"სააკაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ დამდგარა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ დამდგარა"

"ქართული ოცნება" გამარჯვებულია და ამ დინების საწინააღმდეგოდ სვლას არ ვაპირებთ"

რა განწყობით მიდის მეორე ტურში ოპოზიცია, "კვირის პალიტრას" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ქუთაისის #48 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ესაუბრება:

- მეორე ტური შანსია ქუთაისელებისთვის, საკუთარი ქალაქის პერსპექტივა გადაარჩინონ. რაც უნდა თქვას კობა ნარჩემაშვილმა, ფაქტია, რომ მმართველი გუნდის დღის წესრიგში პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი ნომერ პირველ ამოცანად დგას.

- რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ მეორე ტურში კანდიდატურას მოხსნით, თუ "ქართული ოცნება" დაადასტურებს, რომ პარლამენტს თბილისში არ გადმოიტანს, თუმცა მალევე აზრი შეიცვალეთ და არჩევნებში ბრძოლა დააანონსეთ.

- თუ კანდიდატურას მოვხსნი, ქუთაისს შანსიც კი არ რჩება, რომ "ქართული ოცნების" ჩანაფიქრს შეეწინააღმდეგოს. ჩემი განცხადებით შევეცადე, ბიძგი მიმეცა ხელისუფლებისთვის, თუმცა მალევე ამის პერსპექტივა თავადვე ვერ დავინახე. იმისათვის, რომ პარლამენტმა პარლამენტის ადგილმდებარეობა განსაზღვროს, ხელისუფლებას 113 ხმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. სწორედ ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მეორე ტურში ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ - თუ დღეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ქუთაისს წავართვით, ამ შანსს ქუთაისელები ვერასოდეს დავიბრუნებთ.

- თუ თქვენ არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას ცალსახად აღიარებთ, როგორ გავიგოთ პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება 600 ათას ხმასა და მასობრივად გაყალბებულ ბიულეტენებზე, ასევე იმაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი გამარჯვების დაცვა ვერ მოახერხა - პარტიის წევრები სააკაშვილის პოზიციებს ემიჯნებით?

- მეც ვფიქრობ, რომ არჩევნებში ბევრი ხმა დაგვაკლდა, გაბათილებული ბიულეტენების უმრავლესობაშიც სწორედ ჩვენ ვლიდერობდით, თუმცა ეს უფრო არასათანადო მეთვალყურეობის შედეგია - ჩვენმა წარმომადგენლებმა კომისიებში პროცესების სათანადოდ გაკონტროლება ვერ მოახერხეს. "ქართული ოცნება" გამარჯვებულია და ამ დინების საწინააღმდეგოდ სვლას არ ვაპირებთ. პირიქით, შემდეგი არჩევნებისთვის გაათმაგებული ძალით მოვემზადებით. სხვათა შორის, შეცდომად მიმაჩნია, რომ პარტიაში არსებული კამათი საჯარო მხოლოდ ახლა გახდა. არადა, "ნაციონალურ მოძრაობაში" მაშინაც ბევრს კამათობდნენ, როდესაც საზოგადოება ფიქრობდა, რომ პარტია მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილით იმართებოდა.

- კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ტვირთად მიიჩნევს და მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხიც დღის წესრიგში დადგა, მართვის ბერკეტები კი გიგა ბოკერიას ხელში აღმოჩნდა.

- ვერ დავეთანხმები აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეეცდება. არც მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი დამდგარა - ჩვენი ძალა ერთიანობაშია.

ცხოვრება ერთი არჩევნებით არ მთავრდება - პოლიტიკა მარათონია და არა სპრინტი, რომ მოკლე მანძილზე გამარჯვება-დამარცხებით არსებობა შევწყვიტოთ.

რუსუდან შელია