არჩევნების ანატომია - კვირის პალიტრა

არჩევნების ანატომია

"ნაცმოძრაობის" მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას "ოცნებამ" შიშის ფაქტორისა და მიშას დაბრუნების კამპანია დაუპირისპირა. "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" თითქოს გამორჩათ ეს ეტაპი და პროცესებს მიღმა დადგნენ - ვერ აღმოჩნდნენ "თეთრები", რადგან მათში ამომრჩეველმა "შავებთან" გამმკლავებელი ძალა ვერ დაინახა"

2016 წლის არჩევნებმა პარტიებს რამდენიმე გაკვეთილი შესასწავლად ისევ დაუტოვა. რამ განაპირობა არჩევნებზე პოლიტიკური ძალების წარმატება ან წარუმატებლობა? რისი გათვალისწინება მართებდათ "ოცნებიდან" გამოყოფილ პარტიებს და უნდა ველოდოთ თუ არა პროდასავლური განწყობის გაძლიერებას - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი პიარტექნოლოგიების საკითხებში, სოსო გალუმაშვილი გვესაუბრება.

- ხშირად ისმის კითხვა, რატომ ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი? თუ მრავალპარტიულად მივიჩნევთ პარლამენტს, სადაც 10 პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი, ასეთი საკანონმდებლო ორგანო კიდევ დიდხანს არ გვექნება, რადგან ამ ეტაპზე ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი მწირი და განუვითარებელია, პარტიები კი ჩამოუყალიბებელი და ღარიბი, მათი სტრატეგიები და ტაქტიკა არაკრეატიული, არათანამიმდევრული და მოკლევადიან პერიოდებზეა ორიენტირებული. ამიტომ ის, რაც მივიღეთ, აბსოლუტურად ლოგიკურია. ვფიქრობ, სამი პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა არცთუ ცუდი მაჩვენებელია.

- დღემდე წინასაარჩევნო მარათონი "კეთილის" და "ბოროტის" დაპირისპირების რინგად რატომ რჩება?

- ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. პოლიტიკური კონსულტანტების საყვარელი თემაა "თეთრისა და შავის", "ბოროტისა და კეთილის", "ბნელის და ნათელის" დაპირისპირების ჩვენება. ამით გმირი და ანტიგმირი წარმოჩნდება. ამას პოლიტიკური კონსულტანტების ენაზე სარკული სტრატეგია ჰქვია. სხვათა შორის, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონიც როგორც კლინტონის, ასევე ტრამპის კამპანიების კონტრასტულობაზეა აგებული. დებატების მესამე ტურამდე გამოჩნდა, რომ ორივე კანდიდატის გზავნილები ურთიერთბრალდებებმა შეცვალა (თურმე ტრამპს არ უყვარს ფერადკანიანები და ქალებს უდიერად მოიხსენიებს, ჰილარი კლინტონი კი ფიზიკურად მოუმზადებელია და ვერ უძლებს თაკარა მზეს... ტრამპი იმიგრანტებს ქვეყნის ტერიტორიიდან გაყრით ემუქრება, რუსეთს აქებს და გადასახადებს მალავს, ჰილარი კი ქმრის სექსუალურ თავგადასავლებს მალავს, ძვირად ღირებული დაცვით სარგებლობს და ა.შ.).

ასეთია პოლიტიკური ბრძოლისთვის დაწესებული სტანდარტები და გამარჯვებულის პიედესტალზე ავა ის, ვინც ამ მარათონს გაუძლებს, ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. შემდეგ ყველას დაავიწყდება გამარჯვებულის "შავ-თეთრი" ზოლები...

- "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" ივანიშვილის კრიტიკისგან თავი რომ შეეკავებინათ და "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო კამპანია ეწარმოებინათ, უფრო მეტად მოგებულები ხომ არ დარჩებოდნენ?

- ორივე პარტიის შემთხვევაში სტრატეგიულ შეცდომებთან გვაქვს საქმე:

1. არასწორად იქნა განსაზღვრული რესურსები - მათ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბება მეტ ხმებს მოუტანდათ.

2. არასწორად იქნა განსაზღვრული სტრატეგიაც - კრიტიკის მთავარ სამიზნედ (ეს შეიძლება გარკვეული კომპლექსიც იყო, რადგან რამდენიმე ხნის წინ ისინი მმართველ კოალიციაში შედიოდნენ) სახელისუფლებო პარტია აირჩიეს. "რესპუბლიკელებმა" კონფლიქტის სტრატეგიაში წონასწორობის წერტილი ვერ მოძებნეს და რაციონალურობიდან ირაციონალურობაში გადავიდნენ (ამის გამოხატულება იყო ბერძენიშვილის ზარი პირდაპირ ეთერში ივანიშვილის ტელეფონზე). ცხადია, ივანიშვილთან ასეთ კინკლაობაში ჩაბმა ტაქტიკური შეცდომის ნაწილი იყო.

