"გარკვეული დროის შემდეგ რღვევა დაიწყება როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე "ოცნების" მომავალ საპარლამენტო უმრავლესობაში" - კვირის პალიტრა

"გარკვეული დროის შემდეგ რღვევა დაიწყება როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე "ოცნების" მომავალ საპარლამენტო უმრავლესობაში"

"NDI არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ"

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენი განცხადების ინტერპრეტაცია არასწორი და ჰიპოთეზური იყო. NDI არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ წაიკითხავთ არჩევნების დღიდან მოყოლებულ ჩვენს განცხადებებს, იქ ვამბობთ, რომ ამ არჩევნებში ხალხის ნება იყო გამოხატული. ბოლო განცხადებაში კი ვთქვით, თუ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები არ გამოსწორდება, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში გააჩინოს კითხვები არჩევნების სანდოობის შესახებ.

ჩვენი მიზანი იყო ყველა მხარის მობილიზება, რათა არჩევნების მიმართ ნდობა უფრო გაძლიერდეს. ვიმეორებ, NDI 8 ოქტომბრის არჩევნებს ეჭვქვეშ არ აყენებს!" - ეს განცხადება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორტონმა 21 ოქტომბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ იმავე სიუჟეტში გააკეთა, რომელშიც იყო მცდელობა, ამ ორგანიზაციის მიერ არჩევნების მე-2 ტურის წინ გამოქვეყნებული განცხადება ისე წარმოეჩინათ, თითქოს აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა. იშველიებდნენ ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების განცხადებებს. იმ სიუჟეტმა კი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, ცოტა არ იყოს, კომიკური ელფერი შეიძინა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლების ვარაუდსა და საკუთარ ჰიპოთეზებს იქვე აქარწყლებდა ქალბატონი ლორა თორტონი. აქვე გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან, რომელიც NDI -მ გამოაქვეყნა:

"8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს. თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, მომავალი არჩევნები (მოგვიანებით თორტონმა განმარტა, რომ NDI მომავალ საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობდა), ასევე, მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ".

მაშ, ვის სჭირდება ამ განცხადების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია დასვას კითხვის ნიშნის ქვეშ?

ვალერი გორგილაძე, სოციოლოგი, ექსპერტი: - ჩემთვის ეს მცდელობები მოულოდნელი სულაც არ არის.

"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თვითონვეა გაოცებული მიღებული ხმების რაოდენობით, ცოტა არ იყოს, დაბნეულია. არ ელოდნენ ასეთ მხარდაჭერას, შესაბამისად, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების საფუძველი არა აქვთ. უარი რომ ეთქვათ და არ შესულიყვნენ პარლამენტში, ამით საბოლოოდ მოხდებოდა მათი მარგინალიზაცია, რადგან ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ვერ აუხსნიდნენ ამის მიზეზს. ვერც ქუჩაში მოახერხებდნენ პროცესების გადატანას, როგორც ეს სააკაშვილს სურდა.

გაიხსენეთ აშშ-ის ელჩის განცხადება, ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი და ამომრჩეველმა საკუთარი ნება გამოხატა.

"ნაციონალურ მოძრაობას" მთლად ამის აღიარებაც არ სურს, რომ ეს კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები იყო და ცდილობს, შუალედური პოზიცია დაიკავოს. რომ თქვას, არჩევნები არალეგიტიმურიაო, აღარ გამოდის, მაშინ დაუსვამენ კითხვას, - თუ ასეა, სად შედიხართო? ამასთან, ისიც არ სურთ, აღიარონ შედეგის ლეგიტიმურობა და ამიტომაც გამუდმებით ლაპარაკობენ მანიპულაციებზე, გაყალბებაზე, მოსყიდვაზე და ა.შ.

ფიქრობენ, რომ არავინ იცის, მომავალში რა სცენარით წარიმართება პოლიტიკური პროცესები და როდის დასჭირდებათ ეს არალეგიტიმურობაზე ირიბი მინიშნებები, რაშიც, ბუნებრივია, იშველიებენ კონტროლირებად მედიას. ამას ემსახურებოდა "რუსთავი 2"-ის თქვენ მიერ ნახსენები სიუჟეტიც, რომელშიც NDI-ს ხელმძღვანელს ლამის თავის მართლებაც კი დასჭირდა.

ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია არჩევნებს, თუმცა საბოლოო შედეგზე არ ასახულა. ვეთანხმები NDI-ს, ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, რათა მომავალში უფრო სრულყოფილი საარჩევნო პროცესი მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ რღვევა დაიწყება როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე "ქართული ოცნების" მომავალ საპარლამენტო უმრავლესობაში. რა კონფიგურაციას მივიღებთ და ვის რაში დასჭირდება ამ ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი, ამას  დრო გვიჩვენებს.

ნათია დოლიძე