ვინ არის სუსტი რგოლი?! - კვირის პალიტრა

ვინ არის სუსტი რგოლი?!

"თუ წულუკიანი მინისტრის პორტფელს შეინარჩუნებს, ეს უდიდესი შეცდომა იქნება"

"ერთ-ერთი სუსტი რგოლი მთავრობაში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იყო"

პრემიერი და ცალკე""ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში არიან ჩართული - მართალია, კულუარული ინფორმაციით რამდენიმე ცვლილება მინისტრთა კაბინეტში უკვე დაანონსდა, მაგრამ საბოლოოდ არავინ იცის, ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პორტფელს ან ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელს ახალარჩეულ პარლამენტში.

"საჭირო იყო გარდამტეხი ცვლილებები, რაც სწორედ ეკონომიკური ფლანგისგან უნდა გვენახა"

სანამ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდება, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ციკლს ექსპერტი დემურ გიორხელიძე აფასებს:

- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო გამოწვევებისთვის ეპასუხა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას. გვქონდა განცდა, რომ ის ვერც გუნდის კონტროლს ახერხებდა და ვერც სათანადო ცვლილებების განხორციელებას. ამ მხრივ გიორგი კვირიკაშვილს აქვს პერსპექტივა, კარგი პრემიერი იყოს. რაც შეეხება კონკრეტულ მინისტრებს, ბუნებრივია, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი რგოლი ფინანსთა სამინისტრო იყო - ნოდარ ხადური არ გამოირჩეოდა იმ ინიციატივებით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ.

მადლობელი ვართ "ქართული ოცნების" მთავრობის, რომ ხელისუფლება პატიმრებს არ აუპატიურებს, მოქალაქეებს ქუჩაში არ ხოცავს, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საზოგადოების დაკვეთა 2012 წელს - საჭირო იყო გარდამტეხი ცვლილებები, რაც სწორედ ეკონომიკური ფლანგისგან უნდა გვენახა.

- დააკონკრეტეთ, რა ცვლილებები ვერ განახორციელა თუნდაც ფინანსთა მინისტრმა?

- მთლიანი შიდა პროდუქტი დღეს 14 მილიარდია, რაც 2 მილიარდით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით. ეს სწორედ ფინანსთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობაზე იყო დამოკიდებული. ხადურისგან არ მოგვისმენია ინიციატივა, როგორ უნდა გამოსულიყო ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან. მე რომ სიმფონიურ ორკესტრში ჩამსვათ და ვიოლინოს დაკვრა შემომთავაზოთ, ნამდვილად არ დაგთანხმდებით, ან თუ დაგთანხმდით, თავხედი უნდა მიწოდოთ. სამწუხაროდ, ასეთი მინისტრიც ბევრი გვყავდა.

- გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, ახალ მინისტრთა კაბინეტში ბევრად ეფექტიანი ხელმძღვანელები დასახელდებიან?

- ჩემთვის მისაღებია ყველა მინისტრი, ვინც არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად არა მხოლოდ მორალურად, პროფესიული თვალსაზრისითაც მზად არის.

"პრემიერს ვურჩევ, წინა მთავრობის წარუმატებელი მინისტრები ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ შემოგვთავაზოს"

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იუსტიციის მინისტრისა და ასევე, განათლების ყოფილი მინისტრის, თამარ სანიკიძის მუშაობას არაეფექტიანს უწოდებს:

- მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი დაგვპირდა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს წარმატებით დავასრულებ და ჩემთვის პრიორიტეტი ევროკავშირთან ინტეგრაცია იქნებაო, დაპირება დაპირებადვე დარჩა და საკანონმდებლო ცვლილებებიც ყველა იმ მიმართულებით, რასაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა, არაეფექტიანად განხორციელდა.

არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, შიგნითაც თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების სტრუქტურების გამართვა ვერ შეძლო - პირველი მისი წარუმატებლობა ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც იუსტიციის საბჭოს არჩევნები სამარცხვინო შემადგენლობით დასრულდა.

თეა წულუკიანი ოთხი წლის განმავლობაში, რბილად რომ ვთქვათ, არაეფექტიანად მართავდა ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამინისტროს. იგივე შემიძლია ვთქვა თამარ სანიკიძეზეც, რომელთანაც პროფესიული შეხება მქონდა. კერძოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგებისა და პერსონალის საკითხების შემსწავლელ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობდი - მაქსიმალურად ვცდილობდით, მასწავლებლების დარღვეული უფლებების აღდგენას და მნიშვნელოვანი ფაქტებიც მოვიპოვეთ, თუმცა ჩვენი შრომა უნაყოფო გამოდგა, რადგან თამარ სანიკიძემ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

- თამარ სანიკიძე მინისტრთა კაბინეტში აღარ არის და არც არის მოლოდინი, რომ ის მთავრობაში დაბრუნდება, თუმცა, როგორც ამბობენ, თეა წულუკიანი პოსტს განახლებულ მთავრობაშიც შეინარჩუნებს.

- თუ თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პორტფელს შეინარჩუნებს, ეს უდიდესი შეცდომა იქნება. ამ ადამიანმა ვერ მოახერხა ვერც ერთი წარმატებული რეფორმის განხორციელება - იუსტიციის სახლშიც კი რომ შეხვალთ, მიხვდებით, რომ სისტემა ვაშაძის დროს უფრო გამართულად მუშაობდა. მისი დამსახურებაა, რომ სასამართლოში მოსამართლეები ერთმანეთს გადაემტერნენ და ჯანსაღი პროცესის ნაცვლად, ისევ კლანური მმართველობა მივიღეთ.

თეა წულუკიანის მინისტრობა, პირველ რიგში, ისევ ხელისუფლებას დააზარალებს...

ეს საზოგადოებისთვის გზავნილი იქნება, რომ რეალურად ქვეყანაში არაფერი იცვლება - მოსახლეობის იმედგაცრუებამ კი, შესაძლოა, ქუჩის მღელვარებამდეც კი მიგვიყვანოს. პრემიერს ვურჩევ, წინა მთავრობის წარუმატებელი მინისტრები ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ შემოგვთავაზოს და გუნდი პროფესიონალებით დააკომპლექტოს.

რუსუდან შელია