და ოფლი ჩავაქციეთ ამ საქმეში და ახლა ყველაფერი თავდაყირა უნდა დადგეს".

P.S. "კვირის პალიტრა" შეეცადა გიგლა აგულაშვილის კომენტარი ჩაეწერა, თუმცა, ამაოდ, მინისტრმა ვერ მოიცალა.

"გაუძელით ზეწოლას"


იურისტების განმარტებით, არავის აქვს უფლება, საჯარო სამსახურებში რესტრუქტურიზაციის მოტივით, მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფნაზე თანხმობის მიზნით, ხელის მოწერა აიძულოს ან მიუთითოს თანამშრომლებს. თუ მაინც გააკეთებენ ამას, შედეგი ასეთია: ცხადდება ახალი კონკურსი, რომელსაც, თუ სხვა პირი წარმატებით გაივლის (ან გაატარებენ), მოვალეობის შემსრულებელი უმუშევარი რჩება. ამ ფორმით ვიღაც სხვისთვის ვაკანსიის ხელოვნურად შექმნის მცდელობა არახალია. ამიტომაც იურისტები ყველას ურჩევენ, თუ გაიძულებენ მსგავსი განცხადების დაწერას, მოითხოვეთ პასუხი, რის საფუძველზე გაიძულებენ. წნეხს უნდა გაუძლოთ.

ნინო ფაშურიშვილი, იურისტი: -
ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. მითითება "დაწერე განცხადება და დაგნიშნავ მოვალეობის შემსრულებლად", არის რეალაქტი, რომელსაც სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია, რამდენადაც არც ერთი კანონი ამ უფლებამოსილებას ადმინისტ რაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს არ ანიჭებს. აღნიშნული აქტი არის ბათილი, არასავალდებულო შესასრულებლად.

ეკა ლომიძე
Soxumi lukas
25 სექტემბერი 2016 14:53
Xo nacebi aklebdnen xo ici,mixuas dzmakacma roman pipiam martvilis tyeshi xe rom ar datova mashin sad iyavi?
ლუკა
25 სექტემბერი 2016 03:00
მიდი და მიეცი ქართულ ოცნებას ხმა არჩევნებზე ასეთი ბუნების მტერი პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ბევრი არ ყოლია დამოუკიდებლობის შემდეგ. გაანადგურეს ბუნება ბრაკონიერებმა. ღამით ეზიდებიან გაჩეხილ ტყეს ქარავანით. ტყე აღარ დარჩა გაუნადგურებელი. გარედან შეხედავ ტყეს გავს. შეხვალ შიგნით და უზარმაზარი მინდორია გაჩეხილი ხეებით. ხან ხეებს წამლავენ და კლავენ. ვითომ თავად გახმა და მერე ჭრიან. გარეულ ცხოველებს ხომ დანდობა არ აქვთ. რისი შეჭმაც შეიძლება მუსრს ავლებენ. ირემი და დათვი აღარ დარჩა. მაჩვებსაც კლავენ, მელიებსაც. სრული არმაგედონი აქვთ ბუნებაზე გამოცხადებული და მთავრობა ხელს აფარესბს! მეზიზღება ეს ქართული ოცნება! მეზიზღება ყველა პოლიტიკური პარტია ვინც ბუნებას ანადგურებს!
Soxumi
23 სექტემბერი 2016 23:32
Tyeshi xe ar datoves da mdinareshi tevzi.ram gagamwarat tqve ubedurebo ase umowyalot rom eqcevit tqvens qveyanas.mecodeba saqartvelo.gtxovt qartvelebo nu gaxdebit pulis monebi.mova dro da am yvelapristvis eri pasuxs agebs.gavuprtxildet chvens lamaz qveyanas,gamopxizldit qartvelebo sanam droa

რედაქტორის რჩევით