12 მილიონი ლარი მაჟორიტარებისთვის - ვინ დადიოდა "შატალოზე" წინა მოწვევის პარლამენტში - კვირის პალიტრა

12 მილიონი ლარი მაჟორიტარებისთვის - ვინ დადიოდა "შატალოზე" წინა მოწვევის პარლამენტში

დეპუტატები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოსულან სიტყვით

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია მაჟორიტარი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, მათ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობა, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებისა და სიტყვით გამოსვლის რაოდენობრივი ანალიზი.

სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, რიგ შემთხვევაში მაჟორიტარ დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის კავშირი არ არსებობს, რაც გამოიხატება მაჟორიტარი დეპუტატების პასიურობაში ამომრჩეველთან - მოსახლეობასთან შეხვედრები არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია მაჟორიტარი დეპუტატის დროის განრიგზე. საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით 73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან არ უსარგებლია 37 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატები 331 კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ. 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით, მათ არასაპატიო მიზეზით 378, სხდომა გააცდინეს. 73-დან პარლამენტის სხდომა არასოდეს გაუცდენია 11-ს. 8 დეპუტატმა გააცდინა თითოჯერ, ესენია: გოზალიშვილი, ებანოიძე ნოდარ, ვახტანგიშვილი მალხაზ, ლონდარიძე ტარიელ, პაპუაშვილი ზაზა, დავით უსუფაშვილი, მალხაზ წერეთელი, როსტომ ხალვაში, ფატი ხალვაში, ვახტანგ ხმალაძე, თამარ ხიდაშელი, გიორგი კახიანი, დანელია სოსო. ხოლო 2-ჯერ და მეტჯერ 54-მა დეპუტატმა. პარლამენტის პლენარული სხდომა ყველაზე ხშირად - 19-ჯერ, ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარიკა ვერულაშვილმა გააცდინა; 18-ჯერ თერჯოლის მაჟორიტარმა კახა ბუცხრიკიძემ, 15-ჯერ ჩხოროწყუს მაჟორიტარმა ლევან ქარდავამ, ხოლო 14-ჯერ თეთრიწყაროს მაჟორიტარმა - დავით ბეჟუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების სიხშირის მიუხედავად, მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს: თემურ ჭკუასელი (400 ლარი), როლანდ ახალაია (200 ლარი), მარიკა ვერულაშვილი (758 ლარი), კობა ნაყოფია (758 ლარი), ვიქტორ ჯაფარიძე (390 ლარი). შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, არასამართლიანია ფინანსური სახდელის მხოლოდ იმ დეპუტატებისთვის დაკისრება, რომლებმაც სხდომები მხოლოდ სასესიო პერიოდში გააცდინეს. რაც შეეხება ბიუროების დაფინანსების საკითხს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბიუროებთან მიმართებაში არ არსებობს ერთნაირი სტანდარტი სახელფასო ფონდთან დაკავშირებით. სხვადასხვა ბიუროში სახელფასო ფონდი და შრომის ანაზღაურება განსხვავებულია. ჯამში, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში გაიხარჯა 12 065 777 ლარი. თითოეულ ბიუროში დასაქმებულია მინიმუმ სამი ადამიანი, ყველაზე მეტი, 12 თანამშრომელი კი ფიქსირდება ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, რომლის წლიური სახელფასო ფონდი შეადგენს 46 764 ლარს. პარადოქსია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც სამი ადამიანია დასაქმებული, წლიური სახელფასო ფონდი შეადგენს 41 767,63 ლარს, შესაბამისად, ახალციხის ბიუროში დასაქმებულის ხელფასი ყოველთვე საშუალოდ შეადგენს 325 ლარს, ხოლო ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებული პირის ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 1.160 ლარია.

331 საკანონმდებლო ინიციატივიდან 6 წარდგენილია კოლექტიურად 40-48 დეპუტატის მიერ, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული დეპუტატების სია. სიტყვით გამოსვლის უფლებით ოთხი წლის განმავლობაში არ უსარგებლიათ ზაზა კედელაშვილს, გიორგი ფეიქრიშვილს, რევაზ შავლოხაშვილს, ენზელ მაკოიანს, გოგი ლიპარტელიანს, ლევან ქარდავასა და როსტომ ხალვაშს. ოთხი წლის განმავლობაში სიტყვით მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ: ზურაბ ზვიადაური, კახა ბუცხრიკიძე, როლანდ ახალაია, თეიმურაზ ჩხაიძე. ყველაზე ხშირად კი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს: ეკა ბესელიამ, ვახტანგ ხმალაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, ალექსანდრე ქანთარიამ, დავით ონოფრიშვილმა და შალვა შავგულიძემ.

რუსუდან შელია