"ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!"
26-09-2016
"ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!"
"არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებასა და ცუდ პარტნიორობაში დამდეს ბრალი"

"დადგნენ ივანიშვილის გარეშე და კი ბატონო, ვიპაექროთ..."


პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის დაპირისპირება წინასაარჩევნოდ აქტიურ ფაზაში შედის - მართალია, ბიძინა ივანიშვილი პინგ-პონგის თამაშზე ახლა უარს ამბობს, თუმცა ფაქტია, რომ რეალური პოლიტიკური დებატები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მით უმეტეს, რომ დავით უსუფაშვილმა პირადი მიმოწერების გამოქვეყნება დაიწყო­ და საჭიროების შემთხვევაში, მომავალშიც გამოაქვეყნებს. რა გახდა ბიძინა­ ივანიშვილთან დაპირისპირების რეალური მიზეზი და
რას პასუხობს ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს, "კვირის პალიტრას" პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრა:

- რატომ გადაწყვიტეთ პირადი მიმოწერის­ გამოქვეყნება ან რას ამტკიცებს დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებას გააცანით?
- ეს არ არის პირადი წერილი ან სახელმწიფო საიდუმლო. მასში დღევანდელო­ბისა და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა ლაპარაკი. სახელმწიფოზე,
პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებასა და ცუდ პარტნიორობაში დამდეს ბრალი, დოკუმენტის გასაჯაროებით კი საქმის ჭეშმარიტი ვითარება განვმარტე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად, ბრალდებები არ წყდება - ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, რადგან არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს, რაშია საქმე და სადაა სიმართლე! გასაჯაროებული დოკუმენტი ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციასა და ცივილიზებული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე.

- ივანიშვილის განცხადებით, მას თქვენთან­ პინგ-პონგის თამაშის სურვილი არა აქვს. თქვენ აგრძელებთ მასთან პოლიტიკურ დებატს?
- რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ დებატები და ერთმანეთის პოზიციებზე აზრის გამოთქმა აუცილებელია. შესაძლოა, დღეს ბატონ ბიძინას პინგ-პონგის თამაშად ეჩვენება ჩემი პასუხი, ხვალ კი, ჩოგბურთი ან ბადმინტონი უწოდოს, თუმცა ვერაფერს გავხდებით - ის თავისი ნებითაა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში­ ჩართული, მეტიც, გაცილებით ხშირად ლაპარაკობს პოლიტიკურ სპექტრზე, ვიდრე­ პარტი­ის ოფიციალური ლიდერი კვირიკაშვილი.

- თავად ბიძინა ივანიშვილი მედიასთან თითქმის ყოველ შეხვედრაზე ხაზგასმით აფიქსი­რებს, რომ პოლიტიკაში არ არის ჩართული.
- როლის მორგება, რომელიც ბატონმა ბიძინამ ჩაიფიქრა, ისეთი დიდი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებისთვისაც კი, როგორიც თავად ივანიშვილია, შეუსრულებელია. ფეხბურთში მიზნად კარში გოლის გატანაც დაისახო და ნეიტრალური მსაჯისაც, არ გამოვა.

ჩემი აზრით, დღეს ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აზარალებს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", თავად მის პიროვნულ ექსპერტობასა და ავტორიტეტსაც, პოლიტიკური პარტიისთვის კი ლიდერის ავტორიტეტის შელახვა სახარბიელო ნამდვილად არ არის. გიორგი კვირიკაშვილი კარგი პრემიერია, თუმცა მინდა ის პარტიის კარგ ლიდერადაც ვიხილო. მას სჭირდება მეტი საშუალება, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს.

- ბიძინა ივანიშვილი ზღუდავს?
- არ ვამბობ, რომ ივანიშვილი ხელებს უგრეხს, საუბარია იმაზე, რომ მას მეტი თანამოაზრე სჭირდება გვერდით. ჯერჯერობით ის მთავრობის საქმეებითაა დაკავებული.

- ეკა ბესელიას თუ მიიჩნევთ პრემიერის ასეთ თანამოაზრედ, რომლის განცხადებითაც­ თქვენ მუდმივად აყვედრით საკუთარ თავს ქვეყანას, კოალიციასა და თანაგუნდელებს?
- სამწუხაროდ, ეს უკვე ტენდენციაა - თუ ერთად ვართ, ვმეგობრობთ, თუ განსხვავებულ პოზიციებზე ვდგავართ - მტრები ვართ. ეს გასული საუკუნეების აზროვნებაა და მას 21-ე საუკუნესთან საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, იქნებ ჩემმა კოლეგებმა საკუთარ თავს შეხედონ, რის გამო არიან პარლამენტში და ვის ზურგს უკან ამოფარებულები მაკრიტიკებენ.
დადგნენ ივანიშვილის გარეშე და კი ბატონო, ვიპაექროთ, ვის რა შესაძლებლობა აქვს.

- თქვენი კოლეგები მმართველი პარტიის "ნაცმოძრაობასთან" შედარებამ გააბრაზა. რატომ აცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა?
- დიახ, ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთნაირი მისწრაფებები აღმოაჩნდათ, ორივე სხვადასხვა ტერმინით ერთს გვეუბნება - პოლიტიკაზე ექსკლუზივი მე მინდაო.­ დღეს ივანიშვილი ამბობს, არ მინდა"რესპუბლიკელები, "თავისუფალი დემოკრატები" და სხვები, სამაგიეროდ, მჭირდება ხალხი, ვინც მიშას მორჩილები და მისი ხელისუფლების აპოლოგეტები იყვნენ - ისინი კარგი ადამიანები არიან, პრობ­ლემებს არ შექმნიან, მეტიც,"რესპუბლიკელებზე ჭკვიანებიც კი აღმოჩნდნენ, რადგან მათ "ნაცმოძრაობასთან"­ ბრძოლას მორჩილება ამჯობინეს და თავი გადაირჩინესო.

- თქვენ კოალიციიდან იმ გამონაკლისებს შორის იყავით, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან ინტენსიური ურთიერთობა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდა. სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მსგავსება მხოლოდ ახლა, კოალიციის დაშლისას აღმოაჩინეთ?
- სწორედ ამიტომ გავხდი იძულებული,­ საზოგადოებისთვის ამეხსნა, რომ კოალიციაში ყოფნისას სხვა მომავალზე ვსაუბრო­ბდით და გიორგი კვირიკაშვილსაც სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამიტომ შევთავაზეთ.
ჩვენ არ გვითქვამს, ყველა პარტია განზე გავწიოთ და ყოფილი "ნაციონალები" შევიყვანოთ პარლამენტში მაჟორიტარებადო.
არჩევნების შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება, ახლა კი ივანიშვილის ხედვების ტრანსფორმაციაზე ვერაფერს ვიტყვი. თუ აღმოჩნდება, რომ მისი გზა სწორია, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ, ვშიშობ, იგივე გველოდება, რაც ბოლო წლებია გვჭირს - გულანთებული ადამიანები საშველად მოდიან,­ მაგრამ ზოგს მოთმინება არ ჰყოფნის,­ ზოგს უნარ-ჩვევები და ჩარხი უკუღმა ტრიალდება.
მაგალითად, იქნებ ჩემი კოლეგები დაფიქრდნენ, 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურას 5-6 წლის­ წინანდელი საქმე რომ ამოეტივტივებინა და პარტიების ლიდერების წინააღმდეგ საქმე აღეძრა, რა შეფასებას გააკეთებდნენ? თუ მომავალ ორშაბათს, შემთხვევით, ახალი კადრები გამოჩნდა, ვთხოვ პროკურატურასა და იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, კარგად დაფიქრდნენ - მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს საქმეები შემთხვევითი სულაც არ იქნება.

- პროკურატურას პოლიტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებთ?
- არა, ამას საჯაროდ არ ვაკეთებ, მაგრამ არ ღირს არჩევნებზე მოპოვებული­ "ქართული ოცნების" 2-3%-ით მეტი პროკურატურის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვად. სხვათა შორის,
პროკურატურისა და მურუსიძის საკითხი კოალიციაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახლდათ და თუ ვინმე ამის უარყოფას შეეცდება, იძულებული ვიქნები, დოკუმენტები ყველას თვალწინ დავდო - რას ვლაპარაკობდი პროკურატურასა და სასამართლოზე.

- თქვენი განცხადება უფრო შანტაჟს ჰგავს - იქნებ გვითხრათ, ვისთან და რაზე ლაპარაკობდით თუნდაც პროკურატურაზე?
- რა თქმა უნდა, იმ პირებთან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ვინმე ამას უარყოფს, მასალებს მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვაქვეყნებ. ცალ მხარეს ხელის შეწმენდას ვერ დავუშვებთ.

- თუ კოალიციაში მსგავს პრინციპულ­ საკითხებზე ვერ თანხმდებოდით, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლის ბერკეტი არ გქონდათ, რა იყო თქვენი ფუნქცია გაერთიანებაში­ და რატომ არ დატოვეთ ის?
- ეს შავ-თეთრი აზროვნებაა - თუ პროკურატურის მიმართულებით ვერაფერი შევცვალეთ, არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ საკანონმდებლო დონეზეც. საჯაროდაც­ არაერთხელ გამოგვითქვამს შენიშვნები - მაგალითად, როდესაც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა გაჩერდა, კოლეგებს­ მოვუწოდებდით, ეს საკითხი დროულად გადაგვეწყვიტა. ასევე შემიძლია გავიხსენო­ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების­ დანიშვნის დაგვიანების საკითხი. რაც შეეხება კოალიციას, ბატონმა ბიძინამ პოლიტიკური სათამაშო მოედნიდან გასვლის ნაცვლად, თავისი პერსონალური მომავალი­ უკვე მომავალ ოთხ წელსაც "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა. 2017 წლის თებერვალში საზოგადოება "ქართული ოცნების" წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე პასუხს სწორედ ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვს. ამბობს, არა ვარ პოლიტიკაშიო, ამ დროს ყველაზე დიდი დოზით სწორედ იქ არის, რითაც თვითონაც დაიტანჯება, მისი პარტიაც და სახელმწიფოც. წარსულშიც პრობლემა ეს გახლდათ.

- ცოტა ხნის წინ საჯაროდ კიდევ ორი ეპიზოდი გაიხსენეთ, როდესაც ყოფილი პრემიერი დაგემშვიდობათ და ქვეყანა სამართავად ოფიციალურ პირველ პირებს გადმოგაბარათ. რატომ გახდა აუცილებელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?
- მიზეზი მარტივი იყო - ის პერსონალურად იმდენად დაკავშირებული იყო კოალიციასთან, როდესაც საქმე არასწორად მიდიოდა და სხვას არ ჰქონდა უნარი და წონა, რომ გადაწყვეტილება მიეღო, ავტომატურად ყველა საქმე ისევ ბიძინა ივანიშვილთან წყდებოდა. დანარჩენ დეტალებზე საუბარს ჯერჯერობით არ ვაპირებ.

- თინა ხიდაშელის განცხა­დებით, ბიძინა ივანიშვილს სისაძაგლეებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს. თქვენც ითხოვთ მისგან ბოდიშს?
- ბოდიშს არავისგან ვითხოვ და თინასგანაც არ ველოდი, რომ ვინმეს ბოდიშს მოსთხოვდა. ბოდიშს მაშინ აქვს ფასი, როდესაც ადამიანი ამისთვის თავად მომწიფდები. ბოდიშის მოთხოვნა რა უბედურებაა, ეს ნამდვილად თინამ თქვა ასე?!

- თქვენი პოლიტიკური შანსი თუ გაქვთ გათვლილი - "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან გოგიჩაიშვილთან თქვენი დამარცხების ალბათობა არსებობს?
- მაჟორიტარობის კანდიდატების ძალთა ბალანსი ბევრი ფაქტორის გამო განსხვავდება. შესაძლოა, პარტიას ეროვნული მასშტაბით მეტი რესურსი ჰქონდეს, ვიდრე კონკრეტულ ოლქში. დარწმუნებული ვარ, საბურთალოს მეექვსე ოლქში უსუფაშვილი გაიმარჯვებს, ისევე როგორც, ლევან გოგიჩაიშვილი და სევდია უგრეხელიძე არიან საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული. რომ არ ვთვლიდე, რომ სხვებზე უკეთესი ვარ, კანდიდატურას მოვხსნიდი და მხარს სხვას დავუჭერდი.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით