"გიამ კაცურად შეასრულა მიცემული სიტყვა, გაიყვანა ხალხი სამეგრელოდან, დაბრუნდა ზუგდიდში, მაგრამ სანამ ჩემთან მოვიდოდა, ჩემიანებმა მიღალატეს" - კვირის პალიტრა

"გიამ კაცურად შეასრულა მიცემული სიტყვა, გაიყვანა ხალხი სამეგრელოდან, დაბრუნდა ზუგდიდში, მაგრამ სანამ ჩემთან მოვიდოდა, ჩემიანებმა მიღალატეს"

დაპირისპირება და ქიშპი ქართველ ერს ოდითგან მოსდევს. ამ მანკიერების გამო არაერთი ეროვნული საქმე წამხდარა, არაერთი გამარჯვება ქცეულა დამარცხებად. ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლ ვალტერ შურღაიას მიაჩნია, რომ დღესაც ეს უკეთურობანი მძლავრობს ჩვენში:

- შიდა დაპირისპირება ნიჭიერი ერის თვისებაა. ნიჭიერი ერი ნიჭიერი პიროვნებებისაგან შედგება და თუ ნიჭიერი კაცი მაღალი ზნეობის არ არის, ყოველთვის ცდილობს, თავისი აზრი და მოქმედება დააყენოს პირველ ადგილზე. ქართველები ნიჭიერებიც ვართ, ჭკვიანებიც, მაგრამ გათახსირებულებიც და სწორედ ამან აიძულა ილია ჭავჭავაძე "ბედნიერი ერი" დაეწერა.

KvirisPalitra.Geქართველ ერში დასაბამიდან არსებულმა დაპირისპირებამ თავი ეროვნულ მოძრაობაშიც იჩინა. მაშინაც პირველობისთვის იყო ბრძოლა. არ ვერჩი თამარ ჩხეიძეს, მაგრამ უნდა ვთქვა: როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, თამარ ჩხეიძე გამუდმებით აცხადებდა, მომეცით პირდაპირი ეთერი და ვიტყვი, ვინ არის ზვიად გამსახურდიაო. პუტჩის შემდეგ ოპოზიციის იყო რადიოც და ტელევიზიაც.

თამარ ჩხეიძე გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, როდესაც ზვიად გამსახურდია პროკლამაციების გასავრცელებლად გვიშვებდა, იმდენად იყო შეშინებული, რომ "წრუწუნ კონსტანტინოვიჩი" დავარქვითო. ეს ყოფილა თამარ ჩხეიძის არგუმენტი ზვიად გამსახურდიას გასაშავებლად.  როდესაც ბავშვებს პროკლამაციების გასავრცელებლად, ფაქტობრივად, დასაღუპავად უშვებდა, რასაკვირველია, ზვიადს შეეშინდებოდა, ინერვიულებდა, შესაძლოა, წუწუნებდა კიდეც, რადგან გავლილი ჰქონდა ეს გზა და იცოდა, თუ ახალგაზრდებს დაიჭერდნენ, რამხელა წამება მოჰყვებოდა ამას.

- თამარ ჩხეიძეს აქვს კიდევ ერთი არგუმენტი - ეროვნული მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა 9 აპრილს შეგნებულად არ თქვა უარი სისხლის ღვრაზეო.

- 9 აპრილი ქართველი ხალხის მოგებული ომია. ეს დღე რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ქართველი ერის საოცარი ერთსულოვნება 31 მარტის რეფერენდუმზე და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ზვიადმა თქვა, 9 აპრილის წმინდა სისხლი გაათავისუფლებს საქართველოსო და ამ სიტყვების გამო შეჭამეს, გაუხარდა სისხლის ღვრაო. ზვიადი ქართველი, ქრისტიანი კაცი იყო და როგორ გაუხარდებოდა თანამოძმის სიკვდილი, მაგრამ მან დაინახა, რომ ეს დიდი გამარჯვების დასაწყისი იყო.

ქიშპი და შური ეროვნული ხელისუფლების გამარჯვების შემდგომაც გაგრძელდა. ხშირად გაისმოდა ზვიადზე, რატომ ის და მე - არაო. ერთხელ სესიაზეც წამოაძახა ვაჟა ადამიამ ზვიადს - ჩემი ზურგით შემოხვედი უზენაეს საბჭოშიო. ბევრი მოშურნე ჰყავდა.

მის პრეზიდენტობას ეგუებოდნენ, მაგრამ ვერ ეპატიებინათ, ასე ძალიან რომ უყვარდა ხალხს. გარეშე მტერი კერიას ვერ ჩაგიქრობს, თუ შენს სახლში არ ნახა დასაყრდენი. შურმა და გარე ძალებმა გახლიჩა ეროვნული ხელისუფლებაც.

