"რესპუბლიკელების" სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მიუღებელია" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკელების" სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მიუღებელია"

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს, ვისაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი"

რესპუბლიკური პარტია დავით უსუფაშვილმა ისე დატოვა, საზოგადოებისთვის კონკრეტული პოლიტიკური გეგმები არ გაუცნია - ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2-3 თვეში ყველა პოლიტიკურ ძალასთან ინტენსიურ დიალოგს გეგმავს, ვინც შრომისა და ცვლილებებისთვის ეფექტიანი გზების მოძიებისთვისაა შემართული:

- პარტიიდან ჩემი წამოსვლის შესახებ ინფორმაცია იმაზე ადრე გავრცელდა, ვიდრე ვგეგმავდი - მინდოდა 31 ოქტომბერს საზოგადოებისთვის განმემარტა, რატომ გადავწყვიტე პარტიიდან წამოსვლა, განცხადება პარტიის თავმჯდომარესთან ერთად უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ამიტომ მოვლენებს მეც დავასწარი. ვწუხვარ, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ჩემი ნაბიჯის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

- რა გახდა პარტიიდან თქვენი წამოსვლის მთავარი მიზეზი?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღე. ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარს ვამბობ, პირიქით, ოპოზიციურ ველზე აქტიურად ვიმუშავებ, მაგრამ ეს უკვე სხვა ტიპის საქმიანობა იქნება და არა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად მოქმედება. ჩემი გადაწყვეტილება კი იმით არის განპირობებული, რომ პარტიის მომავალზე პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური და ტაქტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია.

- რას გულისხმობთ?

- ეს ხედვები მიუღებელია იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება პარტიის გავლენა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე, წინააღმდეგობას კი იმ მარტივი მიზეზით ვერ მოვახერხებ, რომ"რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლების ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში დიდ პატივს ვცემ - ვაღიარებ მათ რესურსსაც რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრაში.

არც ის მავიწყდება, რომ სწორედ ამ პარტიაში ავიდგი ფეხი, პოლიტიკოსად კონკრეტულად დავით ბერძენიშვილმა მაქცია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, თუმცა პარტიიდან მივდივარ. პარტიის დატოვებაზე არჩევნებამდეც ბევრი მიკიჟინებდა, მაგრამ პარტიასთან ერთად 25 წელი განვვლე და არჩევნებზეც მათთან ერთად უნდა წავსულიყავი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ჩემს საარჩევნო ოლქსა და საერთოდ, ქვეყანაშიც, თუმცა, ერთად მივიღეთ არჩევნების შემდეგ დაფიქსირებული შედეგი. ამიტომ არჩევნების შემდეგ პარტიასთან ერთად ჩაძირული, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, პარტია კი, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას პოლიტიკაში კვლავ იტყვის.

- სად ან ვისთან აპირებთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, მაგალითად, შემოთავაზების შემთხვევაში კონკრეტულ მაღალ თანამდებობაზე თანხმობას ხომ არ გეგმავთ?

- როგორც გითხარით, ვიქნები დამოუკიდებელი და აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას გავაგრძელებ. დაახლოებით ორი-სამი თვე მჭირდება, რომ ინტენსიური დიალოგი ვაწარმოო ყველა იმ ძალასთან, ვინც დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს მშენებლობით არის დაინტერესებული, ვისაც აქვს შემართება პოლიტიკური ბრძოლის გასაძლიერებლად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს, ვისაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი. რაც შეეხება თანამდებობებს, მომავალი ორი კვირის განმავლობაში საზოგადოება პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მიხილავს, ორი კვირის შემდეგ კი სახელმწიფო თუ სასამართლო პოსტზე წასვლას არ ვაპირებ.

- არჩევნების შემდეგ ტენდენციად იქცა ლიდერების პარტიიდან წასვლა. თუ აპირებთ, მაგალითად, ირაკლი ალასანიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას?

- მზად ვარ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ ყურების ჩამოყრის დრო არ არის - არც უსასოობაში უნდა გადავცვივდეთ, პირიქით, ყველა ადამიანთან ვისაუბრებ, ვინც ენერგიით არის სავსე და მზადაა სერიოზული, დამღლელი პოლიტიკური საქმიანობისთვის და ვისაც საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია. ეს არ იქნება ორ-სამ დღეში, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. პირველ რიგში, მე მოსმენისთვის ვარ მზად, რადგან ბოლო წლებში ისეთ რეალობაში ვიყავით, ძირითადად, მე ვსაუბრობდი და საზოგადოება მისმენდა. ახლა მოვუსმენ ხალხს.

- საინტერესოა, თქვენთან ერთად თინა ხიდაშელი პარტიის დატოვებას არ გეგმავს?

- ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, თინა ხიდაშელი არ გეგმავს ჩემს დატოვებას.

რუსუდან შელია