"ახალგაზრდების დასაქმების სამინისტრო გვჭირდება!"
07-11-2016
"ახალგაზრდების დასაქმების სამინისტრო გვჭირდება!"
ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაედინება. ისინი­ თუ არ დავასაქმეთ და საქართველოში არ დავტოვეთ, წლების შემდეგ, შესაძლოა, საკუთარ მიწა-წყალზე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ

ესაჭიროება თუ არა ქვეყანას სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებები, - ამ საკითხს როგორც სახელისუფლებო კულ­უარებში, ასევე მის გარეთაც განიხილავენ.

"ქართულ რეალობაში ბევრი ცვლილება ცალკეული პირების ნება-სურვილიდან გამომდინარეობს"

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: "სახ­ელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით, სამინისტროებში, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ამდენი სამინისტროც არ არის საჭირო, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ადამიანების
უმუშევ­რად დატოვება არ შეიძლება. როგორც ვიცი, განიხილება ევროინტეგრაციის, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთა აპარატების საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში­ გაერთიანება. მსჯელობენ რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთვის დაქვემდებარებაზე. სპორტის, ახალგაზრდ­ობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის სამინისტროსთვის დაქვემდება­რებაც არ არის ცუდი იდეა.

ყველა ქვეყანას მართვის საკუთარი
ტრადიცია აქვს და უპრიანი იქნება, მოვიყვანოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი. ნიდერლანდებში, რომლის მოსახლეობაც 18 მილიონამდეა, სულ 8 სამინისტროა. ისრაელში (მოსახლეობა 9 მილიონი) თავდაპირველად­ 12 მინისტრი იყო, ახლა კი 22 სამინისტროა. ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროებიც არ არის. მაგალითად, კოსტა-რიკას, ანდორას,­ ისლანდიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანას თავდაცვის სამინისტრო არა აქვთ. მათ არ ჰყავთ არმია, რომლის ფუნქციას პოლიც­იური ან სხვა გასამხედროებული დანაყოფები ასრულებენ. აშშ-ს არა აქვს კულტურის სამინისტრო. დანიაში შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთ სტრუქტურაშია გაერთიანებული. ნორვეგიაში 5 მილიონზე მეტი მოსახლეა და 18 სამინისტროა. 5-მილიონნახევრიან ფინეთში კი -14 სამინისტრო.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ქვეყანა თავისი რეალობისა და საჭიროების გათვალისწინებით ქმნის სამინისტროებს. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ბევრი ცვლილება არა ქვეყნის საჭიროებიდან, არამედ ცალკეული პირების ნება-სურვილიდან გამომდინარეობს. ამიტომ სწორად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი, როლი, ფუნქცია და დანიშნულება, შემდეგ კი მიზანმიმართულად განვახორციელოთ ცვლილებები".

"ჩვენთანაც შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ბანკი"

მამუკა ხუციშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:
"მეც დავეთანხმები სამინისტროების შერწყმას. ეს მათ საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის, თუნდაც თანხების გაკონტროლების თვალსაზრისით... ჩემი აზრით, დემოგრაფიის განვითარების და ახალგაზრდობის დასაქმების სამინისტრო გვჭირდ­ება. დღეს დემოგრაფიაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანას არა აქვს. გაეროს მონაცემებით, საქართველო მომაკვდავ ერთა სიაშია შეყვანილი. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაედინება. ისინი­ თუ არ დავასაქმეთ და საქართველოში არ დავტოვეთ, წლების შემდეგ, შესაძლოა, საკუთარ მიწა-წყალზე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. მართალია, ივანიშვილის ხელშეწყობით დემოგრაფიული ფონდი შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს, როგორც ვიცი, ლაპარაკი იყო წამგებიანი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნაზე. თუმცა მე გადავხედე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების იმ ჩამონათვალს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს და უმრავლესობა წამგებიანი არ არის.

ევროპასა და ამერიკაში არსებობს რო­გორც სახელმწიფო,­ ასევე კომერციული ბანკები. ჩვენთანაც შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს... შესაძლოა, სსიპ-ის სახით წარმოდგენილი ბანკის სახელმწიფო კაპიტალის წილი რომელიმე კერძო ბანკსაც მიეცეს. ეს იქნება ძალიან მომგებიანი სსიპ-ი, ვინაიდან საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. ამ გზით სახელმწიფო­ მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაბლა დაწევასაც შეძლებს და ხალხი ამოისუნთქავს. საფრანგეთში ეკონომიკის 70% სახელმწიფოს ხელშია, გერმანიაში - 60% და ამით არაფერი შავდება".

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით