"მიშკა ქართველი" მალე მოცურდება და თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე საქართველოში" - კვირის პალიტრა

"მიშკა ქართველი" მალე მოცურდება და თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე საქართველოში"

"სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განახლებას არ გამოვრიცხავ"

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა, უკრაინაში პოლიტიკური პარტია - "ახალი ძალების პლატფორმა" დააფუძნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად ორი ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის სტატუსის შენარჩუნებას და რა მოლოდინი აქვთ მის უკრაინელ კოლეგებს, "კვირის პალიტრას" უკრაინის რადას დეპუტატი, პოროშენკოს ბლოკის წევრი დმიტრი გოლუბოვი ესაუბრება:

"სააკაშვილის შანსი უკრაინაში ნულის ტოლია"

- დიდი ხანია სააკაშვილს უკრაინაში შორს მიმავალი გეგმები აქვს - ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ადამიანები ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად შემოიკრიბა, თუმცა ოპოზიციაში გადასვლას არ ჩქარობდა - ბუნებრივია, მისთვის ხელისუფლებაში კომფორტულად ყოფნა ბევრად ხელსაყრელი პოზიცია იყო, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ პოროშენკო თავის გუნდში დიდხანს ვერ შეიფარებდა, ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა.

დღეს სააკაშვილისთვის უკრაინა ერთადერთ თავშესაფრად იქცა, მაგრამ მერწმუნეთ, მალე მოცურდება და თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე საქართველოში 2012 წელს მოხდა.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, უკრაინაში უმრავლესობა არც პოროშენკოს მმართველობით არის კმაყოფილი და ამ ფონზე, შესაძლოა, საქართველოს ექსპრეზიდენტს შანსი ჰქონდეს, მით უმეტეს, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწია...

- სააკაშვილის შანსი უკრაინაში ნულის ტოლია. ოდესაში, ვინც "მიშკა ქართველის" წესებს არ დაემორჩილა, ყველას ბიზნესი წაართვა. ერთი შეხედვით, კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ კორუფციონერად იქცა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, რომლის ზღაპრებიც დღითი დღე საპნის ბუშტებივით სკდებოდა.

- გაქვთ მტკიცებულება, რატომ უწოდებთ სააკაშვილს უკრაინის მთავარ კორუფციონერს?

- მან უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა. პარალელურად, ხვდებოდა რადის დეპუტატებს, რომ მათგან პრემიერის პოსტზე დასაწინაურებლად მხარდაჭერა მიეღო, თუმცა ჩემი კოლეგები კარგად ხვდებიან მის მიზნებს და იმასაც, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი თაღლითია. ჩვენი ქვეყანა უკვე საკმარისად დაიტანჯა იმისთვის, რომ კიდევ ერთი თაღლითი პოლიტიკოსი არ შეიფაროს.

"უკრაინული პოლიტიკიდან სააკაშვილის მოშორების დრო დადგა"

ექსპრეზიდენტის უკრაინულ გეგმებსა და პერსპექტივებზე უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკოც საუბრობს:

- სააკაშვილის უკრაინაში გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ ის მხოლოდ პოროშენკოს მრჩევლობას ან ოდესის გუბერნატორობას არ დასჯერდებოდა - მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა დაიგვიანა - სააკაშვილის უკრაინის პრემიერად არჩევაზე საუბარი უფრო რეალური იქნებოდა, თუ ის მიზნებს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე დააფიქსირებდა.

დღეს, როდესაც ის, როგორც პოროშენკოს მრჩეველი და ოდესის გუბერნატორი, საზოგადოებამ გამოცადა, უკრაინელები ხელისუფლებაში მის მოსვლას არ დაუშვებენ. ქვეყანაში ისევ კორუფცია ყვავის, ჯანდაცვის სისტემაში არაფერი შეცვლილა, არაფერს ვამბობ ძალოვან სტრუქტურებზე.

- როგორც ამბობენ, სააკაშვილს უკრაინაში არ ჰქონდა საკმარისი პოლიტიკური რესურსი კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

- ის პრეზიდენტ პოროშენკოს ნდობით სარგებლობდა, თუმცა ოლიგარქებთან ბრძოლისას მათი გზები მაინც გაიყო. რეალურად, პოროშენკოს სააკაშვილი საკუთარი პიარისა და კონკრეტული პირების მოსაშორებლად სჭირდებოდა - საქმე გაკეთდა და ახლა უკრაინული პოლიტიკური სპექტრიდან სააკაშვილის მოშორების დრო დადგა.

უკრაინა საქართველოსგან განსხვავებულ ვითარებაშია - აქ არსებულ პრობლემებს, მათ შორის კორუფციას, ტერორითა და ხალხის დაშინებით ვერ აღმოფხვრი. ვფიქრობ, ამას სააკაშვილიც მიხვდა და ახლა ცდილობს, დრო მაქსიმალურად გაწელოს, რათა ქართველმა სამართალდამცავებმა კარზე არ მოუკაკუნონ.

ექსტრადირების საკითხის განახლებასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა პოროშენკო დღეს იმდენად რთულ პოლიტიკურ ვითარებაშია, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს.

"უკრაინაში ბრძოლა სააკაშვილს პოლიტიკურ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს"

ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს საქართველოსა და უკრაინაში ოპოზიციურ ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდება:

- როდესაც სააკაშვილმა ე.წ. ანტიკორუფციული ჯგუფი შექმნა და ამ ეგიდით, ფაქტობრივად, მთელი უკრაინა შემოიარა, ცხადი იყო, რომ ოდესის გუბერნატორობის შემდეგ ახალ პოლიტიკურ სიმაღლეზე გადასვლას შეეცდებოდა. ვფიქრობ, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მიმართ უკრაინელების განწყობა სულ უფრო ნეგატიური ხდება, სააკაშვილს წარმატების მიღწევის შანსი უჩნდება, თუმცა ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შეუძლებელია. იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა ბევრად მიმზიდველად გამოიყურება უკრაინაში, ვიდრე საქართველოში. მეტიც, მას უკრაინის ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა უფრო აქტიურად მოუწევს, რაც იძულებულს გახდის "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირება მოახდინოს და პარტიაზე საკუთარი გავლენებიც მაქსიმალურად შეასუსტოს. ამ ვითარებით, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო ისარგებლებს, პრინციპში, ეს უკვე საჯაროდაც გამოჩნდა.

- სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში პოლიტიკური გეგმების მიუხედავად, პარტიიდან გარიყვასთან შეგუებას არ აპირებს. მეტიც, მისი განცხადებით, "ერთი-ორ ახირებულ პერსონასთან" მას საერთო არაფერი აქვს და საქართველოში გამარჯვებასაც აანონსებს.

- სააკაშვილს ენერგია არ ეყოფა, რომ საქართველოში ბრძოლა გაააქტიუროს, მეტიც, მას უახლოეს მომავალში საკუთარი პარტიის დატოვებაც კი მოუწევს, რადგან მთავარი ოპოზიცია უპირველესად "ნაციონალურ მოძრაობაში" გაუჩნდა. უკრაინაში ბრძოლა მას პოლიტიკურ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად შეეცდება, ფსონი უკრაინაზე დადოს, სხვა პერსპექტივა არა აქვს, მით უმეტეს, რომ სამშობლოში მას მართლმსაჯულებაც დევნის.

- სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ნაწილს აღარ წარმოადგენს, როგორ ფიქრობთ, დადგება თუ არა დღის წესრიგში მისი ექსტრადირების საკითხი?

- პოროშენკოსთვის მიხეილ სააკაშვილი ხელშემშლელ ფაქტორად ჯერ კიდევ ოდესის გუბერნატორად ყოფნისას იქცა. მართალია, სააკაშვილი ნომინალურად იყო ხელისუფლებაში, თუმცა საკუთარ პოსტს რიტორიკისთვის მაქსიმალურად იყენებდა. იაცენიუკთან დაპირისპირების შემდეგ პოროშენკოსთან დაპირისპირებასაც აღარ ერიდებოდა. ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორება შედარებით რბილად სცადა და თავად მას მისცა შესაძლებლობა, პოსტიდან გადამდგარიყო.

რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ამ მხრივ ბევრი რამ აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. მართალია, სააკაშვილი როგორც ევროპაში, ისე ამერიკის ადმინისტრაციაში გავლენიან პოლიტიკოსებთან მეგობრობს, არავინ იცის, როგორი იქნება ტრამპის დამოკიდებულება მის მიმართ. მეორე მხრივ, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია სააკაშვილის გადადგომის შემდეგ უფრო ინტენსიური გახდება.

იხილეთ ასევე: "პოროშენკომ კონონენკოს დაავალა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მოამზადონ"

რუსუდან შელია