"ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობის" ფატალურ შეცდომებსა და დანაშაულებს არ გაიმეორებს" - ვის დაავიწყდა დემოკრატიის ანბანი?! - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობის" ფატალურ შეცდომებსა და დანაშაულებს არ გაიმეორებს" - ვის დაავიწყდა დემოკრატიის ანბანი?!

სამოქალაქო სექტორის ნაწილმა, მათი აზრით, პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს საგანგებო განცხადებით მიმართა - თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. ამ მიმართვაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციამაც არ დააყოვნა - ითქვა, რომ ქვეტექსტში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოწოდება იკითხება. მიმართვის ადრესატები იყვნენ: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები", "გირჩი", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები", "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი საქართველო", ლეიბორისტული პარტია. თუმცა მოგვიანებით, ხელახლა გამოქვეყნებულ ტექსტში პრეზიდენტი აღარ იყო მოხსენიებული.

"ვისთვისაც "ნაცმოძრაობა" მიუღებელია, მხარს მაინც არ დაუჭერს"

ისიც გაირკვა, რომ ხელმომწერებს შორის დასახელებული ზოგიერთი პირი ტექსტს არ ეთანხმებოდა და მიმართვიდან საკუთარი გვარის ამოღება მოითხოვა. ერთ-ერთი "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანია:

- მიმართვაში საზოგადოების ერთი ჯგუფის პოზიციაა დაფიქსირებული, რომლებმაც ადრესატები არასწორად შეარჩიეს. მაგალითად, პრეზიდენტი არ უნდა დასახელებულიყო. განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ ერთი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მეორეს დაუჭირონ მხარი, პრეზიდენტი არ უნდა ჩაერთოს, ნეიტრალური არბიტრის როლს უნდა თამაშობდეს, დაძაბული კერების გაჩენის შემთხვევაში, ის უნდა იყოს მთავარი დამბალანსებელი.

- მიმართვის მოტივად საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პოლიტიკური ძალისთვის მინიჭების საფრთხე დასახელდა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა განცხადება "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის პროპაგანდად მონათლა.

- ერთი პოლიტიკური ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს მართლაც შეიცავს, თუმცა ამ საკითხზე სამოქალაქო სექტორმა არჩევნების შემდეგ აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მმართველ ძალას, რომ ფატალური შეცდომებისგან თავი დავიცვათ. დღეს კი, როდესაც მეორე ტური ჯერ არ ჩატარებულა, მსგავსი განცხადებები ზედმეტად მეჩვენება, მით უმეტეს, იმ ფორმით, როგორც ეს კონკრეტულმა პირებმა გადაწყვიტეს.

- რა პრინციპით შეირჩნენ ის პირები, რომლებიც განცხადებას ხელს აწერენ?

- ადამიანებმა, რომლებსაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, ტექსტი შეადგინეს, შემდეგ კი განცხადება გავრცელდა... მთავარი ის არის, ვისთვისაც "ნაცმოძრაობა" მიუღებელია, ნებისმიერი მოწოდების მიუხედავად, მხარს მაინც არ დაუჭერს. თუმცა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს ის რისკიც, რაც მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში არსებობს. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობა" ამომრჩეველმა თვალდახუჭულმა შემოხაზოს, ზოგიერთ ოლქში სხვა პარტიების წარმომადგენლებიც არიან კანდიდატებად.

- თუ "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობამ საფრთხე შექმნა, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ "ქართული ოცნებაც" წინამორბედის გზას დაადგება?

- უკონტროლო და უმართავი მმართველობა შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, მაგრამ არც მე და არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ უნდა მისცეს თავს უფლება, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდოს.

"დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ოპოზიციაში"

ცირა ელისაშვილი, ტფილისის ჰამქრის წევრი: - ჩემი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მიმართ ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ოპოზიციაში - სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ამ წერილზე ხელი არ მომეწერა, მაგრამ დღევანდელი ვითარება ამისკენ მიბიძგებს - ერთ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ.

"ეს მიმართვა სრულიად გაუგებარია"

ექსპერტები მიმართვას "ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის "+1"-ის ნაწილად მოიაზრებენ. მეორე ტურისთვის კამპანია "+1" გულისხმობს, რომ პარტიის მხარდამჭერებმა პლუს ერთი ადამიანი არჩევნებზე მისვლასა და საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის უარის თქმაში დაარწმუნონ.

არჩილ გამზარდია, პოლიტოლოგი: - ეს მიმართვა სრულიად გაუგებარი და თავისი შინაარსით ურთიერთწინააღმდეგობრივია. მაგალითად, წავიკითხე, რომ ამომრჩევლებმა კონკრეტულ პარტიას ევროპული ფლანგის გაძლიერების მიზნით "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა. არადა, ერთ-ერთ რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები "ქართული ოცნება" და "თოფაძე - მრეწველების" წარმომადგენელი არიან, ეს უკანასკნელი კი აშკარა პრორუსულ ორიენტაციას ატარებს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა გულშემატკივრობდნენ და ამომრჩეველსაც ამ პარტიის მხარდაჭერის რეკომენდაციას უწევდნენ. რა გამოდის? ოღონდ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს და ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი? ამ ლოგიკით პრორუსული ძალების პარლამენტში შესვლასა და გაძლიერებაზეც კი უფრო მონდომებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვიდრე პროდასავლური ფლანგის რეალურ გამყარებაზე.

კიდევ ერთი დეტალი: ნუთუ არასამთავრობოებს დემოკრატიის ანბანი დაავიწყდათ?! დემოკრატიის სახელით მოლაპარაკე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ დემოკრატია ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ ითვალისწინებს. დემოკრატიის ანბანია - ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება უნდა მივცეთ. რაც მთავარია, შემთხვევითი არ არის, რომ სამოქალაქო სექტორის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ტურამდე მიმდინარე კამპანიის მთავარ გზავნილებს დაემთხვა - სწორედ ისინი ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე და წამოიწყეს კამპანია "+1". არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაც ამ კამპანიის გაგრძელება უნდა იყოს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, "ნაცმოძრაობისა" თუ სამოქალაქო სექტორის ნაწილის ამ წამოწყებამ მეორე ტურში მათთვის სასარგებლო ნაყოფი გამოიღოს.

"უმრავლესობის კრიტიკის ტვირთი სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა იტვირთოს"

ალექსანდრე თვალჭრელიძე, პოლიტოლოგი: - საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოდან მოყოლებული, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტით დამთავრებული, ჩვენ სწორედ განუსაზღვრელი ძალაუფლების პირობებში მმართველობის მომსწრენი გახლდით. საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ მას პოლიტიკური ძალა ბოროტად არ გამოიყენებს - პირიქით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დღევანდელი ვითარება დემოკრატიის სასიკეთოდაც გამოვიყენოთ. კერძოდ, უმრავლესობის კრიტიკის ძირითადი ტვირთი საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა იტვირთოს - ეს ამ სექტორის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და საზოგადოებრივი წნეხი ხელისუფლებასაც ამომრჩევლის წინაშე მეტად ანგარიშვალდებულს გახდის. ისიც საგულისხმოა, რომ 2013 წელს ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში კონსტიტუციაში პრემიერის უფლებამოსილების შეზღუდვაზე იზრუნა და სახელისუფლებო შტოებს შორის ერთგვარი ბალანსის შექმნა სცადა. შესაბამისად, არა მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც კი "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობის" ფატალურ შეცდომებსა და დანაშაულებს გაიმეორებს.

რუსუდან შელია