"ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო?"
17-10-2016
"ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო?"
"ეს საზოგადოების არჩევანია"

არჩევნებში დამარცხებაზე პასუხისმგებ­ლობის აღების მოტივით, გუნდი ჯერ ალექსი პეტრიაშვილმა, შემდეგ ირაკლი ალასანიამ და დანარჩენმა ლიდერებმა - ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გია ცაგარეიშვილმა­ და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს. მათი განცხადებით, პარტიაში რეორგანიზაციის დრო დადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ პირველი განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში­ ისე გაავრცელა, რომ თანაგუნდელებმა არაფერი იცოდნენ. რა გახდა "თავისუფალი დემოკრატების" დაშლის ზღვარზე მიყვანის მიზეზი, პარტიის ყოფილი წევრი ზურაბ­ აბაშიძე საუბრობს:

-
ჩემი თავი "თავისუფალ დემოკრატე­ბში"­ ამოვწურე, იგივე პოზიცია აქვთ იმ თანაგუნდელებსაც, რომლებმაც წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემს მეგობრებთან ერთად ამ პარტიაში სული ჩავდე, თუმცა, როდესაც ბარიერის გადალახვის პრობლემა იქმნება, ბუნებრივია, პირველ რიგში, ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

რატომ მივედით ამ შედეგამდე, მოვა დრო და საჯაროდ ვისაუბრებ, თუმცა
ახლა ჯერ ემოცია არ გაგვნელებია, თითოეული ჩვენგანისთვის ეს პერიოდი მძიმეა. სიმართლესთან თვალის გასწორება არასოდეს გვიჭირდა. არჩევნებზეც სიმართლეს თვალებში ჩავხედეთ - ეს არის საზოგადოების არჩევანი.­.. ისიც გასარკვევია, როგორი იქნება ირაკლი ალასანიას პოზიცია პარტიაში, რადგან ამ დრომდე "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ რჩება.­ მე ამ პარტიასთან ურთიერთობა დავასრულე.

- მხოლოდ არჩევნების შედეგები გახდა პარტიიდან ლიდერების გადინების მიზეზი, თუ პიროვნული დაპირისპირებაც იყო - ალექსი პეტრიაშვილის წასვლის შესახებ თანაგუნდელებმა სოციალური ქსელით შეიტყვეთ.

- პეტრიაშვილს ეს გადაწყვეტილ­ება გუნდთან ერთად არ მიუღია, რაც ყველას გაგვიკვირდა. უარყოფით კონტექსტში ჩემს ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი არ მინდა. რა ხდებოდა შიგნით, შესაძლოა მომავალში ვისაუბრო, ახლა არა.

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის ყოფილ ლიდერებს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს გთავაზობენ.

- ჩემთან ამ საკითხზე კონსულტაციები­ არ შემდგარა.

- ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში,­ თანამშრომლობას გამორიცხავთ?

- მე მხოლოდ "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობას გამოვრიცხავ. ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო? თანაც "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, ოპოზიციური ფლანგიდანაც კი.

- თუ თანამშრომლობას არ გამორიცხავთ,­ რა ბედი ეწევათ პატიმრობაში მყოფ თქვენს მეგობრებს?

- მჯერა, უახლოეს მომავალში საპატიმროებს დატოვებენ...

ლიდერებიდან "თავისუფალ დემოკრატებში" ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე­ რჩებიან.

"მე პარტიაში ვრჩები"


ნინო გოგუაძე:
- ალასანიამ­ მარტომ აიღო პასუხისმგე­ბლობა პარტიის მარცხზე. ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მე პარტიაში ვრჩები - "თავისუფალი დემოკრატები" მნიშვნელოვან­ როლს შეასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში,­ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენთან კრიზისია.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები