"კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია" - კვირის პალიტრა

"კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია"

გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე

არჩევნები 2016 საქართველოში დასრულებულია - მმართველი გუნდი კი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ემზადება. როგორ აფასებს არჩევნების შედეგებს და რა კორექტივებს უნდა ველოდოთ კანონმდებლობაში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს:

- საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები სამართლიანად შეაფასეს. შედეგით კმაყოფილი ვართ, აბსოლუტურ უმრავლესობას ვაანონსებდით და ამ შედეგსაც მივაღწიეთ...

- ცოტა დაგვაკლდა 50%-იან მაჩვენებლამდე, თუმცა ამოცანა იყო, ყოველ მეორე ამომრჩეველს ჩვენთვის მოეცა ხმა, ეს მიღწეულია.

- "ნაცმოძრაობამ" საარჩევნო უბნებზე დარღვევების ამსახველი ვიდეომასალები გამოაქვეყნა...

- ხარვეზები ნებისმიერ არჩევნებზეა. მთავარია, ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც შედეგსა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა შეეძლო. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, "ნაცმოძრაობამ" დამონტაჟებული ვიდეომასალა გაავრცელა.

- ფირებში დაფიქსირებული დარღვევებია არარეალური?

- სერიოზულ დარღვევაზე საუბრის საფუძველი ოპოზიციას არა აქვს. ასეთ შემთხვევაში ისინი უბნებზევე დაწერდნენ საჩივრებს.

ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც ქვეყანაში არსებულ განწყობას ასახავს. ეს არჩევნებამდე ობიექტური სოციოლოგიური კვლევებითაც ფიქსირდებოდა. ვამბობდით, რომ რამდენიმე პარტია ბარიერთან ახლოს იყო, პარლამენტში შესვლა კი გარანტირებული მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა...

- ანუ იცოდით, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" პარლამენტს გარეთ დარჩებოდნენ, "პატრიოტთა ალიანსი" კი ფრაქციით იქნებოდა წარმოდგენილი?

- პლურალიზმის უზრუნველსაყოფად ოთხი-ხუთი პარტიის ხილვა კარგი იქნებოდა, თუმცა პარტიების ბედს მხოლოდ ამომრჩეველი წყვეტს. მომავალ პარლამენტში პარტიული სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც მუდმივად რადიკალიზმისკენ გადახრას ცდილობს.

- დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული არ ყოფილიყო და მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო.

- გაუგებარია, უსუფაშვილი რას გულისხმობდა... წინასაარჩევნოდ პროცესების პოლარიზება ჩვენი კი არა, "ნაცმოძრაობის" პიარ-სტრატეგია გახლდათ. ამას ემსახურებოდა მათი ნეგატიური კამპანიაც, განსაკუთრებით, სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება.

- სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას მმართველი გუნდიც აანონსებდა.

- შეუძლებელია, სიძულვილის ენას მწვავედვე არ უპასუხო. ამან პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ორი მთავარი ძალის გამოკვეთას. სწორედ ამ პროცესმა განაპირობა სხვა პარტიების შანსის შემცირებაც.

- როგორ ემზადებით მომავალი პარლამენტისთვის და რა ცვლილებები გაქვთ უკვე განსაზღვრული?

- ჩვენთვის მთავარი პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის მოპოვება გახლდათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება განვიხილოთ როგორც გამოწვევა დემოკრატიული განვითარებისთვის.

არსებული კონსტიტუცია კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებს არ შეესაბამება. სააკაშვილმა ჯერ 2004 წელს მოირგო კონსტიტუცია, შექმნა სუპერსაპრეზიდენტო სისტემა, ძლიერი პრეზიდენტითა და სუსტი პარლამენტით, მას შემდეგ კი, რაც ძალაუფლების შენარჩუნება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან დაგეგმა, ისევ საკუთარ თავს მოარგო ცვლილებები. დღეს კონსტიტუციაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია, ჩვენი ამოცანა სწორედ მისი დახვეწაა.

- რა იგულისხმება დახვეწაში?

- კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი სუსტი ინსტიტუციაა და კონკრეტული ნორმებია შესაცვლელი. მაგალითად, 81-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს უნდობლობის პროცედურას და პარლამენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შედარებით ასუსტებს. გასამიჯნია გარკვეული კომპეტენციები, რაც თუნდაც ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისას ვიხილეთ...

- ანუ პარლამენტის უფლებები გასაძლიერებელი, პრეზიდენტის ფუნქციები კი კიდევ უფრო შესაზღუდია?

- მთავარია, რა ტიპის მმართველობის ფორმა გვინდა. სამი ძირითადი სისტემა არსებობს: საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო. დღეს საპარლამენტო სისტემაში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, ამ ფორმას მომავალშიც შევინარჩუნებთ. თუ პრეზიდენტის უფლებების გაფართოებაზე ვიმსჯელებთ, ეს საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დავინახოთ, რომელი სისტემაა ყველაზე კარგი.

- რა გეგმები აქვს გუნდს მომავალ პრეზიდენტზე, ის ხალხმა უნდა აირჩიოს თუ პარლამენტმა?

- წინასწარ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ამ საკითხებზე მსჯელობაა აუცილებელი.

- პარლამენტის თავმჯდომარედ თქვენი კანდიდატურა განიხილება, ამას პარტიის ნაწილიც არ უარყოფს.

- შესაძლოა, ვიღაცებს ჩვენთვის პოზიციები მოაზრებული აქვთ, თუმცა ამ საკითხზე გუნდში საუბარი ჯერ არ ყოფილა.

- თქვენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხართ და პოზიციები ვინ "ვიღაცებმა" უნდა შეგირჩიოთ?

- პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო და ა.შ. კანდიდატურებზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს.

რუსუდან შელია