"პოროშენკომ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს - დროულად უნდა აელაგმა მასშტაბური კორუფცია და ეკონტროლებინა სააკაშვილიც" - კვირის პალიტრა

"პოროშენკომ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს - დროულად უნდა აელაგმა მასშტაბური კორუფცია და ეკონტროლებინა სააკაშვილიც"

"უკრაინაში ორი კორუმპირებული ადამიანი ებრძვის ერთმანეთს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სააკაშვილი იმიტაციას მაინც აკეთებს, რომ კორუფციას ებრძვის, პოროშენკო კი ამასაც არ აკეთებს"

2016 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა საკმაოდ მწვავე განცახდებით დატოვა და უკვე ღიად აჩვენა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან მწვავე დაპირისპირებისთვის მზად არის. ბევრს ამ თარიღმა 2007 წლის 7 ნოემბრი გაახსენა, როდესაც სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დათმობა მოუწია.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ სანდრა რულოვსმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ჩვენში ბევრმა ეს იმის ნიშნად მიიჩნია, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ხელის ფათურს დროებით წყვეტს და მთლიანად უკრაინასა და იქ ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე აიღებს ორიენტაციას. მართალია მას ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუმცა უკრაინული კანონმდებლობა ხელს სულაც არ უშლის იმას, რომ ჩაუდგეს სათავეში ოპოზიციურ პარტიას და ასე იბრძოლოს. ბოლო გამოკითხვებით ის საკმაოდ რეიტინგული ლიდერია, რომელმაც კორუფციაში ჩაფლულ ქვეყნის მოქალაქეებს თავი ყველაზე მეტად ანტიკორუფციული რიტორიკით მოაწონა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლა მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ხანს აშკარად ჩანდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას და უკვე პრეზიდენტ პოროშენკოსაც თითქმის ღიად უპირისპირდებოდა. უნდა ითქვას, რომ ნაწილობრივ სამართლიანიც იყო მისი პროტესტი, თუმცა ნაწილი მხოლოდ პიარი გახლდათ, როგორც მას სჩვევია. სააკაშვილი რაც არის ვიცით, მაგრამ, რასაც აკეთებს პოროშენკო, ეს მთელი უკრაინის სირცხვილია - მისი ბიზენსაქტივების 23% ჯერაც რუსეთშია, ქვეყანაში, რომელთანაც უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. ასევე სამარცხვინოა ისიც, რაზეც ამ ბოლო დროს აქტიურად ლაპარაკობენ - რომ თითქოს პოროშენკოს ოჯახის წევრები დაკავებული არიან ჩერნობილიდან ლითონის ექსპორტით, მოგეხსენებათ, ეს რასაც წარმოადგენს. სხვათა შორის, სააკაშვილმაც დიდი დივიდენდები მიიღო ოდესის პორტისა და იქ არსებულ სხვა ინფრასტრუქტურებიდან. პრინციპში, ახლა ისე გამოდის, რომ უკრაინაში ორი კორუმპირებული ადამიანი ებრძვის ერთმანეთს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სააკაშვილი იმიტაციას მაინც აკეთებს, რომ კორუფციას ებრძვის, პოროშენკო კი ამასაც არ აკეთებს.

- სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს, გამოითქმის ვარაუდები, რომ ის პარტია "ხვილიას" ("ტალღა"), რომელიც ახლა ყალიბდება, ჩაუდგება სათავეში. პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრის, სახალხო დეპუტატის, ნატალია ნოვაკის თქმით, "პარტიის შექმნის პროცესი დაჩქარდება, რის შედეგადაც, მას შესაძლოა მართლაც მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგეს სათავეში…"

- დიახ, ცნობილია, რომ სააკაშვილი პარტიის შექმნას აქამდეც გეგმავდა. ასეთ სიტუაციაში, უკან დამხევი რომ არაა, კარგად ვიცით, რადგან მას დასავლეთში ძალიან სერიოზული ლობისტები ეგულება. ოფიციალურ კიევში კი კარგად იციან, რომ სააკაშვილს მათთვის საქმის გაფუჭება ნამდვილად შეუძლია. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია დაიძაბება და უკრაინის ხელისუფლებას ახალი თავის ტკივილი გაუჩნდება, მაგრამ ეს მათი დანაშაულია. პოროშენკოს თავიდანვე რომ აელაგმა მასშტაბური კორუფცია და ეკონტროლებინა პირადად სააკაშვილიც, მაშინ სიტუაცია აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ ახლა მათ დამატებითი მტერი გაიჩინეს. პოროშენკომ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი მთლიანად უკრაინაზე გადაერთვება და საქართველოსა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ნაკლებად მოიცლის, მით უფრო, რომ აშკარაა მის საკუთარ პარტიაშიც გამოჩნდა დაპირისპირებული ჯგუფი...

- რთულია ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა, რომ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ასე ადვილად იტყვის უარს, თუმცა ბოლო დროინდელი მოვლენები აშკარად აჩვენებს, რომ ამ პარტიაში სერიოზული შიდაპარტიული დაპირისპირებაა, რომელიც აქამდე არ საჯაროვდებოდა, დღეს კი კონფლიქტმა უკვე სოციალურ სივრცეში გადაინაცვლა.

- რამდენად შესაძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე?

- ეჭვი მეპარება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ნაწილი მიხეილ სააკაშვილს შეელიოს, შესაბამისად, არც სააკაშვილი შეელევა "ნაციონალურ მოძრაობას".

მგონია, რომ ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ სხვანაირი მიდგომების დემონსტრირებაა საჭირო, ცალკე გუნდად ჩამოყალიბდება. ვგულისხმობ ე.წ. ბოკერიას ჯგუფს. ბოლო ხანს ბევრჯერ მოვისმინე, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიგი უგულავა გახდება, მე ეს საეჭვო მგონია, თუმცა არაა გამორიცხული ახლად შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერად კი მოგვევლინოს...

ბოკერია საკმაოდ არაპოპულარული პოლიტიკოსია, თანაც თვითონაც უკანა პლანზე ყოფნა ურჩევნია...

აქ არის ერთი "მაგრამ", "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსური რესურსი არის მთლიანად მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ხელში, ხოლო ახლადშექმნილ პარტიას ფინანსური რესურსის გარეშე ძალიან გაუჭირდება.

იხილეთ ასევე: სააკაშვილის სკანდალური გუბერნატორობის მოულოდნელი დასასრული - სად წავა მიშა?!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)