"ერთი-ორი ანგაჟირებული ექსპერტის განწყობაზე პოლიტიკას ვერ ავაგებთ"
24-10-2016
"ერთი-ორი ანგაჟირებული ექსპერტის განწყობაზე პოლიტიკას ვერ ავაგებთ"
"ყველა კ­ვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი­ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუს­ეთთან დიალოგს"

"რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რა იგულისხმება დიალოგის გაგრძელებაში - ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი თუ დიპლომატიური ურთ­იერთობის აღდგენის სურვილი? "კვირის პალიტრის" კითხვებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე უპასუხებს:

- დიალოგის გაგრძელება, პრინციპში, დიალოგის გაგრძელებას
ნიშნავს. ივნისის შემდეგ ჩემი და კარასინის შეხვედრა სექტე­მბერში იგეგმებოდა, თუმცა საქართველოსა­ და რუსეთშიც საარჩევნო კამპანიების გამო გადავწყვიტეთ, 19 ოქტომბრისთვის გადაგვედო. ასე რომ, ეს ფორმატი მოქმედია.

- ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მხოლოდ კარასინთან დიალოგის სურვილს გულისხმობდა და თქვენი შეხვედრები პრაღაში გაგრძელდება?

- ეს ფორმატი
გაგრძე­ლდება. მისი შე­ცვლა დღის წესრიგში არ დგას. თუ ამის აუცილებლობა­ წარმ­ოიქმნება, არც ეს არის გამორიცხული.­ ორმხრივი ფორმატის შეცვლას ორივე მხარის მზაობა სჭირდება. რაც შეეხება მოლოდინს, ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს, როდესაც დიალოგს ვიწყებდით, ვაცხად­ებდით, რომ გადაჭარბებული მოლოდინი­ არ უნდა გვქონოდა.­ ეს ფორმატი განიხილავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს.­ უფრო რთულ თემებზე, რომლებიც აფხაზ­ეთსა და ცხინვალის­ რეგიონთან არის დაკავშირებული, ჟენევის­ საერთაშორისო კონსულტაციებზე მსჯელობენ.

- ოთხი წლის განმავლობაში ეს ეკონომიკური თანამშრომლობაც სათუო გახდა. არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთისგან ქართული პროდუქციის შესაძლო ემბარგოზე განცხადებაც მოვისმინეთ. თუმცა, რატომ გაკეთდა განცხადება­ არჩევნების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ საქართვე­ლოში რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი დადგა და, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოლოდინიც გაჩნდეს?

- პირველ რიგში, პრაღაში შეხვედრების­ ფორმატს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი­ პარტნიორები წარმატებულად მიიჩნევენ. ამის თაობაზე არაერთი ცნობილი პო­ლიტი­კოსის განცხადება მოგვისმენია, იქნება ეს ნატოს გენერალური მდივანი, ევრ­ოკავშირის­ ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო­ დეპარტამენტის წარმომადგენლები თუ სხვა.

ყველა კ­ვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი­ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუს­ეთთან დიალოგს და ერთი-ორი პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტის გუნება-განწყობაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკას. გარდა ზერელე კრიტიკისა,­ მათგან ოთხი წლის მანძილზე ვერანაი­რი­­ საინტერესო წინადადება ვერ მოვისმ­ინეთ. ამ ფორმატის საქმიანობის შედეგებს კი მოკლედ ჩამოგითვლით: 2013-2016 წლებში საქართველოდან რუსეთში­ გავიტ­ანეთ დაახლოებით 850 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ამით ჩვენში ბევრმა ნახა სარგებ­ელი. 2006 წლიდან რუსეთის ბაზარი ჩვენი ექსპორტისთვის დახურუ­ლი იყო, რუს­ეთს კი უპრობლემოდ შემოჰქონდა­ თავისი­ ნაწარმი. ეს დისბალანსი გამოვასწორეთ; აღდგა საავიაციო და სახმელეთო კომუნიკაციები; წელს მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა­ რუსეთიდან; გაუმჯობესდა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი - ინვესტორი კონფლიქ­ტურ ქვეყანაში­ ფულს არ დებს, ეს აქსიომაა;­ დაძაბულობის შემცირებამ შიდაპოლიტიკური­ ვითარების გაჯანსაღებასაც შეუწყო ხელი; რუსეთთან დიალოგით ჩვენ გავაღრმავეთ ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მალე ვიზალიბ­ერალიზაციის საკითხიც გადაწყდება. ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც­ რუსეთთან დიალოგს ევროპული პროექტის ხელშემწყობ ფაქტორად მივიჩნევთ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გამარტივდა ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსეთის სავიზო რეჟიმი და კიდევ უფრო გამარტივდება; ოჯახებს­ დავუბრუნეთ საქართველოს მოქალაქეები,­ რომლებიც მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით; დაიწყო­ პროცესი ქართული ფილმების­ არქივის გადმოტანისა რუსეთის საცავებიდან.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სერიოზული წინსვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.

- თუ ოფიციალური განცხადებებით ვი­მ­ს­­ჯელებთ, რუსეთი არ აპირებს საქართვე­ლოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში­რებით პოლიტიკის შეცვლას. ამ ფონზე დაანონსებული ბიზნესურთიერთობის გაღრმავება­ და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება რა პოლიტიკურ დივიდენდს­ მოუტანს საქართველოს?

- ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება რუსი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი - დაინტერესებული არიან ჩვენთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებით. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაამარტივა. როგორც პრაღაში 19 ოქტომბერს მოვისმინეთ, ამჟამად მუშაობენ სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე.

- და ეს ქვეყანაში პრორუსულ პროპაგანდას­ კიდევ უფრო არ გააძლიერებს? არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, პრორუსული კამპანია აქტიურად მუშაობს, მილიონზე მეტი ემიგრანტი კი უკვე რუსეთში იმყოფება.

- ჩვენი მოქალაქეების სურვილი, ისარგებლონ უფრო მარტივი სავიზო რეჟიმით, გასაგებია, რადგან რუსეთის მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2011 წლიდან აღარ სჭირდებათ ვიზა საქართველოში ჩამოსასვლელად. რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამე­მ­ამულეების აბსოლუტური უმრავლ­ე­სობა რუსეთის მოქალაქეა, ბუნებრივია, სარგებლობენ ამ პრი­ვილეგირებული სავიზო რეჟიმით.
რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ეს ცალკე და სერიოზული განსჯის საგანია.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?