როგორც კი გაათავისუფლეს, თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიას დაუძინებელი მტერი გახდა. კიტოვანის იდეური მმართველიც სიგუა იყო. ამიტომაც განუდგა გვარდიის ნაწილი პრეზიდენტს. ოპოზიცია - სარიშვილი, ჭანტურია და თამარ ჩხეიძე პირდაპირ მოუწოდებდნენ შეიარაღებული აჯანყებისაკენ. სამწუხაროდ, ამ საქმეში ნოდარ ნათაძეც იყო გარეული.

როდესაც გვარდია თბილისის ზღვაზე დაბანაკდა, ზვიადმა შერიგება სცადა. მე, ზვიად ძიძიგური და ზაურ ქობალია ავდიოდით გვარდიელებთან. მახსოვს, ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა, რომლის ტექსტიც მანქანის კაპოტზე დაწერა ნოდარ ნათაძემ, გვარდია პრეზიდენტს კი არა, უზენაეს საბჭოს დაემორჩილოსო. ამ ულტიმატუმის მიღება შეუძლებელი იყო. გვარდიელებმა გვითხრეს, ყაზარმებში რომ შევიდეთ, ყველას დაგვიჭერთ და გაგვისწორდებით, ამიტომ არ დაგემორჩილებითო.

მათთვის გონება რომ გამეხსნა, სესიაზე მთელი საქართველოს გასაგონად ვკითხე პრეზიდენტს, თუ განდგომილი გვარდია დადებს იარაღს, თქვენ, როგორც პრეზიდენტი, როგორც ქრისტიანი, ქართველი, როგორ მოიქცევით-მეთქი. ზვიადმა მიპასუხა, არავინ დაისჯება, გვარდიელები ძველებურად გააგრძელებენ სამსახურსო, მაგრამ გვარდიის ხელმძღვანელებს ვიღაცის დირექტივით თუ თავიანთი ნებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ. ჯარისკაცებს უთხრეს, ზვიადი გიჟია, ეგ სიტყვის კაცი არ არის, დღეს ერთს ამბობს, მაგრამ ხვალ სხვას გააკეთებსო.

სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი სინამდვილეში იყო კომუნისტური რევანში, მეხუთე კოლონის პუტჩი, რომელშიც რუსებიც მონაწილეობდნენ.

პუტჩისტებმა პირველად რომ შემოუტიეს უზენაეს საბჭოს, იქ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი მოკვდა, 1993 წელს კი ბალტინის ჯარებმა გადაწყვიტეს ყველაფერი.

- სამოქალაქო დაპირისპირება რომ არა, ალბათ არც აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგებოდა?

- თუ ერს მეხსიერება არა აქვს, ვერც ვერაფერს გააანალიზებს და ისევ გაიმეორებს შეცდომას, რომელიც გუშინ დაუშვა.

აფხაზეთში ომის დაწყება დანაშაული იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს იწყებოდა აფხაზეთში ომი, მაგრამ მერაბ კოსტავამ არ დაუშვა. 1989 წლის 15 ივნისს, როდესაც ვოვა ვეკუა მოკლეს, ღალიძგას 300 ათასი ქართველი მიაწყდა. იარაღი არავის ჰქონდა, ღალიძგის იქით ჩასაფრებულ აფხაზებს, რუსებსა და სომხებს კი ტყვიამფრქვევები და ყუმბარსატყორცნები ჰქონდათ.

გულანთებულ ქართველ ბიჭებს ეს როგორ გააჩერებდა, მაგრამ მოხდა საოცრება - 300-ათასიან მასას მერაბ კოსტავა გადაუდგა წინ და დაიქუხა, ღალიძგას მაშინ გადალახავთ, თუ მე გადამივლით, მომკალით და მერე გადადით ხიდზეო. ვერ გადაუარეს მერაბს.

ამან გვიხსნა სისხლის ღვრისაგან. პუტჩი რომ არ მომხდარიყო, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა.

1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას აზერბაიჯანის საზღვართან დავცილდი. 7 იანვარს უკვე სამეგრელოში ვიყავი და ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტი შევქმენი.

- "მხედრიონის" სამეგრელოში შემოსვლის მიზეზი რა გახდა?

- სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით "მხედრიონი" სამეგრელოში ზვიადის მომხრეების გასანადგურებლად შემოვიდა. სამეგრელოსკენ რომ მოდიოდნენ, ტანკებზე ეწერათ, სიძეები მოვდივართო. ათასი საშინელება, ძარცვა, გაუპატიურება, მკვლელობები მოჰყვა ამას. რითაც შეგვეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდით. ეს იყო ქართველების ურთიერთხოცვა-ჟლეტა.

გვხოცავდნენ და ჩვენც ვხოცავდით. მაშინ ლოთი დაჭრილი იყო. თავდაპირველად მე თორმეტი კაცი მყავდა. არც იარაღი გვქონდა. ვეღარ გავუძელით "მხედრიონის" შემოტევას და ერთხელაც, როდესაც რუსის ჯარს, რომელიც ბათუმიდან სოხუმისკენ მიდიოდა, 100 ათასი უიარაღო კაცი მივუსიეთ და განვაიარაღეთ, ეს ჩემი დავალებით გაკეთდა. იარაღი კი ჩავიგდეთ ხელში, მაგრამ ნაწილი დამნაშავეებმაც მიიტაცეს.

ამ დროიდან დაიწყო რაზმების ჩამოყალიბება, რამაც "მხედრიონის" სამეგრელოში თარეში ოდნავ გაანელა, მიუხედავად ამისა, 6-ჯერ მაინც დაილაშქრა სამეგრელო. მერე ყარყარაშვილი ჩამოვიდა და დავატყვევეთ.

გია ყარყარაშვილი 48 გვარდიელის თანხლებით შვეულმფრენით ჩამოფრინდა სოფელ რუხში. ჩვენი განადგურება უნდოდა. ყველანი ალყაში მოვაქციეთ და ტყვედ ავიყვანეთ. ყარყარაშვილს ეგონა, მოვკლავდით, მაგრამ დავამშვიდე, ნუ გეშინია, ეს შენი მიწაა, შენ საქართველოში ხარ-მეთქი.

არადა, მაშინ ერთი ამბავი იყო თბილისში, შურღაიას უნდა, სამეგრელო საქართველოს ჩამოჰგლიჯოს, სამეგრელოს დამოუკიდებლობისათვის იბრძვისო. ყარყარაშვილის თანამებრძოლ ტყვეებს აწამებენო. პუტჩისტებს მივმართე, ვისაც გინდათ, ჩამობრძანდით და ნახეთ, ტყვეები რა მდგომარეობაში არიან-მეთქი.

მართლაც ჩამოვიდნენ ნათაძე და ბევრი სხვაც და ნახეს ყარყარაშვილიც და მისი 48 მეომარიც. მეომრები საპყრობილეში იყვნენ, ყარყარაშვილი კი სხვადასხვა ოჯახში დაგვყავდა, ადგილებს ვუცვლიდით.

ეს სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ამასობაში ყარყარაშვილის მამა და ძმა თავის ხალხთან ერთად სამეგრელოს მოადგნენ. მათთან იყო "მხედრიონიც" და გვარდიაც.

ლოთი ისევ დაჭრილი იყო, არც მისი ბიჭები ჩანდნენ. ძალა არ მქონდა, ამდენი ხალხისათვის წინააღმდეგობა გამეწია, არ მინდოდა სისხლის ღვრა. ზვიადთან სატელეფონო კავშირი მქონდა და მასთან შეთანხმებით ასეთი რამ გავაკეთე: ყარყარაშვილს ვუთხარი, შენ გაგიშვებ, შენი მებრძოლები კი ჩემთან დარჩებიან.

შენი შეიარაღებული მომხრეები მოაცილე სამეგრელოს, თბილისში გაუშვი, მერე დაბრუნდი და გპირდები, მაშინვე გაგითავისუფლებ 48-ვე მებრძოლს, ოღონდ შენ ჩემთან დარჩები-მეთქი.

ფაქტობრივად, გია მძევლად უნდა დარჩენილიყო. კარგიო, მითხრა. წასვლისას ვუთხარი, ხომ იცი, ამას ზვიადის გარეშე ვერ გადავწყვეტდი-მეთქი. ორი დღე მივეცი. გიამ კაცურად შეასრულა მიცემული სიტყვა, გაიყვანა ხალხი სამეგრელოდან, დაბრუნდა ზუგდიდში, მაგრამ სანამ ჩემთან მოვიდოდა, ჩემიანებმა მიღალატეს.

არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად. სანამ გიას ვნახავდი, ჩემიანებმა რაკი ჩათვალეს, გიამ სიტყვა შეასრულაო, ციხე გახსნეს, ის 48 კაცი გაუშვეს და მათ გიაც მიაყოლეს. კინაღამ გავგიჟდი. მთელი გეგმა ჩაიშალა.

გია დამპირდა, ჩემი ფეხი არ იქნება სამეგრელოშიო და სიტყვა შეასრულა. ამის გამო მისი მადლობელი ვარ, მაგრამ დაირღვა ჩემი მოლაპარაკება პრეზიდენტთან. არ მინდოდა, ამის თქმა, მაგრამ თქვენ მაიძულეთ... მოკლედ, პრეზიდენტი მირეკავდა, რამდენიმე დღე თავი ავარიდე მასთან ლაპარაკს, მაგრამ როდემდე დავიმალებოდი? მესამე დღეს მივედი ტელეფონთან და ზვიადი მეკითხება, შენც გამყიდეო? ვთხოვე, მომისმინეთ-მეთქი, მაგრამ ზვიადი გაგიჟებული იყო.

შეურაცხყოფილი დავრჩი, მართალი ვიყავი და პრეზიდენტი არ მისმენდა და მეც ვუთხარი ცუდი რაღაცები. ზვიადმა კი, ახლა წერილს ვწერ, რომელშიც მოღალატედ გამოგაცხადებო. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გავალ მიტინგზე და თავად ვეტყვი ხალხს (მაშინ ზუგდიდში მთელი საქართველო იყო ჩამოსული. ყოველდღიურად 100-150-ათასკაციანი მიტინგები იმართებოდა), რომ მოღალატედ მაცხადებ-მეთქი და ამ დროს ტელეფონი გაითიშა. ზვიადს სოხუმის საშუალებით ვუკავშირდებოდი გროზნოში. ერთი ტელეფონისტი გოგო მაკავშირებდა, რომელიც არასოდეს მინახავს. დარწმუნებული ვარ, იმ გოგომ განგებ გათიშა ტელეფონი.

ეს ნახევარი წუთი საკმარისი გახდა, რომ ზვიადი დამშვიდებულიყო. აღდგა სატელეფონო კავშირი და ზვიადი მშვიდად მეუბნება, მიამბე, რა მოხდაო. მოვუყევი, რომ გია ყარყარაშვილი უჩემოდ გაათავისუფლეს. პრეზიდენტმა მომისმინა და კარგი, იმუშავეო, მითხრა.

- აფხაზეთის ომიც ხომ, ფაქტობრივად, პროვოკაცია და შიდა დაპირისპირების შედეგი იყო?

- სამხედრო საბჭოს იდეა იყო, რაკი აფხაზეთსა და სამეგრელოში მატარებლები იძარცვება, ტვირთის გადაზიდვა უნდა გავაკონტროლოთო. რახან "მხედრიონს" სამეგრელოში შემოსვლის უფლებას არ ვაძლევდით, ეს ღონისძიება ჩვენ და დროებით ხელისუფლებას ერთობლივად უნდა ჩაგვეტარებინა.

მაშინ სამეგრელოში ვითარებას ვეღარ ვაკონტროლებდი, თბილისის ტელევიზიის ინციდენტი უკვე მომხდარი იყო და ამის მერე პროცესებს ლოთი წარმართავდა. ჩვენთან მოსალაპარაკებლად შს მინისტრი რომან გვენცაძე ჩამოვიდა, ტვირთების ერთობლივად გაკონტროლებაზე უნდა მოგველაპარაკა. გრიშა ქობალიას სახლში შევხვდით. მე და ლოთი ვესწრებოდით მოლაპარაკებას.

ამ დროს ბადრი ზარანდიამ ალყაში მოგვაქცია, სროლა და ერთი ამბავი ატყდა. ტყვედ აიყვანეს გვენცაძე, სალარიძე და სანდრო კავსაძე. ლოთის და მე ეს ხალხი წაგვართვეს და წაიყვანეს. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, გამოვედი ზუგდიდის ცენტრში და ხალხს ვუთხარი, ეს პროვოკაციაა, დაიმახსოვრეთ, ამას შევარდნაძე აფხაზეთში ომის დასაწყებად გამოიყენებს-მეთქი.

ეს ვთქვი თუ არა, შემოვარდა ზარანდია მოედანზე და ჰაერში გაისროლა ავტომატის ორი ჯერი, მაგრამ ხალხმა გააძევა. სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედი შევარდნაძესთან შესახვედრად. ვუთხარი, ნუ დაიწყებთ ომს აფხაზეთში, ეს წაგებული საქმეა, აფხაზეთს დავკარგავთ და ეს ცოდვა თქვენს შთამომავლობას დააწვება-მეთქი. არა, ეს უკვე გადაწყვეტილიაო. თუ აფხაზეთში შედიხართ, აფხაზების საბუდარი - გუდაუთა მაინც აიღეთ-მეთქი.

