"მიშამ ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს და სანდრასაც ააფეთქებს!"
17-10-2016
"მიშამ ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს და სანდრასაც ააფეთქებს!"
"ნაციონალებს" ბევრი დამკვირვებელი მოსყიდული ჰყავდათ"

დათო შენგელია: "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ჰალუცინაციები დაეწყო"


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების ყურადღება ზუგდიდისკენ იყო მიპყრობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობიდან") დაუპირისპირდა. არჩევნების პირველი ტური საინტერესო შედეგით დასრულდა - ედიშერ თოლორაიამ სანდრა რულოვსს 307 ხმით აჯობა. სანდრა რულოვსმა, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ, ეს მარცხი "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას აქტიურობას მიაწერეს.

"ენგურის ხიდსა და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორის გადმოსასვლელთან დევნილებს უცნობი პირები­ ხვდებოდნენ, რომლებიც მოსყიდვისა და ე.წ. სომხური კარუსელის გამოყენებით არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ყოფილ საკონსერვო ქარხანასთან კი, ამჟამინდელ თხილის ქარხანაში, შეიარაღებული ფორმირება "ტყის ძმების" ყოფილ ხელმძღვანელს, დათო შენგელიას მობილიზებული ჰყავდა მიკროავტობუსები იძულებით გადაადგილებული­
პირების გადმოსაყვანად", - განაცხადა დამენიამ. რა უპასუხა ამ ბრალდებებს თავად დათო შენგელიამ და რას აპირებს ის არჩევნების­ მეორე ტურისთვის, ამასთან დაკავშირებით დათო შენგელია "კვირის პალიტრას"­ ესაუბრა.

- სად მნახეს არჩევნების დღეს მე?! უჩინმაჩინის ქუდი ხომ არ მეხურა?! ჯერ ერთი, ავად ვარ, მეორე, არც ის არის გასაკვირი, თუ სადისტებსა და მწვალებლებს მხარს არ ვუჭერ... სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს, ფიზიკურად ვერ ჩავედი სამეგრელოში. იქნებ ჩემი ორეული დადის სადღაც და არ ვიცი.

- ლაშა დამენიამ განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ ფიჩორის გადმოსასვლელთან­ დევნილებს უცნობი პირები ხვდებოდნენ, რომლებიც თქვენ მიერ მობილიზებული მიკრო­ავტობუსებით არჩევნებზე მიჰყავდათ....

- რა იცის, რომ ის მიკროავტობუსები­ ჩემი მობილიზებული იყო?

- მისი განმარტებით, მიკროავტობუსები თხილის ქარხნის ეზოში იყო მობილიზებული...

- თხილის ქარხანა ჩემი და ჩემი მეგობრების არის, მაგრამ იქ მიკროავტობუსები და შეიარაღებული კაცები ვინ ნახა?! ან თუ ნახეს, ერთი ფოტოსურათი ან ვიდ­ეომასალა ვერ გადაიღეს?!

- დამენიამ განაცხადა, რომ თქვენ გამოიყენეთ იძულებით გადაადგილებული მოსა­ხლეობა, რომელთა მეშვეობით "სომხური კარუ­სელი" დატრიალდა... იქნებ ამ პროცესში პირადად თქვენ არა, მაგრამ თქვენი მხარდამჭერები მონაწილეობდნენ?

- წესით, დამენიას ამ განცხადების გამო უნდა ვუჩივლო... მას რა უფ­ლება აქვს, რომ დევნილ მოსახლეობას­ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს. ასე დაუსა­ბუთებელ­ ლაპარაკს არ სჯობდა, ჩემი მხარდამჭერების იდენტიფიცირება მოეხდინათ?! ისინი ჯერ კიდევ 2012 წელს მაბრალებდნენ, რომ ზუგდიდში ჯარი მყავდა მობილიზებული. სოფელ ურთაში სათბურები მართლაც მაქვს, სადაც 65 წელს გადაცილებული ქალები მუშაობენ. ჩანს, ეს ქალები "ჯარად" მოეჩვენათ... "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ჰალუცინაციები დაეწყო.

- ერთგულ მხარდამჭერებთან იდეოლოგიური სამუშაო მაინც არ გიწარმოებიათ, თუ ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი?

- ნათქვამი მაქვს ყველასთვის, რომ "სატანებსა და მწამებლებთან" არავითარი საქმე არა გვაქვს და მათ ქვეყნის ბედი არ უნდა ჩავაბაროთ-მეთქი. ჯერ ერთი, ეს ჯგუფი, მიშას, სანდრასა და მათ მხარდამჭერებს ვგულისხმობ, სულ გაიძახის, რომ უგულავა და მერაბიშვილი პოლიტპატიმრები არიან, ახალაიას არც კი ახსენებენ... ამ უსინდისოებმა ხელი საწყალ ახალაიებს შეახოცეს.

