ვის აღმოუჩინა ფინანსური დარღვევები სახელმწიფო აუდიტმა? - კვირის პალიტრა

ვის აღმოუჩინა ფინანსური დარღვევები სახელმწიფო აუდიტმა?

არჩევნები დასრულდა და როგორც სახელმწიფო აუდიტის, ასევე არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მოექცა. რა შემოწირულობები მიიღეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა და რომელი პარტიები რა სამართალდარღვევების გამო დაისჯებიან? ხომ არ აფინანსებდნენ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული შპს-ები მმართველ პარტიას სახელმწიფო ფულით? შესაბამისად, რომელი მათგანი დაჯარიმდება? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი ესაუბრა:

- ფინანსური მონიტორინგის შედეგები 20 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ თვეში (20 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით) პარტიებმა 7 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს. ამ მხრივ ისევ "ქართული ოცნება" ლიდერობს, მან შემომწირველებისგან 5 მილიონამდე ლარი მიიღო, მომდევნო ადგილს პოლიტიკურმა გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" იკავებს, რომელსაც მილიონ ორასი ათასი ლარი შესწირეს. მესამე და მეოთხე ადგილებს "პატრიოტთა ალიანსი" და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ, რომელთაგან პირველს - 300 ათასი, მეორეს კი 250 ათასი ლარი აქვს მიღებული.

- საკმაოდ მაღალია "სახელმწიფო ხალხისთვის" დაფინანსებაც. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ეს პოლიტიკური ძალა ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე ლაპარაკობდა.

- "სახელმწიფო ხალხისთვის" დაფინანსება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. ჯამში ამ ბლოკის წევრებს საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 5 მილიონი ლარი აქვთ მიღებული. გარდა ამისა, აქტიურად იყენებდნენ "საქართველოს განვითარების ფონდს". თუკი დადასტურდა "საქართველოს განვითარების ფონდის" კავშირი პაატა ბურჭულაძის პარტიასთან, მისი დაჯარიმება მოგვიწევს.

- ანალოგიური ფაქტები სხვა პარტიებშიც არის?

- დიახ. ორგანიზაცია "თავადაზნაურთა საკრებულომ" "პატრიოტთა ალიანსის" ოფისის წინ ხალხს პროდუქტები დაურიგა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თვლის, რომ ეს ქველმოქმედება "პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ განხორციელდა. უკვე დავკითხეთ ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია ბაგრატიონ-მუხრანელი. ის "პატრიოტთა ალიანსთან" საქველმოქმედო აქციის კავშირს უარყოფს, თუ საწინააღმდეგო ფაქტი დადასტურდა, "თავადაზნაურთა საკრებულოც" დაჯარიმდება. ანალოგიური ფაქტის გამო დავკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელმაც გორში მოსახლეობას ჰუმანიტარული პროდუქტი დაურიგა.

- არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, GDშ-ის გადაცემა, რომლის მეშვეობითაც წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუები გადიოდა, მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულობად უნდა ჩაითვალოს.

- მარეგულირებელმა კომისიამ რეკლამად არ ჩათვალა ეს გადაცემა და ჩვენ ამ ფაქტზე რეაგირებას მოკლებული ვართ. საქმეს ისიც ართულებს, რომ შესაძლოა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში მოვიდეთ.

- ყურადღება მიიქცია პარტიების ხელმძღვანელთა სოლიდური ანაზღაურების თემამაც...

- ამ თვალსაზრისით ისევ "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერს ყოველთვიური ხელფასი 12.500 ლარის ოდენობით აქვს განსაზღვრული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბატონ პაატას პარტიიდან ეს თანხა (ხელფასის სახით) არ მიუღია. მას "საქართველოს განვითარების ფონდიდან" ერიცხებოდა ხელფასი, რაც ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. შედარებისთვის სხვა პარტიის ლიდერებისთვის განსაზღვრული ხელფასებიც შეგვიძლია განვიხილოთ. "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი გახლდათ და ამდენად, მას პარტიაში ანაზღაურება დანიშნული არა აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე არა ჰყავს, აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი კი დეპუტატი გახლდათ და ხელფასს პარლამენტში იღებდა. "თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელს, ირაკლი ალასანიას აქვს ხელფასი 1.000 ლარის ოდენობით, რაც არ აუღია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს - 2.000 ლარი. ანაზღაურება არც მას აქვს აღებული. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ხელმძღვანელს, ნინო ბურჯანაძეს საერთოდ არა აქვს განსაზღვრული ხელფასი. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივან ირმა ინაშვილს 850 ლარის ოდენობით აქვს ანაზღაურება, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვიურად იღებდა.

- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, იურიდიული პირების შემოწირულობებთან დაკავშირებით სამართალდარღვევების ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, შპს-ებს, რომლებიც შემოწირულობებს მმართველი პარტიისთვის აკეთებდნენ, მოგებული ჰქონდათ სახელმწიფო ტენდერები და შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო ფული შესწირეს.

- "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაგალითის სახით "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის" და "კოკა-კოლას" მოგებული ტენდერები მოიყვანა. დამატებით დავძენ, რომ PSP-ს შვილობილ კომპანია ჯი-ემ-პისაც აქვს მოგებული სახელმწიფო ტენდერები (აქედან ზოგიერთმა მათგანმა მმართველ პარტიას დიდი თანხები შესწირა), თუმცა კანონი ასეთ ფაქტებს სამართალდარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს, თუკი რომელიმე ამ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებისგან თავიანთი საერთო შემოსავლის 15%-ზე მეტი აქვს მიღებული. მაგალითად თუ ავიღებთ "კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას", მას სახელმწიფო ტენდერებისგან საერთო შემოსავლის მხოლოდ 1% აქვს მიღებული, შესაბამისად, მისი შემოწირულობა უკანონოდ ვერ ჩაითვლება.

"მოწინავე სამეული"

დაფინანსების კუთხით მოწინავე პარტიების სამეული გასულ თვეებში ასე გამოიყურებოდა: ივნისში მმართველმა პარტიამ შემოწირულობის სახით

1 028 420.00 ლარი მიიღო. დაფინანსების კუთხით მეორე ადგილზე პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" იყო (741 942.00 ლარით), მესამე ადგილი კი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ერგო (174 930.00 ლარით).

ივლისში "ქართულმა ოცნებამ" 2 124 570.00 ლარი მიიღო. პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" 621 527.00 ლარით დაფინანსდა. "თავისუფალ დემოკრატებს" 195 800 ლარი შესწირეს.

აგვისტოში "ქართული ოცნება" 5 593 420.00 ლარით დაფინანსდა, "სახელმწიფო ხალხისთვის" 662 014.99 ლარით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 475 824.95 ლარით.

პარტიის ლიდერების ხელფასები:

ბურჭულაძეს ხელფასი 12.500 ლარით აქვს

განსაზღვრული, ირაკლი ალასანიას - 1. 000 ლარით, რაც არ აუღია, ხათუნა

სამნიძეს - 2.000 ლარით, ირმა ინაშვილის ხელფასი კი 850 ლარს შეადგენს

ეკა ასათიანი