არა, რუსები გამინაწყენდებიანო. ხედავთ, რასთან იყო ყველაფერი დაკავშირებული? კიტოვანი და შევარდნაძე ერთმანეთს აბრალებენ აფხაზეთში ომის დაწყებას, არადა, პირადად მითხრა შევარდნაძემ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა აფხაზეთში შესვლა. მერე გვენცაძე აფხაზეთში გადაიყვანეს და ომი რეალურად ამ ტყვეების გამოსახსნელად დაიწყო. ეს იყო აფხაზეთში შესვლის მიზეზი.

- გოგა ხაინდრავა ამბობს, აფხაზეთის ომის დროს 12-ჯერ ჩავედი ლოთისთან, გვერდით დაგვიდექით, მტერს ერთად გავუსწორდეთ და მერე გავარკვიოთ ურთიერთობაო.

- მართალია. ბევრჯერ ჩამოვიდა ზუგდიდში, გავერთიანდეთო. ამას კი გვეუბნებოდა, მაგრამ სულ სხვა რამ ხდებოდა: აფხაზეთის ომში ჩვენი ძალებით სრულად ვერ ვმონაწილეობდით, რადგან როგორც კი ჩვენ აფხაზეთში წავიდოდით, მაშინვე მოადგებოდა ჯაბას "მხედრიონი" სამეგრელოს ასაოხრებლად. მხოლოდ ერთადერთი ბრძოლა გვქონდა გაერთიანებული ძალებით ლაბრასთან და მაშინაც გავიმარჯვეთ, ლამის სოხუმამდე მივედით.

- შესაძლოა, აფხაზეთში იმიტომაც დავმარცხდით, რომ არც ექსპრეზიდენტის მომხრეებს უნდოდათ "შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი".

- შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდოდაო, ვერ იტყვის ეროვნული მოძრაობის რომელიმე მონაწილე. არ ვიცი, ვინ ამბობდა ამას. შესაძლოა, ვიღაცამ მოიგონა და მოგვაკერეს.

სამშობლო ხომ ზვიადსა და შევარდნაძეზე მაღლა დგას?! თუმც შევარდნაძეს მართლა არ უნდოდა ზვიადის დაბრუნებული აფხაზეთი. როდესაც ზვიადი საქართველოში დაბრუნდა, ოჩამჩირეში ჩვენი გვარდიის შტაბში მივიდა და უთხრა სარდლებს, დამემორჩილეთ და პირობას გაძლევთ, აფხაზეთს დავიბრუნებთო, მაგრამ უარი უთხრეს. შევარდნაძის დირექტივას დაუჯერეს. აი, მაშინ დაიკარგა აფხაზეთი.

- ხშირად უთქვამთ, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერებმა სააკაშვილი ხელისუფლებაში "შევარდნაძეზე რევანშისათვის მოიყვანეს".

- შევარდნაძის ჩამოგდება რევანში კი არა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო. შევარდნაძე ეროვნულ ძალებს ქვეყნის დამღუპველად მიგვაჩნდა. ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასაყენებლად, მაგრამ ვერ შევძელით.

გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და დავუჭირეთ მხარი. სააკაშვილს შეეძლო დიდი სიკეთე გაეკეთებინა საქართველოსათვის, მაგრამ არ გააკეთა და ამიტომ ვარ მისი მოწინააღმდეგე.

- ისტორიული სამართლიანობის აღდგენა თუ წაადგა საქართველოს?

- არა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენ მართლები ვიყავით. თავის დროზე ვთქვი, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება-მეთქი, მაგრამ არ მითქვამს, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა. ახლაც გავაკეთებ პროგნოზს: არ ვიცი თბილისის მერი გახდება თუ არა ირაკლი ალასანია, მაგრამ უსათუოდ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ამასთან, ძალიან კარგი პრეზიდენტი.

ზვიადმაც ყველაფერი სცადა ოპოზიციის გასაერთიანებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა და მაშინ მიმართა ხალხს, მარტო ვარ და ვისაც ჩემთან გინდათ, გამომყევითო. ამას მოჰყვა მსვლელობა "ლოკომოტივის" სტადიონისკენ, სადაც ზვიადმა ქართველ ხალხს უთხრა, აი, გზა ქრისტესი და ბარაბასი, აირჩიე, ქართველო ეროო. ნახავთ, ალასანიაც ზვიადივით მარტო დარჩება, მაგრამ მას ქართველი ხალხი ამოუდგება მხარში.