"ამხელა ადამიანი 3 წლის ბავშვივით იტყუება" - კვირის პალიტრა

"ამხელა ადამიანი 3 წლის ბავშვივით იტყუება"

პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ლიდერებისა და აქტივისტების გადინების სერია ბლოკიდან "გირჩის" გასვლით გაგრძელდა - ზურა ჯაფარიძემ მსოფლიო ბანი ფინანსურ შანტაჟში დაადანაშაულა და საპარლამენტო არჩევნების გამოტოვების გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე საუბრობს:

- ბურჭულაძემ შემომითვალა, საღამოს ოფისში მოდი, შენთან შეხვედრა მინდაო. ამ დროს ვაკეში მოსახლეობას ვხვდებოდი, თუმცა დათქმულ დროს მივედი. ოთახში კიდევ 30 ადამიანი დამხვდა. ბურჭულაძემ მითხრა - პრობლემა მაქვს, რომლის მოგვარებასაც ორი კვირაა უშედეგოდ ვცდილობ, ერთ საათს გაძლევ მის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო სიიდან "გირჩის" წევრებს ამოვიღებო. იქვე მოაყოლა, თუ გინდა, შენ სიაში დარჩი და პარლამენტში მოხვედრის შანსიც გექნებაო. ვცადე გამერკვია, კონკრეტულად რას ითხოვდა. ისიც შევახსენე, რომ ბლოკში გაწევრებამდე საარჩევნო სიასა და სხვა დეტალებთან ერთად, ფინანსურ ვალდებულებებზეც შევთანხმდით. ბურჭულაძემ მიპასუხა, რომ ფინანსური ვალდებულებები შესრულებული მქონდა, თუმცა მას ჩვენგან დამატებითი თანხა სჭირდებოდა. ამ შემთხვევაში რამდენიმე მილიონი დაასახელა. დარწმუნებული ვარ, ეს თანხა მას პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა და არა ბლოკისთვის. მეტიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ეს ადამიანი ბლოკის ისედაც მწირი ბიუჯეტიდან ყოველთვე 60.000 ლარს ხელფასის სახით იღებდა.

- ბურჭულაძის განცხადებით, თქვენთან შეხვედრამდე ორი საათით ადრე შეიტყო, რომ "გირჩს" ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, ამასთან, მას ყოფილ პრემიერთან შეხვედრა შესთავაზეთ.

- აბა, იმას ხომ არ მოჰყვება, რაც იყო?! თანაც ეს განცხადებები სხვადასხვა დროს გააკეთა. ჯერ თქვა, რომ ივანიშვილთან ჩვენი კავშირი აღმოაჩინა, მოგვიანებით მოაყოლა, - ივანიშვილთან შეხვედრა შემომთავაზესო, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა. შემდეგ კი ეს განცხადებაც შეცვალა და "გირჩის" სქემებზე ინფორმაცია მივიღეო. ეს არის ბურჭულაძის ბოდვა! ამხელა ადამიანი დგას და სამი წლის ბავშვივით იტყუება და იბლანდება საკუთარ ტყუილებში. მას უნდა სცოდნოდა, ეს თანხა ანგარიშზე რომც მქონოდა, ჩემთან და "გირჩთან" ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოვიდოდა. მეტიც, "გირჩის" წევრებს საპარლამენტო სკამისთვის არ გავცვლიდი.

ვფიქრობ, ამ ადამიანს ერთადერთი მოტივაცია აქვს - პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს.

ბურჭულაძეს არც ის აინტერესებს, გადალახავს თუ არა მისი ბლოკი ბარიერს, მაღალი ალბათობით, ის არჩევნების შემდეგ ბლოკიდან სოლიდურ ფულს მოხსნის და არამხოლოდ პოლიტიკიდან, ქვეყნიდანაც კი წავა. "გირჩი" რომ პარლამენტში არ მოხვედრილიყო, უამრავი ადამიანის ინტერესში იყო, მათ შორის, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის". ორივე ძალის ინტერესია, პოლიტიკაში ერთადერთ მოთამაშეებად დარჩნენ.

- გიორგი ვაშაძისგან ელოდით, რომ პაატა ბურჭულაძესთან დარჩებოდა?

- ვაშაძე უკვე მეორედ დარჩა, იქ, საიდანაც ჩვენ წამოვედით. თავდაპირველად "ნაცმოძრაობაში" და ახლა ბურჭულაძესთან.

"ბურჭულაძემ საკუთარი პერსონაც დაანგრია"

ხათუნა ლაგაზიძე, "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი წევრი: - "გირჩთან" დაკავშირებით ბურჭულაძემ წარმოუდგენელი სიხარბე გამოავლინა და საარჩევნო სიაში ადგილების გაყიდვა ორჯერ მოისურვა. თავდაპირველად, როდესაც თანაპარტიელები გამოუშვა და სიაში ადგილებიც გამოათავისუფლა, მეორედ კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი დღე იყო ცესკო-ში დარჩენილი სიაში ცვლილებების შესატანად.

როდესაც "გირჩის" წევრები აცხადებენ, რომ ბურჭულაძემ მათგან ერთ საათში რამდენიმე მილიონი მოითხოვა, აუცილებელია შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ, როგორ უნდა გაეთეთრებინა" ასეთი სოლიდური ფინანსები ბურჭულაძეს. ამასთან, როდესაც "გირჩის" წევრები საუბრობენ, რომ ბლოკის შექმნისას აღებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულეს, რა ციფრებში გამოისახა ეს ყველაფერი, როდესაც ბურჭულაძეს საკუთარი პარტიის წევრებისთვის 2 თვე ხელფასი არ გადაუხდია?! ბურჭულაძემ არამხოლოდ პარტია და ბლოკი, საკუთარი პერსონაც დაანგრია.

"გირჩის" წასვლა დიდ დანაკლისს არ წარმოადგენს"

გიორგი პაპავა, "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი: - როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მან ორი საათით ადრე შეიტყო, რომ ივანიშვილი "გირჩის" დაფინანსებაში მონაწილეობდა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა და "გირჩმაც" ბლოკი დატოვა.

- რატომ არ აკონკრეტებთ, რა ფაქტებზეა საუბარი ან ვინ სთავაზობდა ბურჭულაძეს ივანიშვილთან შეხვედრას?

- ეს ინფორმაცია აქვს პაატა ბურჭულაძეს, რაც ჩემთვისაც სრულიად საკმარისია.

- პარტიის ლიდერად მოიაზრებით და არც დაინტერესებულხართ, რატომ გავიდა თქვენი პოლიტიკური პარტნიორი ბლოკიდან?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პაატა ბურჭულაძისა და იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებიც ბლოკში დარჩნენ. თუ მათი ინფორმაცია საკმარისი იყო, რომ "გირჩის" დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, დამატებითი დეტალების გამოქექვას არ ვაპირებ. "გირჩთან" საკმაოდ პროდუქტიულად ვმუშაობდი ეკონომიკური მიმართულებით, თუმცა, თუ სიას გადავავლებთ თვალს, მათი წასვლა პარტიისთვის დიდ დანაკლისს არ წარმოადგენს. ჩვენ "გირჩამდეც" ძლიერი პოზიცია გვქონდა.