გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება - კვირის პალიტრა

გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება

პოლიტიკაში რამდენიმეთვიანი ყოფნის შემდეგ მერაბ მეტრეველი ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდება. ბრუნდება გადაცემა "რეზიუმეც" - რადიო "პალიტრის" მსმენელს გადაცემის მოსმენა ყოველ სამუშაო დღეს, 18:30 საათზე შეუძლია, ნოემბრიდან კი "რეზიუმე" უკვე "პალიტრანიუსის" ეთერშიც გავა.

მერაბ მეტრეველი: - გადაცემა "რეზიუმეს" პირველ ნაწილში საინტერესო სტუმართან ერთად აქტუალურ თემებზე ვრცლად ვსაუბრობთ, მეორე ნაწილში კი მსმენელი ერთვება, კითხვებს სვამს და საკუთარ პოზიციასაც გამოხატავს. გადაცემა ერთსაათიანია. მალე, რადიოსთან ერთად, "რეზიუმე" "პალიტრანიუსის" ეთერშიც გავა.

- რამდენიმე გადაცემა ეთერში უკვე გავიდა. მსმენელი როგორ შეხვდა თქვენს დაბრუნებას?

- დადებითად და ეს ძალიან გამიხარდა. ეთერში დაბრუნებას მილოცავდნენ. ჩემი პოლიტიკაში წასვლის მცდელობაზე მხოლოდ ერთმა-ორმა ადამიანმა გაამახვილა ყურადღება. კომენტარებშიც ჩემს ჟურნალისტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ძირითადად დადებით პოზიციას გამოხატავდნენ. ეს დიდ სტიმულს მაძლევს. სხვათა შორის, პოლიტიკიდან (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე ხნით მომიწია ამ სფეროში საქმიანობამ) ჟურნალისტიკაში გაძლიერებული დავბრუნდი და ვეცდები, ეს გამოცდილება ჟურნალისტიკაში გამოვიყენო.

- რა გამოცდილებას გულისხმობთ?

- მანამდე პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს გარედან ვაკვირდებოდი, მერე კი შიგნიდანაც დავინახე. როდესაც პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე, მეგონა, რაღაცას შევცვლიდი, მჯეროდა, რომ ეს შემეძლო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

- ქვეყანაში დადებითი ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემა ჟურნალისტებსაც არანაკლებ შეუძლიათ, ვიდრე პოლიტიკოსებს...

- რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი "პალიტრაში" და კვლავ ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს, რომელიც ასე მომენატრა.

იმედი მაქვს, "რეზიუმეს" აქტიური და ლოიალური მსმენელი კვლავ განაგრძობს ჩემი და ჩემი გადაცემის მოსმენას,…იაქტიურებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს შვიდის ნახევარზე რადიო "პალიტრისა" და ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში.

ლალი პაპასკირი