იგეგმებოდა თუ არა საპარლამენტო გადატრიალება?! - კვირის პალიტრა

იგეგმებოდა თუ არა საპარლამენტო გადატრიალება?!

"ჩვენ გვყავდა 55 დეპუტატი, დანარჩენ ფრაქციებს კი - 22..."

გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში შეიძლებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის კონფიგურაცია შეცვლილიყო. არსებობდა თუ არა შანსი, რომ პოლიტიკური სურათი მართლაც შეცვლილიყო და შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა მომავალში "რესპუბლიკელებთან", "თავისუფალ დემოკრატებთან" ან "ეროვნულ ფორუმთან" თანამშრომლობას, ამ საკითხებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე გვესაუბრა:

- ჩემს განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა. მე ვთქვი, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ უმრავლესობიდან, შანსი იყო, საპარლამენტო კონფიგურაცია შეცვლილიყო-მეთქი. იყო ცალკეულ დეპუტატთან ლაპარაკი, თუმცა ამ პარტიებს ("თავისუფალ დემოკრატებს", "ეროვნულ ფორუმს" და "რესპუბლიკელებს") "ნაციონალური მოძრაობის" გარდა არ აღმოაჩნდათ ამ ნაბიჯის გადადგმის პოლიტიკური ნება. მოკლედ, შანსი შანსად დარჩა... მოლაპარაკებები არ გამართულა.

- კონფიგურაციის შესაცვლელად დეპუტატების უმრავლესობა მაინც არ გყოფნიდათ...

- ჩვენ გვყავდა 55 დეპუტატი, ამ ფრაქციებს კი 22 დეპუტატი.

- მაგრამ თქვენი რიგებიდან "ოცნებაში" გადასულებს არ თვლით?

- მათ გარეშე 55 დეპუტატი გვყავდა.

- პროპორციული სიით 33 დეპუტატი გაიყვანეთ, მაჟორიტარების დიდი ნაწილი კი "ოცნებას" მიემხრო. ასე არ არის?

- არა, მაჟორიტარების უმეტესობა არსად გადასულა. მინდა დავაზუსტო - როცა ლაპარაკი იყო ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობაზე, ამაში "ნაციონალური მოძრაობა" არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ზემოთ დასახელებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ახალ მთავრობაში შესვლას, რადგან მოსახლეობამ ჩვენ ოპოზიციის როლი განგვისაზღვრა. უბრალოდ, იმის შანსი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა შეცვლილიყო. შემდეგ სხვანაირად განვითარდებოდა პროცესები, აღარ დავდგებოდით არაერთი პრობლემის წინაშე. აი, თუნდაც დღეს წარმოჩენილი პრობლემა აღარ იარსებებდა.

ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მოსახლეობის ამომრჩეველთა 25%-ზე ნაკლები უჭერს მხარს, ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა უვარდება. ამიტომ ამ პოლიტიკურ ძალებს შეიძლებოდა წინ გაეხედათ და ის შანსი, რაც ზემოთ ვახსენე, გამოეყენებინათ.

როგორი პოლიტიკური დინებები იყო საპარლამენტო კულუარებში, ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დათო ლორთქიფანიძე ესაუბრა:

- "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის მოწვევის პარლამენტში 65 დეპუტატით შევიდა (რომელთაგან 33 პროპორციული სიით იყო წარმოდგენილი, ხოლო 32 მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ). მათგან ბევრი პარლამენტში ყოფნისას "ქართულ ოცნებას" მიემხრო. ბოლოს, როგორც კენჭისყრებიდან მახსოვს, "ნაციონალურ მოძრაობას" 42 დეპუტატიღა ჰყავდა. ასე რომ, ამ რაოდენობას "რესპუბლიკელების" - 10, "ეროვნული ფორუმის" და "თავისუფალი დემოკრატების" 6-6 დეპუტატიც რომ დავამატოთ, საპარლამენტო უმრავლესობა მაინც ვერ გამოდის. თანაც, როგორც ვიცით, "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი" ამ თემაზე კონსულტაციების გამართვის ყველანაირ შესაძლებლობას გამორიცხავდნენ.

- "ნაციონალური მოძრაობიდან" "ოცნებაში" რამდენი დეპუტატი გადავიდა?

- როგორც მახსოვს, თერთმეტი, თუმცა, შესაძლოა, ეს არასრული მონაცემი იყოს.

- ამ მონაცემის მიხედვით "ნაცმოძრაობას" 54 დეპუტატი უნდა დარჩენოდა, ესე იგი, 76 დეპუტატის შეკრების შანსი იყო?

- საპარლამენტო კონფიგურაციის შეცვლის შანსი თითქმის არ არსებობდა. ამის გახმოვანება ბარამიძეს, ალბათ, იმისთვის დასჭირდა, რომ არჩევნების მეორე ტურზე (სადაც, ძირითადად, "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კანდიდატები უპირისპირდებიან ერთმანეთს) "ნაციონალებმა" "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ეროვნული ფორუმის" ელექტორატის მხარდაჭერაც მიიღოს. ცოტა უცნაურად იქცევა "ნაცმოძრაობა", როცა აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისგან" საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა სახიფათოა. ისინი თავად ამბობენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენც რომ გვქონოდა, ისიც კი ძალიან ცუდი იქნებოდაო. ასეთ დროს სულ მინდა ვუთხრა - სად თქვენ და სად ჩვენ?! "ნაცმოძრაობა" თუ ცუდად იქცეოდა, როცა უმრავლესობა ჰქონდა, ამიტომ ამომრჩეველმა ხმა ისევ "ნაციონალებს" რატომ უნდა მისცეს?!

პასუხი ბარამიძეს

კახაბერ შარტავა, "ეროვნული ფორუმის" ლიდერი: "ნაცმოძრაობის" ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, ძალიან შორს არიან რეალობისგან".

ზურაბ აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი: "სრული ბოდვაა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და ვერც იქნებოდა".

რუსუდან შელია