"ეროვნული­ "ფეტიშისტები" და ნაციონალ-მისტიკო­სები" - კვირის პალიტრა

"ეროვნული­ "ფეტიშისტები" და ნაციონალ-მისტიკო­სები"

"არ მინდა, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო, მაგრამ..."

ერთი შეხედვით ყველაფერი გარკვეულია: "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობის გამძაფრებისა და რღვევის ნიშნები იგრძნობა, ცნობილი ფიგურები პოლიტიკიდან მიდიან ან დროებით მორატორიუმს აცხადებენ... რა პოტენციალი და რესურსი გააჩნია ოპოზიციურ და პარლამენტს მიღმა დარჩენილ ძალებს მომავალში გასააქტიურებლად? უნდა ველოდოთ თუ არა ახალი ლიდერის ან ღირებულებების მქონე პოლიტიკური ძალის გამოჩენას? ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა.

- ახალი პოლიტიკური რელიეფის ჩამოსაყალიბებლად ობიექტური ფაქტორები მრავლად არის. სულ რამდენიმე თვეში ყველანი აღმოვაჩენთ, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობით აღჭურვილი ოპონენტი. შეიძლება განმეორდეს ის მდგომარეობა, რომელიც 2011 წლამდე - პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე გვქონდა. ამას დაუმატეთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის იდეოლოგიური სნობიზმი და კონცეპტუალური შეზღუდულობა. დღეს არ გვყავს ევროპული ყაიდის მემარცხენე ძალა. ვგულისხმობ არა პოპულისტთა ცალკეულ ჯგუფებს, არამედ ისეთ მემარცხენეებს, ვისაც საკმარისი ინტელექტუალური კაპიტალი ექნებათ. ასევე,

არ გვყავს ევროპაზე ორიენტირებული კონსერვატიული ძალა, რომლის არარსებობაც გლობალიზაციის პირობებში შეიძლება ნებისმიერი მცირე ერისთვის სავალალო აღმოჩნდეს. მის ადგილს ეროვნული "ფეტიშისტები" და ნაციონალ-მისტიკოსები იკავებენ. ასეთები კი მხოლოდ ეროვნული იდეის კარიკატურას ქმნიან.

ერთადერთი კონტექსტი, რომელშიც ამ ფსევდონაციონალიზმმა შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი, რუსული კონტექსტია და ამიტომაც მივიღეთ უცნაური პრორუსული ქართული პატრიოტიზმი. არადა, კონსერვატიზმი ჩვენს ეპოქაში საკუთარ რაობაზე უარის თქმის გარშემო გლობალური პროცესების განვითარებას ნიშნავს. ერთად უნდა მივიღოთ საკუთარი თვისებრიობა და გლობალური სამყარო - რომელიმეზე უარის თქმა სიკვდილს ნიშნავს. სწორედ ამგვარი კონსერვატიზმის დეფიციტმა შეუქმნა სამოქმედო სივრცე რუსულ "რბილ ძალას". სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანან პერსონები, რომლებიც ამ ფაქტორების ამუშავებას შეძლებენ.

- როგორ შეიძლება გადალაგდნენ პარლამენტს მიღმა დარჩენილი ძალები ისე, რომ მომავალში მეტი მნიშვნელობა შეიძინონ?

- პარლამენტს გარეთ დარჩა: "სახელმწიფო ხალხისთვის", "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", "ეროვნული ფორუმი" და ა.შ. არ მინდა, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო, მაგრამ ამ ეტაპზე მათ უმრავლესობას მხოლოდ სატელიტების ფუნქციის კისრება შეუძლია. არა მგონია, რამე ახალი პარადიგმა და იდეები შემოგვთავაზონ.

არ ვგულისხმობ ზოგ პიროვნებას... მთავარია, ამ პოლიტიკურმა ფიგურებმა კარგად გაიაზრონ, რას მოითხოვს მათგან ეპოქა და საზოგადოება, შემდეგ კი სწორად შეიმუშაონ სტრატეგია. სამოქმედო სივრცე გაჩნდა, ჯერი პოლიტიკურ აქტორებზეა!..

- ცხადია, ამ ჯგუფების უმრავლესობა პოლიტიკაში დარჩენას მოისურვებს...

- აქ ერთი რამ უნდა ითქვას: 2012 წლის შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ხასიათი მკვეთრად შეიცვალა. თითქოს ისტორია მეორდება, რომელიც შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოვცადეთ.

ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ფიგურა, რომელსაც თავისი გავლენის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად თითქმის ამოუწურავი რესურსები აქვს. ნებისმიერი მცდელობა, უკვე გამოცდილი ფორმებით შეეცადო მის დამარცხებას, ვფიქრობ, ამაოა.

გადარჩება და პოლიტიკაში ადგილს შეინარჩუნებს ის, ვინც ამას შეძლებს. ამას კი ძველებს შორის უნარიანებთან ერთად ახალი ადამიანები სჭირდება.

- პრეზიდენტი მარგველაშვილი შეძლებს და შეინარჩუნებს გამაწონასწორებლის ფუნქციას, თუ ოპოზიციურ და პარლამენტს მიღმა დარჩენილი ძალების მოკავშირე გახდება?

- მარგველაშვილი ქუჩის პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ვფიქრობ, მან სიტუაციის დასაბალანსებლად საკუთარი როლი აქამდეც შეასრულა, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი რეალობისათვის ეს იყო სრულიად ახალი ფუნქცია და მან შეძლო გარკვეული ტრადიციის შექმნა.

თუმცა, ჩვენთვის ხშირად სიმბოლურ მოვლენებს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რეალურ პოლიტიკურს. ასეთი სიმბოლური მოვლენა იყო პრეზიდენტის სასახლის თემა. ორივე მხარის ყურადღება მთლიანად მასზე იქნა გადატანილი, ეს იქცა მთავარ სასინჯ ქვად და განზე დარჩა ის გამაწონასწორებელი როლი, ურომლისოდაც ქვეყანაში შეიძლებოდა არასასურველი პროცესები დაწყებულიყო. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი, თავისი გაწონასწორებული ხასიათითა და დიალოგზე მზადყოფნით, მარგველაშვილს უკვე საშუალებას აძლევს, უმტკივნეულოდ და თავისი ნებით გადაჭრას ეს პრობლემა (სასახლის თემა), რაც უთუოდ წაადგება, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ეკა ასათიანი