"ახალგაზრდების დასაქმების სამინისტრო გვჭირდება!" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდების დასაქმების სამინისტრო გვჭირდება!"

ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაედინება. ისინი თუ არ დავასაქმეთ და საქართველოში არ დავტოვეთ, წლების შემდეგ, შესაძლოა, საკუთარ მიწა-წყალზე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ

ესაჭიროება თუ არა ქვეყანას სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებები, - ამ საკითხს როგორც სახელისუფლებო კულუარებში, ასევე მის გარეთაც განიხილავენ.

"ქართულ რეალობაში ბევრი ცვლილება ცალკეული პირების ნება-სურვილიდან გამომდინარეობს"

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: "სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით, სამინისტროებში, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ამდენი სამინისტროც არ არის საჭირო, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ადამიანების უმუშევრად დატოვება არ შეიძლება. როგორც ვიცი, განიხილება ევროინტეგრაციის, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთა აპარატების საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანება. მსჯელობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთვის დაქვემდებარებაზე. სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის სამინისტროსთვის დაქვემდებარებაც არ არის ცუდი იდეა.

ყველა ქვეყანას მართვის საკუთარი ტრადიცია აქვს და უპრიანი იქნება, მოვიყვანოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი. ნიდერლანდებში, რომლის მოსახლეობაც 18 მილიონამდეა, სულ 8 სამინისტროა. ისრაელში (მოსახლეობა 9 მილიონი) თავდაპირველად 12 მინისტრი იყო, ახლა კი 22 სამინისტროა. ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროებიც არ არის. მაგალითად, კოსტა-რიკას, ანდორას, ისლანდიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანას თავდაცვის სამინისტრო არა აქვთ. მათ არ ჰყავთ არმია, რომლის ფუნქციას პოლიციური ან სხვა გასამხედროებული დანაყოფები ასრულებენ. აშშ-ს არა აქვს კულტურის სამინისტრო. დანიაში შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთ სტრუქტურაშია გაერთიანებული. ნორვეგიაში 5 მილიონზე მეტი მოსახლეა და 18 სამინისტროა. 5-მილიონნახევრიან ფინეთში კი -14 სამინისტრო.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ქვეყანა თავისი რეალობისა და საჭიროების გათვალისწინებით ქმნის სამინისტროებს. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ბევრი ცვლილება არა ქვეყნის საჭიროებიდან, არამედ ცალკეული პირების ნება-სურვილიდან გამომდინარეობს. ამიტომ სწორად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი, როლი, ფუნქცია და დანიშნულება, შემდეგ კი მიზანმიმართულად განვახორციელოთ ცვლილებები".

"ჩვენთანაც შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ბანკი"

მამუკა ხუციშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: "მეც დავეთანხმები სამინისტროების შერწყმას. ეს მათ საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის, თუნდაც თანხების გაკონტროლების თვალსაზრისით... ჩემი აზრით, დემოგრაფიის განვითარების და ახალგაზრდობის დასაქმების სამინისტრო გვჭირდება. დღეს დემოგრაფიაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანას არა აქვს. გაეროს მონაცემებით, საქართველო მომაკვდავ ერთა სიაშია შეყვანილი. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაედინება. ისინი თუ არ დავასაქმეთ და საქართველოში არ დავტოვეთ, წლების შემდეგ, შესაძლოა, საკუთარ მიწა-წყალზე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. მართალია, ივანიშვილის ხელშეწყობით დემოგრაფიული ფონდი შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს, როგორც ვიცი, ლაპარაკი იყო წამგებიანი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნაზე. თუმცა მე გადავხედე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების იმ ჩამონათვალს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს და უმრავლესობა წამგებიანი არ არის.

ევროპასა და ამერიკაში არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული ბანკები. ჩვენთანაც შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს... შესაძლოა, სსიპ-ის სახით წარმოდგენილი ბანკის სახელმწიფო კაპიტალის წილი რომელიმე კერძო ბანკსაც მიეცეს. ეს იქნება ძალიან მომგებიანი სსიპ-ი, ვინაიდან საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. ამ გზით სახელმწიფო მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაბლა დაწევასაც შეძლებს და ხალხი ამოისუნთქავს. საფრანგეთში ეკონომიკის 70% სახელმწიფოს ხელშია, გერმანიაში - 60% და ამით არაფერი შავდება".

ეკა ასათიანი