"დღეს ჩემი გვერდზე გაწევის დრო დადგა"
31-10-2016
"დღეს ჩემი გვერდზე გაწევის დრო დადგა"
"იმედი მქონდა, რომ ალასანია და ბურჭულაძე ბარიერის გადალახვას შეძლებდნენ, რაც მეტ შანსს მოგვცემდა ძლიერ კოალიციურ მთავრობაზე გვემსჯელა"

მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს, თუმცა როგორც თავადვე განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობის" რიგების დატოვებას არ გეგმავს. როდის გადაწყვიტა პოლიტიკისგან დასვენება და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, "კვირის პალიტრა" მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა:

- პარტიის საარჩევნო სიაში 32-ე ნომრად შეგნებულად ჩავეწერე, რადგან ჩემი პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო - "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა, თუ ის ვერ
შეძლებდა პარლამენტში 32 ადამიანის შეყვანას მაინც, ჩემი ადგილი სიის წინა რიგებში ნამდვილად არ იყო. სხვათა შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე, ვფიქრობდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პარლამენტში სხვა პროდასავლური ძალებიც მოხვდებოდნენ - იმედი მქონდა, რომ ალასანია და ბურჭულაძე ბარიერის გადალახვას შეძლებდნენ, რაც მეტ შანსს მოგვცემდა
ძლიერ კოალიციურ მთავრობაზე გვემსჯელა. არჩევნების შემდეგ სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, ამ კონფიგურაციაზე კი ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვთქვი უარი პარტიაში.

- რატომ, ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ოპოზიციაში გადასვლა რთული აღმოჩნდა?

- არა, ვფიქრობ, პოლიტიკაში მაქსიმალურს მივაღწიე. 1994 წლიდან აქტიურ პოლიტიკაში ვარ. სხვათა შორის, ჩემი პოლიტიკაში ჩართვაც საკმაოდ უცნაურად მოხდა - 1994 წელს, როდესაც მოქალაქეთა კავშირში მივედი, ზურაბ ჟვანიამ, რომელიც საერთოდ არც მიცნობდა, ზურა ცქიტიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დამნიშნა. მას შემდეგ მინისტრიც გახლდით და მმართველი პარტიის გენერალური მდივანიც. საერთოდ, პოლიტიკაში ყველა ეტაპს თავისი გამოწვევა აქვს - დღეს ამ გამოწვევებს ახალგაზრდებმა უნდა უპასუხონ. ჩემი მეგობრები, რომლებიც პარლამენტში შედიან, ბევრად უკეთესად პასუხობენ არსებულ გამოწვევებს, ვიდრე მე - მიხეილ მაჭავარიანი. დღეს ჩემი გვერდზე გაწევის დრო დადგა.

- ამ გადაწყვეტილებისკენ თანაგუნდელებმაც და თუნდაც თქვენ მიერ დასახელებულმა პარტიის ახალმა სახეებმა ხომ არ გიბიძგეს?

- პარტიაში ყველა საკითხზე ყოველთვის ფართო დისკუსიაა, ეს შესამჩნევი განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელიწადში გახდა. ჩემი გადაწყვეტილებაც გუნდთან შეთანხმდა - მე მჭირდება პოლიტიკური ტაიმ-აუტი პროცესების გასაანალიზებლად. ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაშიც გადავდგამდი, თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას არჩევნებზე მოვახერხებდით. ამას გულწრფელად ვამბობ.

- მაშინ საერთოდ გაუგებარია, რატომ მონაწილეობდით არჩევნებში და არ თქვით უარი საარჩევნო სიაში მოხვედრაზე?

- მარტივი მიზეზია - გუნდს ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა. თანაც, დროებით გამოთიშვის გადაწყვეტილება არჩევნებამდე იმაზე მეტ კითხვას გააჩენდა, ვიდრე დღეს არსებობს. ჩემი ნაბიჯის მიუხედავად, პარტიას არ ვტოვებ და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად ვრჩები - ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, რომელსაც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთთან ფასეულობები აკავშირებს.

- თქვენი განცხადების მიუხედავად, დროში საკმაოდ უცნაურად ემთხვევა დაპირისპირება მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და პარტიის წევრების საკმაოდ მკვეთრი პასუხი, ასევე საჯაროდ დაფიქსირებული უკმაყოფილება სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ახლა თქვენც უარს ამბობთ აქტიურ პოლიტიკაზე, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიაში დაძაბულობა მატულობს?

- მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს, არც პარტიული ღია დისკუსია წარმოადგენს პრობლემას. მართალია ვკამათობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი იშლება, პირიქით, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით