"ქართულ ოცნებას" ოპოზიციის მხარდაჭერა გადაწყვეტილებების მისაღებად აღარ დასჭირდება" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" ოპოზიციის მხარდაჭერა გადაწყვეტილებების მისაღებად აღარ დასჭირდება"

"ოპოზიციას პროცედურული და ტექნიკური საშუალებების გარდა, წინააღმდეგობის გაწევის რესურსი აღარ რჩება"

"ქართულ ოცნებაში", როგორც ეს წინა მოწვევის პარლამენტში იყო, დეპუტატთა აზრების გაყოფის ალბათობა ნულის ტოლია"

რა პოლიტიკურ კონფიგურაციას ვიღებთ მეცხრე მოწვევის პარლამენტში და რამდენად დიდია შანსი, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლოს, - "კვირის პალიტრის" კითხვებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს:

- "ქართულ ოცნებას" 47 მანდატი (შესაძლოა მეტიც), ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. დანარჩენის მოპოვებას კი, მაჟორიტარული წესით, არჩევნების მეორე ტურში შეეცდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში "ქართული ოცნება" მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რეიტინგებში მნიშვნელოვნად უსწრებს, არ გამოვრიცხავ, მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც შეძლოს. ამისთვის მას 113 სადეპუტატო მანდატი სჭირდება. სხვათა შორის, ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობის" 27%-იანი მაჩვენებელი მოულოდნელი აღმოჩნდა - ვფიქრობდი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული იქნებოდა, თუმცა ჩემი პროგნოზი ახლა რადიკალურად განსხვავებულია...

"ქართული ოცნება" მომავალ პარლამენტში მნიშვნელოვნად დომინანტურ პოზიციაში იქნება. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი ძალის მიერ ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტი ძალაში შევა - ამ შემთხვევაში ოპოზიციას პროცედურული და ტექნიკური საშუალებების გარდა, წინააღმდეგობის გაწევის რესურსი აღარ რჩება.

ვფიქრობ, "ქართული ოცნების" პირველივე გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილსამყოფლის თბილისში განსაზღვრა იქნება, რაც წინა მოწვევის პარლამენტში ვერ მოახერხეს. ამასთან, შეიცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მთავარსარდალს მომავალში პარლამენტი აირჩევს. 113 მანდატის მოპოვების შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის მხარდაჭერა აღნიშნული გადაწყვეტილებების მისაღებად აღარ დასჭირდება.

- თუ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, 2/3-ის მოპოვება გარანტირებული აქვს იმისთვის, რომ თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლება დააკომპლექტოს?

- რა თქმა უნდა, უკვე ნათელია, რომ "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტების, კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევისა და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რესურსი ექნება. არც პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება პრობლემებთან დაკავშირებული - "ქართულ ოცნებას" კანონშემოქმედებითი ხარვეზები არ შეექმნება. ახლა მთავარია, რა შედეგს მივიღებთ მეორე ტურებზე - შეძლებს კი "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა წაართვას? არჩევნების შემდეგ, ძირითადად, ოპოზიციურ ძალას ისევ ამომრჩეველზე მუშაობა მოუწევს და მათი ამოცანა ისევ მომავალი არჩევნებისთვის მზადება იქნება. ისიც ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებაში", როგორც ეს წინა მოწვევის პარლამენტში იყო, დეპუტატთა აზრების გაყოფის ალბათობა ნულის ტოლია.

თუ ადრე რიგ საკითხებში რესპუბლიკელები, ან თავის დროზე, "თავისუფალი დემოკრატები" ცდილობდნენ კონკრეტულ კანონპროექტზე კრიტიკული მოსაზრება დაეფიქსირებინათ, მსგავსი განხილვები და დისკუსიები მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნაკლებად გველოდება.

"ქართულ ოცნებაში" არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ ხმის მიცემის ფუნქციას ასრულებდნენ. მეორე მხრივ, შესაძლოა, ამან გარკვეული რეფორმების გატარების ტემპიც დააჩქაროს, თუმცა რეალურ შედეგებზე მხოლოდ პარლამენტის ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

- ამ ფონზე, არის თუ არა პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების უფლებაც სიმბოლური?

- ვეტოს დასაძლევად საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი არ არის საჭირო, ამისთვის პარლამენტში 2/3-ის მხარდაჭერაც საკმარისია.

დარწმუნებული ვარ, მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევაც არ გაუჭირდება და დიახ, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური ნების გამოხატვას დაემსგავსება. სურვილის მიუხედავად, პრეზიდენტს ვეტოს უფლებას პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც ვერ წაართმევს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ვეტოს ძალა დღევანდელი რეალობით ასევე ნულთან არის გათანაბრებული.

რუსუდან შელია