3. არასწორად იქნა განსაზღვრული გარემო ფაქტორებისა და ე.წ. მესამე პირების - სახელისუფლებო პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიები.

"ნაცმოძრაობის" გამარჯვების მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას, "ოცნებამ" შიშის ფაქტორისა და მიშას დაბრუნების კამპანია დაუპირისპირა. "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" თითქოს გამორჩათ ეს ეტაპი და პროცესებს მიღმა აღმოჩნდნენ. მათ არც ფინანსები ეყოთ და არც საკუთარი მედიასაშუალებები გააჩნდათ, რომ გაბატონებული ტრენდი თავიანთ სასარგებლოდ შეეცვალათ.

მოდი, გავამარტივოთ საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დავუშვათ, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არც დაპირება გაუცია და არც ხედვები წარმოუდგენია.

ავიღოთ ყველაზე განხილვადი საკითხი, რომელსაც მედია აქტიურად აშუქებდა - ეს იყო ოდესის გუბერნატორის ჩამოსვლა-არჩამოსვლის განხილვა. "ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო სტრატეგიაში ამ საკითხმა მისი მომხრეების პიკური აქტივობა გამოიწვია. ეს პროცესი დიდი ხნით ადრე მზადდებოდა და მისი მოდელირება ჯერ სანდრა რულოვსის ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად გამოცხადებით დაიწყო, შემდეგ "ნაცმოძრაობის" მიერ არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვების გაცხადებით გაგრძელდა.

ამ საკითხზე მთავარი აქცენტის გაკეთების მომენტი "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" ხელიდან გაუშვეს. ისინი საარჩევნო კოლაიდერში საინფორმაციო ნაკადების გრავიტაციული ცენტრებიდან შორს აღმოჩნდნენ.

ამდენად, ამომრჩეველი ისევ "თეთრსა" და "შავს" შორის ამორჩევის წინაშე დადგა. "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" ვერ აღმოჩნდნენ "თეთრები", რადგან მათში ამომრჩეველმა "შავებთან" გამმკლავებელი ძალა ვერ დაინახა.

- წინასაარჩევნოდ ყოფილი პრემიერის ინტერვიუებმა ან ფილმ "ჰეროკრატიის" ჩვენებამ ამომრჩეველზე გავლენა ხომ არ მოახდინა?

- ორივე მოვლენას ამომრჩეველზე გავლენა ნამდვილად ექნებოდა. პირველ შემთხვევაში, მიზანი "ქართული ოცნების" უკვე არსებული მომხრეების მობილიზება იყო, მეორე - "ნაცმოძრაობასთან" დისტანცირება.

- იმ პროდასავლურ ძალებს (რომლებიც ქუჩაში დარჩნენ) შეუძლიათ თუ არა მთავარი ოპოზიციური ძალის როლის შესრულება?

- ქვეყნის პარლამენტში, რომელსაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და დღე-დღეზე ვიზალიბერალიზაციას ელოდება, მთავარი პროდასავლური ძალა მმართველი პარტია უნდა იყოს, ხოლო ოპოზიციური პროდასავლური ძალა "ნაციონალური მოძრაობა". პარლამენტს გარეთ დარჩენილებზე მსჯელობა 2017 წლის თვითმმართველობისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ შეგვეძლება.

- "თავისუფალი დემოკრატების" პარტიული რებრენდინგი იგეგმება, რომელსაც ლიდერი და რამდენიმე წევრი ტოვებს. საზოგადოებაში როგორ ძალაზეა მოთხოვნა?

- ამ ეტაპზე საზოგადოების მხრიდან ახალ პოლიტიკურ სუბიექტზე მოთხოვნა არ არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ძალები არ უნდა გაჩნდნენ. ახლებმა საზოგადოებას რაღაცაზე მოთხოვნა თავად უნდა შეუქმნან.

- რით ახსნით "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას?

- გეგმაზომიერი, გათვლილი და სწორად გააზრებული წინასაარჩევნო კამპანიით, რომელიც პოტენციური ამომრჩევლისკენ იყო მიმართული.

- "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება თვალში საცემი გახდა. მათთვის პარლამენტში შესვლა უფრო მომგებიანია თუ შეუსვლელობა, რისკენაც მათ ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებდა?

- ვფიქრობ, მათ შორის სერიოზული უთანხმოება არც ყოფილა. არსებობს ტაქტიკური მიდგომები, რომელსაც პარტიის მომხრეების ნაწილი იზიარებს, ნაწილი - ეწინააღმდეგება. სულ ეს არის...

ეკა ასათიანი