"ჩვენ არა ვართ გვირილები, რომ პოლიტიკიდან გავქრეთ"
14-11-2016
"ჩვენ არა ვართ გვირილები, რომ პოლიტიკიდან გავქრეთ"
"საბანი ყველას არ ეყო. ახლა დასკვნების დროა!"

"თუ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემი ინიციატივა, უნდა დავრჩე თუ არა პოლიტიკაში, ამას პირადად გადავწყვეტ და სხვის აზრს არ გავითვალისწინებ"


გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა და ახლა დიდი ოპოზიციური მოძრაობის დაწყებას აანონსებს - მისი განცხადებით, ამ მიზნით კონსულტაციების გამართვას უახლოეს მომავალში გეგმავს:

გუბაზ სანიკიძე: - არჩევნები დასრულდა და მომავალი­ ოთხი წლის პოლიტიკური­ ვითარება გა­რ­კვე­ულია, გადაწყვეტილებაც ამ გარემოებამ მიმაღებინა. ფაქტია,""ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც "ნაცმოძრაობასთან"
ერთად უსისხლო სახელმწიფო გადატრიალებით მოახერხა.

- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება"­ გაურიგდა "ნაციონალურ მოძრაობას"?
- რა თქმა უნდა, ორივე პარტიას ცხვირ-პირზე ეტყობა, თუმცა ეს პროცესი მარტივად არ დასრულდება - ჩვენ არა ვართ გვირილები და პოლიტიკიდან არ გავქრებით. ყველაფერი იქით მიდიოდა - დანარჩენი პარტიები უნდა დასჯილიყვნენ და
გარეთ დარჩენილიყვნენ.

- თუ ამ პროცესს პროგნოზირებდით, რატომ არ თქვით აქამდე? თქვენ ხომ კოალიცია­ ერთ-ერთმა ბოლომ დატოვეთ?
- თუ წესიერად მოქცევა პასიურობას ნიშნავს, კი ბატონო, ასე დავარქვათ, მეტიც, "ფორუმი" სანიმუშოდაც­ კი იქცეოდა - გარეთ პრობლემები არ გამოგვქონდა, თუმცა შიგნით არაერთი პრინციპული საკითხი დაგვიყენებია - სასამ­ართლოში მურუსიძის დანიშვნაზე და ა.შ. განაწყენებულიც რომ ვიყო, ახლა ამას რა აზრი აქვს?! სხვა რამეზე ვწუხვარ - როგორ განვითარდება მოვლენები,­ არავინ იცის.

- თქვენ თუ იცით, ვისთან აპირებთ მომავალში თანამშრომლობას - დავით უსუფაშვილმა თქვენთან ერთად გუნდში ყოფნა, ფაქტობრივად, გამორიცხა, თუმცა კონსულტაციებისთვის ნინო ბურჯანაძე მზად არის.

- ორივესთან უკვე მქონდა კონსულტაციები. დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ის თანამშრომლობას გააგრძელებს და მართლაც, ჩვენ არაერთ საკითხზე საერთო პოზიციები გვექნება. პირადად მე ახალი პარტიის შექმნას არავის ვთავაზობ, ჯერ აუცი­ლებელია ვითარების ობიექტურად შეფასება. კონსულტაციებს ვგეგმავ პერსონებთან და არა პარტიებთან, თუმცა კონკრეტულად ვისთან, მომავალი გვიჩვენებს. მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას გამოვრიცხავ.

- კოლეგებისთვის ადრეც მიგიმართავთ, თუმცა მათგან პოზიტიური გამოხმაურება არ მიგიღიათ, მაგალითად, უსუფაშვილსა და ალასანიას არჩევნებამდე ივანიშვილთან ვითარების გარკვევა შესთავ­აზეთ, თუმცა ორივე ლიდერმა­ უარი შემოგითვალათ. არჩევნების შემდეგ ბლოკების გაერთიანების ინიციატივითაც გამოხვედით და არც ამაზე დაგთანხმდნენ. ამჯერად "ფორუმიდან" წამოსულ გუბაზ სანიკიძეს რა პოლიტიკური რესურსი აქვს, რის გამოც კოლეგები კონსულტაციებზე უნდა დათანხმდნენ?
- ახლა მათ როგორც ერთი პირი, ისე ვხვდები. როცა პარტიის წევრი ხარ, გა­რ­კვეული პასუხისმგებლობაც გაკისრია. ახლა ჩემს ქმედებაზე - რამეს გავაფუჭებ თუ გამოვაკეთებ, მხოლოდ პირადად ვაგებ პასუხს.

