"ტრამპი საერთაშორისო აფერისტად გამოაცხადეს... ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს" - კვირის პალიტრა

"ტრამპი საერთაშორისო აფერისტად გამოაცხადეს... ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპი ბათუმში უზარმაზარ ინვესტიციას აშენებდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გააჩერა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი, თავისი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, დღევანდელმა ხელისუფლებამ დონალდ ტრამპი ”აფერისტად” გამოაცხადა, ხოლო ტრამპის საქმიანობა ”ბლეფად”.

”ამხელა ინვესტიციას აშენებდა ეს კაცი ბათუმში, თუმცა ეს ყველაფერი გააჩერეს, ტრამპი გამოაცხადეს საერთაშორისო აფერისტად და ყველაფერი გამოაცხადეს ბლეფად. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებმა რომ დაინახეს, გაქანდნენ უკვე არსებულ შენობაზე შეუთანხმდნენ, რომ დარქმეოდა ტრამპის სახელი, რომ ჩვენ არ ჩამოგვრჩენოდნენ. ჩვენ შესაძლოა ვყოფილიყავით ერთადერთი ქვეყანა, სადაც იქნებოდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი, ნოლიდან აშენებული ინვესტიცია. ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს. მართლა გული გაგისკდება ადამიანს, ბოლომდე გაგვაბანძეს. ტრამპი ჩვენს ქებაში იყო ყველა არხზე მუდმივად. ჩემზე ბევრად უკეთესად იცოდა დასახელებები - მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა და ა.შ. თვითონ მოუყოლია აშშ-ს სხვადასხვა არხზე საქართველოს მიღწევების შესახებ. არც ერთ ამერიკელს ასეთი ენთუზიაზმით არასდროს ულაპარაკია”, - აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, მან წინასწარ იცოდა, რომ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებდა.

რამდენიმე თვის წინ დავწერე ჩემ წიგნში, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გაიმარჯვებდა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველა გამოკითხვაში ჰილარი კლინტონი ლიდერობდა. ძალიან ცდება ის ხალხი, ვინც ტრამპს არ აფასებს. ტრამპი არის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი”, - აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილი ტრამპის ბათუმში ვიზიტსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტს დეტალურად აინტერესებდა ყველაფერი.

”ტრამპს 20 წელზე მეტია ვიცნობ. როდესაც ნიუ იორკში ვიყავი, ჩვენი იურიდიული ფირმა გადავიდა იმ შენობაში, სადაც ტრამპი ოპერირებდა მაშინ. შემდეგ პრეზიდენტობის დროს ვურთიერთობდით. დეტალებზე ორიენტირებული ადამიანია. არასდროს დამავიწყდება, რომ ბათუმში ღამის 06:00 საათამდე ელექტრომობილით ვიარეთ. ყველა დეტალი აინტერესებდა. მაგალითად, პალმებზე მინათება ბათუმის ბულვარში, მოითხოვა ფირმის დასახელება, პარამეტრი განათების და ფლორიდის PALM BEACH-ში ზუსტად ასეთივე დაუყენებია. მახსოვს, ელექტრომობილით გავიჭედეთ ორ ასფალტმგებს შორის დილის 06:00 საათზე. სხვას შეეშინდებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ ეს აღმშენებლობის პერიოდი, რომელიც გაქვთ, ძალიან მოკლევადიანია და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნებაო. რამდენიმე თვეში ეს აღმშენებლობა დასრულდა. პრეზიდენტობის შემდეგ ნიუ იორკში ჩავედი და დამირეკა ორ კვირაში. დამპატიჟა თავისთან. მაშინ მკითხა, ალბათ სხვა პრეზიდენტები აღარ გირეკავენო. ხომ ხედავო, მე შენი მეგობარი დავრჩიო, აღარ ხარ პრეზიდენტი, მაგრამ გპატიჟებ და პრეზიდენტი რომ გავხდები, მაშინაც დაგირეკავო”, - აღნიშნავს სააკაშვილი.

იხილეთ ასევე: ვინ არის სკანდალური განცხადებებით ცნობილი მილიარდერი ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა