"არ შეიძლება ასეთი რამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეთქვა" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ასეთი რამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეთქვა"

"ჩვენ დიდი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ!"

"უკრაინის არჩევნების შედეგების მიუხედავად, მაინც ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ იუშჩენკოს საქმიანობას"

"ხმების არასწორ დათვლას ამ ქვეყანაში ერთხელ უკვე მოჰყვა რევოლუცია"

ინტერვიუში, რომელიც შინაგან  საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაზეთ "კომერსანტს" მისცა, ლაპარაკია რუსი ოკუპანტებისათვის სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად 50 ათასი დოლარის გადახდაზე, ბაგრატიონთა ქორწინებასა და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. საზოგადოების დიდი ნაწილისათვის შოკის მომგვრელი ინტერვიუს შეფასებით დავიწყეთ საუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილთან:

- ამ ინტერვიუს თაობაზე სიმართლის გარკვევასა და ინფორმაციის დაზუსტებას ველოდები შინაგან საქმეთა მინისტრისაგან. ჩემი აზრით, ეს არის ან თარგმანის, ან  ინტერვიუს უზუსტობა, ან ინტერპრეტაცია. არ შეიძლება ასეთი რამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეთქვა. ამ ინტერვიუს სიზუსტეში ეჭვი მეპარება. რაც შეეხება ოკუპანტთან ურთიერთობას, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება ომის დროსაც მიმდინარეობს. წარმოგიდგენიათ, რომ ომის დროს ტყვეთა გაცვლაზე არ იყოს ლაპარაკი?

- მაგრამ ამ შემთხვევაში ტყვეთა გაცვლაზე კი არა, სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად თანხის გადახდაზეა ლაპარაკი.

- ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს იმდენი ძალა, ჭკუა და ნება აქვს, თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტდა, გააკეთებდა კიდეც და არც ასეთ ინტერვიუს მისცემდა. მეეჭვება, რომ ჟურნალისტმა ზუსტად გადმოსცა ის, რაც მინისტრმა თქვა.

- ანუ ეს მოდელირებული ინტერვიუა?

- ნამდვილად ზუსტი შეფასებაა. პირი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს ჩამოართვა ინტერვიუ, ალბათ ვანო მერაბიშვილის ნალაპარაკების მოდელირებას ისახავდა მიზნად და შედეგიც სახეზეა.

- მოდელირებულ ქართულ ტელემედიაზე, კერძოდ, "ქრონიკის" 13 მარტის გადაცემაზე  რას იტყვით?

- ვერ გავიგე მისი მიზანი. თუმც რეალობა, რაც ამ გადაცემაში იყო ასახული, არც მთლად დაუჯერებელია. ჩვენ ხომ ჯერ  კიდევ არ გადაგვიტანია რუსული აგრესიისაგან მიღებული ტრავმა. ამიტომაც ერთმანეთის მეტად გაფრთხილება გვმართებს.

ქართველმა ერმა საუკუნეების განმავლობაში არაერთ მძიმე გამოცდას გაუძლო. საკმარისია, ჩვენს ხალხს ახლა მშვიდობა და სიმშვიდე სჭირდება. 20 წელია ქართველი ჟურნალისტები ყველაზე ცხელი წერტილებიდან აშუქებდნენ მოვლენებს, ომი გამოიარეს და მაშინ არ მოსვლიათ ისეთი შეცდომა, რაც "ტელეიმედმა" დაუშვა. ყოვლად მიუღებელია ის, რაც "იმედის" სპეციალურ რეპორტაჟში ვიხილეთ. მიუღებელია, როცა იმიტაცია ეხება ჯარს, სამშობლოს, რწმენასა და დედას.

- ისევ ვანო  მერაბიშვილის ინტერვიუს მივუბრუნდეთ. გამორიცხავთ, რომ მინისტრს განეზრახა, რუსების ხელით აეფეთქებინათ  სტალინის არასასურველი ძეგლი? ამით ხელისუფლება ნაკლებად გააღიზიანებდა გორის მოსახლეობას და მოიცილებდა ძეგლსაც, რომელიც კარგა ხანია ნერვებს უშლის.

- ბატონ ვანო მერაბიშვილს არ სჭირდება შემოვლითი გზებით მოქმედება. შეუძლია გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია. არ მინდა მინისტრს ცილი დავწამო. ვფიქრობ, რუს ჟურნალისტს უნდოდა ასეთი ინტერვიუს გაკეთება და გააკეთა კიდეც.

- ჩვენს სამეზობლოში შექმნილმა ვითარებამ და მეორე რევოლუციამ ყირგიზეთში რამდენად შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა საქართველოზე?

- ცხადია, რაც ხდება,  არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს და ამიტომაც ფრთხილად  უნდა ვიყოთ. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, განგებამ ძალზე მძიმე ხვედრი არგუნა საქართველოს. კავკასიის რეგიონის ბედი საქართველოში წყდება, აქ ძევს ომისა და მშვიდობის გასაღები.  ამიტომაც გვჭირდება დიდი სიფრთხილე, ნაბიჯების მოზომვა. ჩვენი სამშობლო სხვადასხვა ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის მოდელია.

თბილისი, რომლის თითოეული უბნის უკან კონკრეტული ქვეყანაა, საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ უნდა იცხოვრონ ერთად სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა. ცხადია, ამ ქვეყნებში მიმდინარე თითოეული მოვლენა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. დიდი გონიერების გამოჩენა გვმართებს, რომ კავკასიას ცეცხლის ალი არ მოედოს.

ის, რაც რუსეთში მოხდა, რუსეთის ხელისუფლების კი არა, მოსახლეობის ტრაგედიაა. ტერაქტებისა და ომების დროს უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან.

- ხავერდოვანი რევოლუციები (ვარდების, ნარინჯისფერი და ყირგიზეთის ტიტების რევოლუცია), თავის დროზე, დემოკრატიის მარშად მოინათლა, მაგრამ რევოლუციური მონაპოვარი ყირგიზეთმა  და უკრაინამ ვერ შეინარჩუნეს.

- უკრაინის არჩევნების შედეგების მიუხედავად, მაინც ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ იუშჩენკოს საქმიანობას. მან შეძლო დაძაბულობის გარეშე ჩაეტარებინა არჩევნები და თავისი ხალხისათვის მშვიდობა მოეტანა. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი.

- მაგრამ ახლა უკრაინამ უარი თქვა ნატოზე.

- უკრაინაში ბევრად უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. საქართველოს ყველაზე დიდი მომავალი ევროკავშირის წევრობაა, მაგრამ გაერთიანებისათვის ქვეყნის არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. ის, რაც ყირგიზეთში მოხდა, ძალიან ცუდია. აი, სად აჯობა უკრაინამ ყირგიზეთს. როდესაც სასწორზე ქვეყანა და ხალხის სიცოცხლე დაიდო, უკრაინის ხელისუფლებამ გონივრული გამოსავალი გამონახა.  1989 წლის 9 აპრილს საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკვე გაიღო თავისი წილი მსხვერპლი, იმდენად დიდი, რომ მეტი რესურსი აღარა გვაქვს. ჩვენი გზა მხოლოდ მშვიდობიანი უნდა იყოს.

ის, რაც ყირგიზეთში მოხდა, უბედურებაა. უბედურებაა, როდესაც მტრის ანკესზე წამოეგები, ძმის სისხლს დაღვრი და მსოფლიოს დაანახებ, რომ შენი ქვეყნის მშვიდობიანი მართვა არ შეგიძლია.

- საქართველოში არჩევნები ბეწვის ხიდზე გავლაა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სოციოლოგიური კვლევებისა და საარჩევნო სიების მანიპულაციით არჩევნები უკვე გაყალბებულია. ნოღაიდელი ამბობს, ყირგიზეთი მოგენატრებათ, არჩევნების გაყალბება სიცოცხლის ფასად დაუჯდება მერაბიშვილსო.

- არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მუქარა მხოლოდ მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. ქართველი ხალხი არჩევნების  გაყალბებას რომ არ ეგუება, იმიტომაც მოხდა რევოლუცია. მთავრობის ცვლილება არ ღირს ქვეყნის შიდა არეულობად და სისხლის ღვრად. ეს კატეგორიულად მიუღებელია. პოლიტიკოსებს ქიშპობაში გვავიწყდება, რომ არჩევნებზე ხალხია მთავარი, ის ირჩევს პოლიტიკოსებს. გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ხალხთან ვართ ანგარიშვალდებული.

- სულ გვესმის, რომ ხელისუფლება არ დათმობს თბილისს. თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, არ აღიარებსო.

- როდესაც მოქალაქე ხმას გაძლევს და გენდობა, ცხადია, არ უნდა დათმო. თუ მოსახლეობამ, შენმა ამომრჩეველმა მოგცა ხმა, ის უნდა დაიცვა, რათა ამით სამართლიანი არჩევანი დაიცვა, ოღონდ არა ყველაფრის ფასად. ეს მშვიდობიანად და სამართლიანი გზით უნდა გააკეთო.

- როგორ მშვიდობიანი გზით? ოპოზიცია ირწმუნება, ცესკოთი და სასამართლოში სიარულით ხმების დაცვა შეუძლებელიაო.

- მინდა ოპოზიციას რეკომენდაცია მივცე,  - დაქსაქსულობა გასუსტებთ. ოპოზიციას  რომ გაერთიანება მოეხერხებინა, მეტად გაძლიერდებოდა და საშუალება ექნებოდა, წარმოდგენილი ყოფილიყო მმართველობით ორგანოებში.   საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვამბობ, სჯობს, ოპოზიცია გაერთიანდეს.

რას ნიშნავს, ხელისუფლება არ დაწერს იმ ხმებს, რომლებიც მოიპოვა ოპოზიციამ? ხმების არასწორ დათვლას ამ ქვეყანაში ერთხელ უკვე მოჰყვა რევოლუცია.

- კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლოა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდეთ... გაქვთ ინფორმაცია, ვინ იქნება თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი?

- ამ ეტაპზე გიგი უგულავას ალტერნატივა არა ჰყავს. მე კი სამგორის რაიონის მაჟორიტარი ვარ.

- სახელისუფლებო გუნდმა რომ დაგავალოთ?

- დავალება არ იქნება. ჩემს საქმიანობას შეაფასებენ და როდესაც გაირკვევა, რომ დაპირებების მხოლოდ 10%  შევასრულე, როგორ დამასახელებენ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად? არც მინდა თავმჯდომარეობა. როდესაც ოპერაციას იკეთებ, თვალდახუჭული უნდა ენდობოდე ანესთეზიოლოგს და ექიმს, რომელიც ოპერაციას აკეთებს.

ქალაქის მერადაც და საკრებულოს თავმჯდომარედაც ისეთი პირებია საჭირო,  რომელთაც თვალდახუჭული ვენდობი. გარწმუნებთ, ამ არჩევნებზე  ხმებს ვერავინ ვერავის წაართმევს. საქართველოს ახლა ლუპით უყურებენ, არის თუ არა დემოკრატიის გზაზე. ჩვენ გვიყურებს ჩვენი ქვეყნის დროებით მოწყვეტილი ნაწილი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

უფლება არა გვაქვს, მოლოდინი გავუცრუოთ მსოფლიოსა და ჩვენს ხალხს.

დასასრულ,  წინასწარ მინდა "კვირის პალიტრას" 15 წლის იუბილე მივულოცო. ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლებაა. "კვირის პალიტრა" დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიასივრცეში გამორჩეულია. სახარებაში წერია, პირველად იყო სიტყვაო. თქვენ დიდი და საპატიო მისია გერგოთ, - თავისუფალ სიტყვას ემსახურებით!

P.S. კატინის სულისშემძვრელი ტრაგედიის შემდეგ კვლავ რუსუდან კერვალიშვილს დავუკავშირდით. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პოლონელ ხალხსა და საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა: - შოკირებული ვარ.

საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა. 2008 წელს ლეხ კაჩინსკი ჩვენზე ადრე დადგა საქართველოს დასაცავად იმ მოედანზე, რომელიც არავინ იცოდა, დაიბომბებოდა თუ არა. ამით შეაჩერა ის ბომბები, თბილისში რომ უნდა ჩამოეყარათ.

გვახსოვდეს კატინი. პოლონეთის საუკეთესო შვილები იქ 70 წლის წინ დაიღუპნენ და გასულ კვირას მათ ჩვენი მეგობრებიც შეუერთდნენ. განუცხადებელი ამქვეყნად არაფერია. უსათუოდ გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში. დღეს ქართველი ხალხიც ისევე დამწუხრებულია, როგორც პოლონელი ერი. ლეხ კაჩინსკის სახით არა მარტო პოლონელებმა, ჩვენც დავკარგეთ დიდი ადამიანი და მეგობარი.