"ივანიშვილთან ურჩობისთვის დავისაჯეთ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილთან ურჩობისთვის დავისაჯეთ"

"არჩევნების შედეგში საკუთარ შეცდომებსაც ვხედავთ"

"რესპუბლიკური პარტია 51%-ს ვერც ხვალ მიიღებს, ლიბერალური ღირებულებების პარტია ამ დონეზე პოპულარული ვერ იქნება"

საპარლამენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია 1,55%-იანი მაჩვენებლით პარლამენტს მიღმა აღმოჩნდა, თუმცა "თავისუფალი დემოკრატებისგან" განსხვავებით, ლიდერები აქტიურ პოლიტიკაში რჩებიან და პარტიის გადახალისებასაც გეგმავენ. რა გეგმები აქვთ "რესპუბლიკელებს", ელოდა თუ არა ლევან გოგიჩაიშვილთან დამარცხებას და რატომ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დაისაჯა, "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პასუხობს:

- პარლამენტში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ შევედით - გვჭირდებოდა ბევრი ხმა, მაგრამ მივიღეთ - ცოტა. საარჩევნო ხმები კი იმის გამო დაგვაკლდა, რომ ჩვენი პოტენციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი შეშფოთდა - ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კარგად ორგანიზებულმა კამპანიამ ისინი დააშინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მკვდრეთით აღდგომის საფრთხე არსებობდა. სწორედ ამ საფრთხობელამ ამომრჩეველს გადააწყვეტინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას, ისევ "ქართული ოცნების" ძალაუფლების გაძლიერება სჯობია. ხმები იმის გამოც ვერ მივიღეთ, რომ ჩვენი პარტია და პირადად მეც, ივანიშვილთან ურჩობისთვის სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით.

- თქვენ არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეთ... დააკონკრეტეთ, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დასჯა?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ და ეს იგრძნობოდა ჩემს ოლქში და ზოგადად, პარტიის მიმართაც. თუმცა, მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯისთვის დამაჯილდოონ.

- სწორედ ამას გეკითხებით - ხმები გაგიყალბეს, თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა არ გქონდათ?

- გაყალბება ნიშნავს, რომ 80 ხმის ნაცვლად 10-ს გიწერენ, თუმცა მარტივი მეთოდებიც არსებობს - მაგალითად, თუ არჩევნებისთვის პარტიას აქვს ათასი ლარი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა ყველა ოლქზე თანაბრად გაანაწილოს, ფინანსების 1/3-ს რატომღაც მხოლოდ ერთ ოლქში ხარჯავს, რადგან ამ ოლქში საკუთარი კანდიდატის გამარჯვება პრინციპის საკითხია.

- ისევ ზოგადად საუბრობთ. ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო კამპანიაზე სხვებთან შედარებით მეტი რესურსი იმის გამო დაიხარჯა, რომ თქვენი დამარცხება "ქართული ოცნებისთვის" პრინციპული საკითხი იყო?

- მხოლოდ იმ მეთოდებზე ვსაუბრობ, რაშიც კონკრეტული ინტერესები გამოიხატა. გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფო სისტემას მითითება მისცა "რესპუბლიკელები" 0%-ს ქვევით არიანო.

არ ვამბობ, შედეგი მხოლოდ ამის გამო დადგა, ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი პოზიციებიც იყო - სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გაერთიანება არც 2 წლის წინ და არც 6 თვის წინ (როდესაც გაირკვა, რომ პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდით) არ მივატოვეთ და არც საპარლამენტო უმრავლესობა მივანგრ-მოვანგრიეთ. ამ გადაწყვეტილებას დღესაც არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამან განაპირობა ჩვენი დაგვიანებული საარჩევნო კამპანია. გვქონდა პარტიული მინუსებიც და შესაძლოა, ჩვენი სათქმელი მკაფიოდ ვერ ჩამოვაყალიბეთ, მეტიც, ზოგჯერ გაფანტულობაც იგრძნობოდა. ასე რომ, შედეგში საკუთარ შეცდომებსაც ვხედავთ. სხვათა შორის, ერთადერთი არ აღმოვჩნდით, ვინც ურჩობისთვის დავისაჯეთ, თუმცა დღეს ამ საკითხზე უფრო დეტალურ საუბარს არ ვაპირებ. "ქართულ ოცნებას" ბევრი პარტია პარლამენტში არ სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უმრავლესობის მიღწევა გართულდებოდა.

ჩვენ რომ 15%-იანი მხარდაჭერა გვქონოდა, 5%-მდე ვერ ჩამოგვიყვანდნენ, ჩვენი სტარტი 5%-თან ახლოს იყო, შემდეგ გვქონდა აღმავლობა, თუმცა ყველა ზემოაღნიშნულმა ფაქტორმა დღევანდელ მდგომარეობამდე მოგვიყვანა.

- ისევ გაგიმეორებთ, გაქვთ ფაქტები, თქვენ და სხვა "ურჩი" პარტიები რა საარჩევნო მეთოდებით "დაისაჯეთ"?

- არჩევნების წინა საღამოს არაფორმიანი სპეცსამსახურის წარმომადგენლები გააქტიურდნენ - სტუმრობდნენ მეგობრებს, ნათესავებს, უბნებს... ამ მიმართულებით უზარმაზარი ფულადი სახსრები დაიხარჯა - ერთ სადარბაზოში 3-4 ხელფასიანი კოორდინატორი ჰყავდათ.

გააქტიურებული იყო ჭორის პროპაგანდაც, დავაფიქსირეთ, რომ არჩევნებამდე ორი ადამიანი ერთ ავტობუსში იჯდა და მგზავრების გასაგონად ამბობდა - "რესპუბლიკელები" ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები არიანო. ასეთი ადამიანები ავტობუსებით მთელი დღის განმავლობაში მგზავრობდნენ და ჭორებს ავრცელებდნენ.

ჯამში, ეს არჩევნები 2012 წელთან შედარებით, ათჯერ უკეთესად ჩატარდა, თუმცა უარესი იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. ამასთან, პოლიტიკურად ორკესტრირებული თანამიმდევრობით აქვეყნებდა ცესკო არჩევნების შედეგებს...

- ისევ ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნებთ?

- არ მივანიშნებ, უბრალოდ, სამწუხაროა, როდესაც კულისებს მიღმა მოთამაშეები მეტად განაპირობებენ არჩევნების შედეგებს, ვიდრე ღია და ოფიციალური მოთამაშეები. ამ პროცესის გაგრძელება იყო ეგზიტპოლების საკითხიც. საზოგადოებრივ მაუწყებელს ვეკითხები - ტელევიზია, რომელიც სოლიდურ თანხას ბიუჯეტიდან ხარჯავს ეგზიტპოლებისთვის, თუმცა უხარისხო პროდუქტს იღებს, აპირებს თუ არა კომპანიას ფინანსური სანქცია დააკისროს? ეგზიტპოლის ცდომილება ცესკოს შედეგებთან შედარებით 1,5% უნდა ყოფილიყო, თუმცა 8-14%-ს მიაღწია, თანაც კონკრეტული მიმართულებით - კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ და ვიღაცის საზიანოდ.

- შედეგზე პასუხისმგებლობას პარტია როგორ აპირებს? ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან დროებით წავიდა, თქვენ საბურთალოს რაიონში დამარცხების შემდეგ რეორგანიზაცია ჯერ არ დაგიანონსებიათ.

- ნებისმიერ კონკურენციას შესაძლო მარცხი თან ახლავს, მე ამისთვის მზად ვიყავი - ამ ფაქტს ჩემთვის არაფერი დაუკლია, პირიქით, მომემატა ენერგია, ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გავაგრძელებ.

ლევანთან დავმარცხდი თუ პეტრესთან, მე რომ 2012 წელს ჩამეთვალა, საბურთალოს ოლქში მე გავიმარჯვე და მაგარი ვარ-მეთქი, შესაძლოა, ახლა დამარცხების გამო გული დამწყვეტოდა, თუმცა არც მე გამიმარჯვია მაშინ და არც ლევანს გაუმარჯვია ახლა. გაიმარჯვა იმ რესურსმა და ტალღამ, რაც "ქართულ ოცნებას" ორივე არჩევნებისას ჰქონდა. რაც შეეხება რეორგანიზაციას, ჩვენი საარჩევნო ლოზუნგი იყო - "გავთავისუფლდეთ", რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიული პრობლემებისგან გათავისუფლებაც აუცილებელია. ეს პრობლემები ხშირად უფრო სერიოზულ წინსვლაში ხელს გვიშლის.

- თქვენი ყოფილი თანაგუნდელები ამბიციურობასა და ნარცისიზმს გიწუნებდნენ, პარტიის რომელ რგოლში დაინახეთ პრობლემები არჩევნების შემდეგ?

- ვფიქრობ, ამომრჩეველთან მეტი კონტაქტია საჭირო. რა თქმა უნდა, პოპულისტები არ უნდა გავხდეთ და ხალხი არ მოვატყუოთ, რომ პენსიასა და ხელფასებს რამდენჯერმე გავუზრდით, თუმცა კონკრეტული გეგმა უნდა შევთავაზოთ. რესპუბლიკური პარტია 51%-ს ვერც ხვალ მიიღებს, ლიბერალური ღირებულებების პარტია ამ დონეზე პოპულარული ვერ იქნება.

წლების განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ იარლიყები მოგვაკრა, ჩვენი პასუხი კი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არასაკმარისია. ივანიშვილიც კი ჩაერთო კამპანიაში, რომ "რესპუბლიკელები" კულტურულ ღირებულებებს ებრძვიან... ეს გაუგებარი სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ - ხალხი დღეს როგორც შორეულ ნათესავს, ისე გვიყურებს, თუმცა, დიახ, ნაკლები ნარცისიზმითა და ჯანსაღი ამბიციით მათი ახლო ნათესავები უნდა გავხდეთ.

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდი, როდესაც 2010 წელს შიდაპარტიული მიმოწერა გვქონდა, რა ცვლილებები სჭირდებოდა პარტიას. შემდეგ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში წაგვიყვანა, თორემ აქამდე პარტიული სისტემა გამართული გვექნებოდა.

- კულუარებში ამბობენ, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" დაწყებული ლიდერების გადინების პროცესი შესაძლოა თქვენს პარტიაშიც გაგრძელდეს...

- გია ვოლსკის განცხადება, რომ ჩვენი პარტიის გარკვეულ წევრებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას.

- დაბოლოს, მმართველი გუნდის ნაწილი უკვე მიანიშნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. როგორ აფასებთ ამ შესაძლო პოლიტიკურ არჩევანს?

- პარლამენტის თავმჯდომარის სკამს ბატონი კობახიძე დაიკავებს თუ ქალბატონი კობახიძე, საქართველოში კარგი და ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. ვინც უნდა დაიკავოს ეს სავარძელი, მზად ვარ, რამდენიმე საათი მასთან დავჯდე და ოთხი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება გულწრფელად გავუზიარო.

ამ თანამდებობას სპეციფიკური სიმძიმეები ახლავს, მას კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება და შეთანხმების მიღწევა მოუწევს თითოეულ დეპუტატთან.

- მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს?

- ნურავინ იფიქრებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მართვა კოალიციურ უმრავლესობაზე მარტივია. როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე მუშტების ბრახუნს დაიწყებს, საკონსტიტუციო უმრავლესობაშიც კი არაფორმალური ჯგუფები დარჩება - ყველა აცნობიერებს, რომ დეპუტატობა, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ოთხი წლით გარანტირებულია. ამიტომ მომავალ ხელმძღვანელს ვურჩევ, მუშტების ბრახუნის ნაცვლად, დარწმუნებითა და ურთიერთობის ჩამოყალიბებით სცადოს სისტემის მართვა.

რუსუდან შელია