ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს?! - რა ინფორმაციას მალავენ დიდი თანხის შემწირველები და რატომ დაიბარეს ისინი აუდიტის სამსახურში?! - კვირის პალიტრა

ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს?! - რა ინფორმაციას მალავენ დიდი თანხის შემწირველები და რატომ დაიბარეს ისინი აუდიტის სამსახურში?!

საარჩევნო კამპანია დაიწყო თუ არა, პოლიტიკური პარტიებისთვის გადარიცხული შემოწირულობების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. ვინ არიან პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები, რა ინფორმაციას მალავენ ისინი და რატომ იბარებს ზოგიერთ მათგანს სახელმწიფო აუდიტის სამსახური?! ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ზურაბ აზნაურაშვილს დაუკავშირდა:

- ჩვენ ვსწავლობთ ინფორმაციას თითოეული ფიზიკური თუ იურიდიული პირის შესახებ, ვინც კი თანხას ურიცხავს პოლიტიკურ პარტიებს. მათ შესახებ ინფორმაციას ვთხოვთ შემოსავლების სამსახურს, მონაცემებს ვაანალიზებთ და ამის მიხედვით ვწყვეტთ, ვინ დავიბაროთ დაკითხვაზე. თუ დაზუსტდა, რომ შემოწირულობა უკანონოა, შემომწირველი არაკანონიერად გაღებული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება. ჯერჯერობით 80 შემომწირველიდან ხუთი დაჯარიმდა, დანარჩენებზე კი მოკვლევა მიმდინარეობს. ამ 80 ფიზიკური პირიდან (რომლებმაც პარტიებს თანხა ივნისის თვეში ჩაურიცხეს) 33 შემწირველია პარტიისა "სახელმწიფო ხალხისთვის", 20 - "ქართული ოცნების", 15 - "პატრიოტთა ალიანსის", ორი-სამი - "ნაციონალური მოძრაობის" და ა.შ. ამასთან, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ორი ოქმი უკვე შევადგინეთ.

- რა გახდა ამის მიზეზი?

- "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა რიმა ბერაძემ, რომელიც საკრებულოში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა, უხელმძღვანელა საქველმოქმედო აქციას, რომელიც პედაგოგების უფასო სამედიცინო გამოკვლევას ითვალისწინებდა. ამ საქმეში ჩართული იყო "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალიც". მათი ღონისძიება არაფულად შემოწირულობად ჩაითვალა, რაც დეკლარირებული არ იყო, პარტიამ კი წინასაარჩევნო პერიოდში სარგებელი მიიღო...

დაჯარიმდა ფიზიკური პირი, რომელსაც უნდოდა, "პატრიოტთა ალიანსისთვის" 150.000 ლარი შეეწირა, დადგენილი წესის მიხედვით კი 60.000-ზე მეტი ლარის შეწირვა არ შეეძლო. ამიტომ მან 90.000 ლარი თავის ძმას და მეუღლეს გაუნაწილა და თანხა ამგვარად გადარიცხა. იგი 180.000 ლარით დაჯარიმდა. ასევე დაჯარიმდა ოთხი ფიზიკური პირი. მათ პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" 5-5 ათასი ლარი შესწირეს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სტაბილური სამსახური, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე, ლომბარდების ფული ემართათ (400-500 ლარის ოდენობით), შესაბამისად, ისინი არაუფლებამოსილ შემომწირველებად ჩაითვალნენ და თითოეული 10.000 ლარით დაჯარიმდა.

ამჯერად დაკითხვაზე 44 ფიზიკური პირი გვყავს დაბარებული. მათ სხვადასხვა პარტიას ფული ივლისში გადაურიცხეს. ამ 44-დან 33-მა თანხა "ქართულ ოცნებას" შესწირა, 4-5-მა - პოლიტიკურ მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის", 2-3-მა კი - "პატრიოტთა ალიანსს"...

- იურიდიული პირები თუ დააჯარიმეთ არასწორად განხორციელებული შემოწირულობების გამო?

- ჯერჯერობით არც ერთი იურიდიული პირი დაჯარიმებული არ არის, თუმცა ვსწავლობთ მონაცემებს - რა მოგება აქვს ამა თუ იმ შპს-ს, აქვს თუ არა საკმარისი შემოსავალი, სახელმწიფო ტენდერების გზით მიღებულ ფულს ხომ არ სწირავს პარტიას...

ნატალია ხოხიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე: - კარგად გვახსოვს პერიოდი, როცა ბიზნესმენებს ე.წ. სტავკები ჰქონდათ და ფულს მხოლოდ მმართველი პარტიისთვის იმეტებდნენ. ერთი შეხედვით, ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტმა" მმართველი პარტიის ანგარიშზე 120.000 ლარი გადარიცხა. იმავე ოდენობის თანხა გადარიცხეს შპს ჯი-ემ-პი-მ, შპს ,,გაგრამ+", შპს ,,ნიუ ჯორჯია-555"-მა. შპს "პრაიმმა" გადარიცხა 100.000 ლარი, შპს DAR BUILDING -მაც - 100.000 ლარი, შპს ვი-აი-პი-მ - 80.000, შპს ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" კი 30.000 ლარი. მმართველ პარტიას თანხა გადაურიცხა თემურ ჭყონიას სხვა კომპანიებმაც: შპს "თ.რ დისტრიბუშენ"-მა - 15.000 ლარი, შპს "თ.რ დისტრიბუშენ აჭარამ" - 10.000 ლარი, შპს "თ.რ დისტრიბუშენ იმერეთმა" - 5.000 ლარი (არადა, ეს უკანასკნელი "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელიც იყო).

ამ ფონზე უმნიშვნელო ჩანს იურიდიული პირების მიერ სხვა პარტიებისთვის გადარიცხული თანხები. მაგ.: ს/ს ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელმა ქარხანამ 600 ლარი გადაურიცხა ,,ეროვნულ ფორუმს", შპს ,,ციტადელმა" - 10.000 ლარი ,,გირჩს" და შპს "ვითამ" - 500 ლარი ,,ეროვნულ ფორუმს".

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ბიზნესმა ამოისუნთქა და მათ თვითონ აქვთ მმართველი პარტიის დაფინანსების სურვილი, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბიზნესმენები სხვა პარტიების დაფინანსებას ვერ ბედავენ.

თვალში მომხვდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტის" მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული 120.000 ლარი. ამ ორგანიზაციის 40%-იანი წილის მფლობელი (ოფიციალურად) "ქართული ოცნების" სიის 26-ე ნომერი ისკო დასენია, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, მფარველობს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.

უცნაურია, როცა "წარმატებული ბიზნესმენები" წარმატებულ ბიზნესს ტოვებენ და შედარებით მცირეშემოსავლიან სამსახურში, პარლამენტში მიდიან, რაც კითხვებს აჩენს. კიდევ ერთმა შპს-მ - DARLDING -მა "ქართულ ოცნებას" 100.000 ლარი შესწირა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითაც ირკვევა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალულია ამ კომპანიის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვა-გასხვისება, რაც ფინანსურ პრობლემებზე მიანიშნებს. იმედი მაქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ფაქტითაც დაინტერესდება. დარწმუნებული ვარ, რომელიმე საეჭვო შემომწირველს ხელს არავინ დააფარებს.

სხვა პარტიებსაც აფინანსებენ იურიდიული პირები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, არცთუ დიდი თანხით, ამიტომ მათი გადარიცხვების შესწავლა ჯერ არ დაგვიწყია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ხშირად შემომწირველებად გვევლინებიან თვითონ მაჟორიტარობისა და დეპუტატობის ის კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული პარტიების სიების სათავეში არიან.

საინტერესოა, რის სანაცვლოდ სწირავენ ისინი თანხას?!

დაფინანსების მიხედვით "ქართული ოცნება" და "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერობს

მმართველი პარტია დაფინანსების მიხედვით პირველობას არავის უთმობს. მაგალითად, ივნისში მისთვის გაღებული შემოწირულობა 1 028 420.00 ლარი იყო. მეორე ადგილზეა პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" (741 942.00 ლარი), მესამე ადგილზე კი - ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (174 930.00 ლარი).

ივლისში მმართველი პარტიის დაფინანსება გაორმაგდა, რასაც სხვა პარტიებზე ვერ ვიტყვით. პირველ ადგილზე კვლავ ,,ქართული ოცნებაა" (2 124 570.00 ლარი). მეორე ადგილს პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" ინარჩუნებს (621 527.00 ლარი), "პატრიოტთა ალიანსი" კი მესამე ადგილს "თავისუფალ დემოკრატებს" უთმობს.

აგვისტოში პარტიების ხარჯი და შესაბამისად, მათთვის ფინანსური შემოწირულობებიც იზრდება. ,,ქართული ოცნება" დიდი თანხით - 5 593 420.00 ლარით ფინანსდება, ,,სახელმწიფო ხალხისთვის" 662 014.99 ლარით ისევ მეორე ადგილზეა, მესამე ადგილზე კი (475 824.95 ლარი) ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინაცვლებს. სექტემბრის მონაცემები ჯერჯერობით წარდგენილი და გამოქვეყნებული არ არის.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლით მკაცრად არის განსაზღვრული შემოწირულობების ოდენობა. კერძოდ, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულობის საერთო ოდენობა (წელიწადში) 60.000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისგან 120.000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ეკა ასათიანი