- დიდი ოპოზიციური მოძრაობის დაანონსება ნიშნავს, რომ თქვენ ჩაუდგებით პროცესს­ სათავეში?
- ბანაკი არ დამიცია და არც ციხესიმაგრე ამიშენებია, მე ვარ ერთი ადამიანი­ და ჩემ გარშემო უნდა მოხდეს ყველაფერი-მეთქი, ამის პრეტენზია არა მაქვს, თუმცა ხელს შევუწყობ, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა გაარკვიონ. ამ დრომდე ყველა პოლიტიკური სპექტრი თავისთვის იქაჩებოდა, საბანი კი ყველას არ ეყო. ახლა დასკვნების დროა - რაც არ გამოდის ცალ-ცალკე, იქნებ ერთად გავაკეთოთ.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში უკვე გამოცდილ და თანაც პარტიიდან წასულ ლიდერებს ხალხი მხარს დაგიჭერთ?
- ნებისმიერ მოქალაქეს ანგარიშს გავუწევ და მათ გადაწყვეტილებასაც უპირობოდ მივიღებ. თუმცა, თუ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემი ინიციატივა, უნდა დავრჩე თუ არა პოლიტიკაში, ამას პირადად გადავწყვეტ და სხვის­ აზრს არ გავითვალისწინებ.

"ოპოზიცია დეპრესიაში ჩავარდა"

რამდენად პერსპექტიულია პარტიებიდან წასული ლიდერების მიერ ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნის იდეა, ექსპერტი­ გია ხუხაშვილი საუბრობს:
- ოპოზიციას უნიკალური შანსი ჰქონდა, ღირსეულად წარმოდგენილიყო პარლ­ამენტში, რადგან საზოგადოებაში­ მესამე ძალაზე დიდი მოთხოვნა არსებობდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური­ ელიტა უსუსური აღმოჩნდა და ქუჩა­ში დაგდებული ძალაუფლება ხელში ვერ აიღო. "ქართულმა­ ოცნებამაც""აგრესიული წინასაარჩევნო პოლიტიკით ორპოლუსიანი გარემო შექმნა, თუმცა თავად პარტიებიც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ოპოზიცია დეპრესიაში ჩავარდა - პარტიები დატოვეს და ახალი ჯგუფის ძებნა დაიწყეს.
დადგა დრო, როდესაც პოლიტიკური ელიტა, რომელიც ბოლო ორი ათეული წელი ტივტივს ახერხებდა, თამაშიდან გავიდეს ან დროებით შეისვენოს, რომ სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის გაიხსნას.

- უსუფაშვილი კონსულტაციებს 2-3 თვეში­ აანონსებს, სანიკიძე კი - შუამავლის­ როლის­ მორგებას პარტიების კონსოლიდაციისა და დიდი ოპოზიციური მოძრაობის შექმნისთვის.

- დღეს ყველა ე.წ. პოლიტიკური ბრენდი ღრმა კომაშია ან გარდაცვლილია. რამდენიმე მკვდრის გაერთიანების შემთხვევაში ერთ ცოცხალ ორგანიზმს მაინც ვერ მივიღებთ. კარგი იქნება, თუ მემუარების წერით დაკავდებიან. მსგავს კოალიციებს ე.წ. ორთქლმავალი სჭირდება, რომლის ირგვლივაც პოლიტიკოსები გაერთიანდებიან.

დასანანი იქნება, ქართულმა პოლიტიკამ დავით უსუფაშვილი დაკარგოს, თუმცა მას მინუსებიც აქვს - აუცილებლად სჭირდება ტანდემში ქარიზმატული და ზომიერად პოპულისტური პარტნიორი, რომელიც მას რეიტინგს მოუტანს. უსუფაშვილს ავტორიტეტი აქვს, თუმცა ამომრჩევლის კონსოლიდაცია არ შეუძლია.

- ანუ "ნაცმოძრაობის" გარდა ქართულ პოლიტიკაში ალტერნატიული ოპოზიციური გაერთიანების შექმნის რესურსი აღარ დარჩა?
- ახლა არ არსებობს. პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდება, რაც პარტიიდან წასული ლიდერები სივრცეს გაათავისუფლებენ. ძალაუფლება ისევ ქუჩაში დარჩა - მოთხოვნა არსებობს ახალ ძალაზე, თუმცა ამას არსებული ელიტა ვერ პასუხობს.

რუსუდან შელია
ადამიანი
19 ნოემბერი 2016 13:57
ნიახური ხარ! ნიახური! )))))

რედაქტორის რჩევით