"ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები" - კვირის პალიტრა

"ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები"

"ლევანმა უნდა გაარკვიოს, რა უნდა და მის გადაწყვეტილებაზე აიგება ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა"

სოზარ სუბარის ოპოზიციასთან დიალოგმა "ალიანსს საქართველოსთვის" მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პარტია შემატა. "ეროვნულმა საბჭომ" მერობის კანდიდატი დამოუკიდებლად გამოავლინა. ლევან გაჩეჩილაძეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. ოპოზიციამ უარი თქვა გამარჯვების ფორმულაზე - "ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ". ნოღაიდელი  ყირგიზეთის სცენარის საქართველოში გამეორებას ვარაუდობს.

ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების შეფასებით დავიწყეთ საუბარი "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან:

- ბატონო ირაკლი, "ალიანსი" გამარჯვების ფორმულას ეძებდა და ეს სალომე ზურაბიშვილთან გაერთიანება აღმოჩნდა?

- რაც შეეხება "ალიანსს", ჩვენ ვიპოვეთ გამარჯვების ფორმულა - ეს არის ერთობა საკუთარ ხალხთან, ამომრჩეველთან. საზოგადოებაში ცვლილების დიდ სურვილს ვხედავთ. თბილისის ყველა უბანში მქონდა შეხვედრა  და დავრწმუნდი, რამდენად დაუცველია მოსახლეობა, რაოდენ დიდია უსამართლობის განცდა, რომელსაც ხელისუფლება, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ნერგავენ.

ეს უკვე აუტანელია. საზოგადოება ითხოვს ცვლილებას, ოღონდ მშვიდობიანად, არჩევნების გზით. თბილისის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი დაუსაქმებელია. ეს არასწორი ეკონომიკური, საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის შედეგია. ჩვენ კონკრეტულ გამოსავალს შევთავაზებთ მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებს. გვექნება დაახლოებით 25-მილიონიანი ფონდი, რომელიც მოხმარდება იმ პროექტების ხორცშესხმას, რომელსაც მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლები წარმოგვიდგენენ. თბილისის მერი პასუხისმგებელი იქნება საკუთარ ამომრჩეველთან და ამ პოზიციიდან ილაპარაკებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

- სოზარ სუბარის დიალოგმა ოპოზიციასთან არაერთი კითხვა გააჩინა. იყო თუ არა ეს თქვენთან შეთანხმებული?

- ეს იყო "ალიანსისა" და სოზარ სუბარის  მცდელობა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებით მიეღწიათ შეთანხმება რამდენიმე საკითხზე. მხოლოდ მერობის ერთიან კანდიდატზე კი არა, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ მაჟორიტარი კანდიდატები ერთმანეთთან შეთანხმებით წამოგვეყენებინა. ამით "ალიანსმა" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდით გაერთიანების მიღწევას. ჩვენ პირნათელი ვართ საზოგადოების წინაშე.

ერთი თვის წინ ანალოგიური რამ მეც ვცადე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს ეროვნულ საბჭოსთან იმის თაობაზე, თუ როგორ ვაწარმოოთ კამპანია, ნოღაიდელის პარტიასთან კი  - საგარეო პოლიტიკასა და საქართველოს პერსპექტივებზე, ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა.

- მაგრამ ეს ხომ ადგილობრივი არჩევნებია, რომელზეც საგარეო ორიენტაციის საკითხი არ წყდება?

- ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები - ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიულობაზე. ამიტომაც  უნდა გაერთიანდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ღირებულებითი თანხვედრა აქვთ. რამდენიმე დღის წინ "საქართველოს გზა" შემოუერთდა "ალიანსს" და სწორედ  ეს არის ისეთი ერთობა, რომელსაც იდეოლოგიური და  ღირებულებითი საფუძველი აქვს.

- მრეწველთა ლიდერმა განაცხადა, მიუღებელია "ალიანსისაგან" ალასანიას კანდიდატურის ულტიმატუმის ფორმით შემოთავაზებაო.

- ჩემი კანდიდატურა თბილისის მოსახლეობის გარდა არავისთვის შეგვითავაზებია.  როდესაც "ალიანსმა" განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას,  იმ პოლიტიკური ძალების უმეტესობა, ვინც დღეს ასევე აპირებს ამ პროცესში ჩართვას, უარს აცხადებდა არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, გვყავს ჩვენი კანდიდატები და ულტიმატუმით არავისთან გვილაპარაკია.

სულაც არ გვინდა ოპოზიციურ ძალებთან კონფრონტაცია, საზოგადოება დაიღალა კინკლაობით. ჩვენი სამიზნე ხელისუფლებაა და ყველა ოპოზიციურ ძალას მოვუწოდებ, გააგრძელოს ბრძოლა ხმებისათვის,  დაუმტკიცონ მოსახლეობას, რით არიან სხვა კანდიდატზე უკეთესი.

- ვერ მოხერხდა შეთანხმება ლევან გაჩეჩილაძესთან, რომელსაც შეეძლო არაერთი ხმა მოეტანა "ალიანსისათვის". თქვენი პირადი რეიტინგი და "ალიანსში" შემავალი  პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა 30%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალებას ნაკლებად იძლევა და როგორ აპირებთ გამარჯვებას?

-  სოციოლოგიურ  კვლევებს თავი დავანებოთ. მთავარია საზოგადოების განწყობა, რომელსაც ცვლილებები უნდა. რაც შეეხება ლევანს, ჩვენი მეგობრობა მხოლოდ პოლიტიკური ხედვით არ იფარგლება. ლევანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი ან თავად დააყენოს კანდიდატურა. ლევანმა უნდა გაარკვიოს, რა უნდა და მის გადაწყვეტილებაზე აიგება ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა.

- პრობლემა ის არის, რომ ლევან გაჩეჩილაძე უარს ვერ ამბობს "ეროვნულ საბჭოში" შემავალ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაზე?

- ლევანსა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ,  პრობლემების ძებნას აჯობებს, საღად შეაფასონ შექმნილი ვითარება. არჩევნებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი, ყოყმანის დრო აღარ არის. პრაიმერის მომხრე ძალებმა უკვე გამოკვეთეს კანდიდატურები. მოსახლეობისათვის არჩევანი უკვე ნათელია. მჯერა, მოსახლეობას ეყოფა სიბრძნე და გამოცდილება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

- როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, გიგი უგულავას 64%-იანი მხარდაჭერა აქვსო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ დაუთმობს თბილისს ოპოზიციას.

- შს მინისტრის ინტერვიუ ფორმითა და შინაარსით ზიანის მომტანია ქვეყნისთვის. ამ ინტერვიუს წაკითხვისას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას შეექმნა აზრი, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი წინდაუხედავი კაცია. თავი დავანებოთ იმას, რას სჩადის მერაბიშვილი, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ინტერვიუს შემდეგ შს მინისტრი თანამდებობას დატოვებდა. საქართველოს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანთა მცირე ჯგუფი მართავს.

ეს არის ერთი არასერიოზული კაცის ინტერვიუ, რომელიც  არ ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ნათქვამს. სათუოდ უნდა შევისწავლოთ ის ფაქტები, რომლებიც მერაბიშვილს მოჰყავს ინტერვიუში, ასევე, ისიც, როგორ დაიგეგმა 13 მარტის "ქრონიკა".

- ხავერდოვანი რევოლუციებით მოსული მთავრობები უკრაინასა და  ყირგიზეთში შეიცვალა. ხომ არ ელით, რომ "ვარდების" ხელისუფლებაც ნარინჯისფერი და ტიტების რევოლუციით მოსული მთავრობების ბედს გაიზიარებს?

- საზოგადოდ, რევოლუცია ხელისუფლების ბრალია ხოლმე. საქართველოს მსგავსად "ტიტების რევოლუციით" ყირგიზეთის ხელისუფლებაში მოსული მმართველი გუნდი კორუფციაში ჩაება, დაივიწყა ხალხი, დამკვიდრდა უსამართლობა, ვერ იმუშავეს იმ ინსტიტუტებმა, რომელთა მეშვეობით დემოკრატია დამყარდებოდა და სახელმწიფო განვითარდებოდა.

ამის გამო გამოთქვეს ყირგიზელებმა პროტესტი, რამაც მერე ძალადობრივი სახე მიიღო. თუკი საქართველოში ამგვარი რამ მოხდება, ეს უპირველესად ხელისუფლების ბრალი იქნება. ბუნებრივია, გარე ძალები ეცდებიან არეულობის გამოყენებას და პოლიტიკური ლიდერის მოვალეობაა, აარიდოს ქვეყანას ეს განსაცდელი, რაც სააკაშვილმა ვერ გააკეთა 2008 წელს და კვლავაც ძველ გზას ადგას.

დაუშვებელია საქართველოში პროცესების ყირგიზეთის მოდელით განვითარება, რადგან საზოგადოებაც და პოლიტიკური ძალების უმეტესობა მშვიდობიან ცვლილებას ემხრობიან. ქვეყნის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის გზა არჩევნებზე გადის. სხვაგვარად მოვლენების განვითარება ჩვენს ქვეყანაში გამორიცხულია.

ამას პირადად აღვუდგები წინ. არჩევნების გარდა სხვა გზა ანარქიას  მოიტანს და ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება. მე გამარჯვებისათვის ვარ განწყობილი. მზად ვარ, მოვიპოვო და დავიცვა ამომრჩევლის ხმა.