"სიცრუეა, თითქოს თანამდებობას მთავაზობენ" - კვირის პალიტრა

"სიცრუეა, თითქოს თანამდებობას მთავაზობენ"

"პარტიიდან წამოსვლის ერთ-ერთი ფაქტორი არჩევნების შედეგიც გახდა, თუმცა იყო სხვა მიზეზებიც, რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ ღირს"

"რესპუბლიკური პარტია" დავით უსუფაშვილის შემდეგ ვახტანგ ხმალაძემაც დატოვა. შექმნიან თუ არა ყოფილი "რესპუბლიკელები" ახალ პოლიტიკურ ძალას და როგორ აფასებენ ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ პერსპექტივას, "კვირის პალიტრის" კითხვებს ვახტანგ ხმალაძე პასუხობს:

- "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ, ამაზე არც ერთი წამით არ მიფიქრია - პირიქით, პროფესიულ საქმიანობას გავაგრძელებ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო მიმართულებით აქტიურად დავაკვირდები. რაც შეეხება ხმებს, თითქოს რომელიმე თანამდებობას მთავაზობენ - სიცრუეა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ვერც მოქმედ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ვერ მიხილავთ.

- დავით უსუფაშვილი ორ თვეში პოლიტიკურ კონსულტაციებს აანონსებს, მასთან ერთად ხომ არ ფიქრობთ ახალი პარტიის შექმნას?

- მე და დათო ერთმანეთს 1989 წლიდან ვიცნობთ, ის მესამე კურსზე იყო, როდესაც "რესპუბლიკურ პარტიაში პირველად მოვიდა. მას შემდეგ, მართალია, არაერთხელ გვიკამათია, თუმცა საბოლოოდ აზრების შეჯერებას ყოველთვის ვახერხებდით. ჩვენი პოზიციები არაერთ საკითხში ემთხვევა, ერთმანეთს პიროვნულადაც ვგავართ - ორივე ძალიან თავშეკავებული ვართ და ბევრი სირთულის მოთმენა შეგვიძლია. რაც შეეხება მასთან თანამშრომლობის სურვილს, ბუნებრივია, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ, მეტიც, დავით უსუფაშვილთან პოლიტიკაში მუშაობას სიამოვნებით გავაგრძელებდი, თუმცა, ჯერჯერობით, ახალ პოლიტიკურ პარტიაზე საუბარი ნაადრევია. ამას დრო გვიჩვენებს და ის გარემოებაც, რაც, როგორც დათომ დააანონსა, 2-3 თვის შემდეგ იქნება.

- მაშინ იქნებ თქვენს ყოფილ პარტიაზე გახსნათ კარტები - რატომ გადაწყვიტეთ რესპუბლიკური პარტიის დატოვება და რას ნიშნავს დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ ლიდერებს შორის პარტიის ლიდერებს პრინციპულად მიუღებელი პოზიციები აღმოაჩნდათ?

- მიუხედავად იმისა, რომ პარტია დავტოვეთ, "წამოსულებიც" და "დარჩენილებიც" კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს მაქსიმალურად ვიკავებთ. ნამდვილად არ მინდა ურთიერთობა გავწყვიტო ადამიანებთან, რომლებთანაც მრავალი წელი ვიმუშავე. ჩვენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური პარტნიორები არ ვყოფილვართ, ერთმანეთთან პირადი მეგობრობაც გვაკავშირებდა.

არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეხედულებების სხვაობამ ადამიანურ ურთიერთობებზე არსებითი გავლენა უნდა მოახდინოს. პარტიიდან წამოსვლის ერთ-ერთი ფაქტორი არჩევნების შედეგიც გახდა, თუმცა იყო სხვა მიზეზებიც, რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ ღირს. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღე, თუმცა საამისო ვითარება პარტიაში ისედაც მწიფდებოდა. პარტიის ხელმძღვანელობის ერთ ნაწილს აქვს საკუთარი გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს "რესპუბლიკური პარტია, მათ მოსაზრებას არ ვიზიარებდი, მეტიც მსგავსი მიდგომა არჩევნების შემდეგ პარტიისადმი მიუღებელიც კი იყო და ამიტომაც წამოვედი.

- პარტია, ფაქტობრივად, ძირითადმა ბირთვმა დატოვა - როგორ წარმოგიდგენიათ "რესპუბლიკელების" პოლიტიკური ბერკეტები?

- შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, ერთის ადგილს ყოველთვის მეორე იკავებს. რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ პერსპექტივას, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ და რა პრინციპით უხელმძღვანელებენ მომავალში ამ პოლიტიკურ ძალას. ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები აუცილებელია, რომ მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვონ. ზოგადად, "რესპუბლიკურ პარტიას" მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი არც არასდროს ჰყავდა, თუმცა ის მაჩვენებელი, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა, პარტიაში მნიშვნელოვან ანალიზს იმსახურებს. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პოლარიზებული იყო და ხალხი ხმას ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შიშის ფაქტორის გათვალისწინებით აძლევდა, თუმცა აუცილებელია ისეთი ამომრჩევლის მოზიდვა, რომლებზეც პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია გავლენას ვერ მოახდენს. ანუ, პოლიტიკაში მხოლოდ შავსა და თეთრს კი არა, სხვა ფერებსაც გაარჩევს. პირადად მეც აქტიურად მივადევნებ თვალს, მოახერხებს თუ არა ამას პარტია, რომელთანაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი გავატარე.

რუსუდან შელია