- და თქვენც ფიქრობთ, რომ ახალაიები საწყლები არიან?

- ახალაიას იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც ამათ გააკეთეს! ახალაია უგულავასა და მერაბიშვილთან შედარებით ანგელოზია...
ახლა მიშა და სანდრა რატომ არ ახსენებენ მას, იცით? ჯერ ერთი, როგორც გითხარით, ბინძური ხელი შეახოცეს, მეორე და მთავარი კი ის არის, რომ ისინი ვერ იტანენ სამეგრელოსა და მეგრელებს... რეალურად, მათ მეგრელები მხოლოდ საცდელ ხალხად სჭირდებათ.

- რას ეუბნებოდით თქვენს მხარდამჭერებს, ხმა ვის უნდა მისცენ?

- იმას, ვინც დღეს ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს, ასეთი არის "ქართული ოცნება". ასეთი წყნარი და თავისუფალი არჩევნები ბოლო 25 წლის განმავლობაში გახსოვთ? ეს ხელისუფლების დამსახურებაა.

- რამდენად იყო ხალხის განწყობის ადეკვატური არჩევნების პირველი ტურის შედეგები ზუგდიდში?

- "ნაციონალურმა მოძრაობამ "კარუს­ელი" გააკეთა და "ოცნებამ" თავისი ხმები ვერ დაიცვა. "ნაციონალებს" ბევრი დამკვირვებელი მოსყიდული ჰყავდათ, რომლებმაც ამ ყველაფერზე თვალი დახუჭეს.

- არცთუ დიდი ხნის წინ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებდით, მიშამ დამიჭირა და მანვე გამათავისუფლაო. მაშინ არ გითქვამთ, რომ სააკაშვილი "სატანა" იყო?

- მიშამ იმიტომ გამათავისუფლა, რომ დავჭირდი. 2008 წელს ომი წააგო და თავისივე ჯარი გაექცა.... ჰოდა, მე და ჩემი მეომრები დავჭირდით.

- მალე არჩევნების მეორე ტური გაიმა­რთება ზუგდიდში, იქ ჩასვლას ისევ არ აპირებთ?

- ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სატანები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და "ოცნების" ხალხმა გაიმარჯვოს. წინასწარ ვაცხადებ - ძალადობა გამორიცხულია, საერთოდ, თუკი სადმე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, ყველგან "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული იყო. ისინი ამ ამბავში პროფესორები არიან. უკვე ნამდვილად მორჩა მაგათი პარპაში!

სჯობია, თვით "ნაციონალებმაც" კარგად გააანალიზონ და გაიგონ, მიშა მხოლოდ გივი თარგამაძეს კი არ გაწირავს, თუ დასჭირდა, თვით სანდრასაც ააფეთქებს! იმას ვერ ვხვდები, რატომ ვაძლევთ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმის უფლებას, მხარდამჭერებს საქართველოში არეულობისკენ მოუწოდოს?! ხომ აშკარაა, რომ მას ყველაფერი ფეხზე ჰკიდია და ამიტომაც არის, რომ ყველაფერზე მიდის.

რას ნიშნავს "სომხური კარუსელი"?


"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდში დათო შენგელიას მხარდამჭერებს "სომხური კარ­უსელის" დატრიალებასა და ხმების გაყალბების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. "სომხური კარუსელი" ნიშნავს, როცა მოქალაქეთა ჯგუფს შემოხაზულ ბიულეტენს წინასწარ აძლევენ.­ მათ გამოაქვთ სუფთა ბიულეტენი და აძლევენ სხვას, ვინც შემდეგ იმავეს აკეთებს.

სანდრა რულოვსი მეორე ტურისთვის ემზადება


ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მხარდამჭერებს ასე მიმართა: "ყველა დარწმუნებული ვიყავით არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებაში და ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ათასობით ხმა ბათილად გამოცხადდებოდა ან მმართველი პარტიის მხარდამჭერები იატაკზე დაყრიდნენ. ამას აკეთებდნენ მოსყიდული ადამიანები, ისინი, ვისზეც განხორციელდა ზეწოლა, ძალადობა, დაშინება ან ინსპირირება, რომ ჩაედინათ მიუღებელი, არადემოკრატიული და ხშირ შემთხვევაში, კრიმინალური ქმედებები... ჩვენ არ დავნებდებით და გავაგრძელებთ კანონიერ ბრძოლას უკეთესი, სტაბილური და დამოუკიდებელი მომავლისთვის როგორც სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ასევე, სრულიად საქართველოსთვის. მალე შეიტყობთ ჩვენი გეგმების შესახებ და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს!" - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით