რას ამბობს დიასპორის მინისტრი თავისი უწყების მოსალოდნელ გაუქმებაზე
14-11-2016
რას ამბობს დიასპორის მინისტრი თავისი უწყების მოსალოდნელ გაუქმებაზე
"ჩვენი საქმიანობის დამაგვირგვინებელი იყო ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება. ამ მამულის დაბრუნებით მომავალ თაობებს გაუჩნდებათ რწმენა, რომ მშვიდობიანად და გონივრულად უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნებაც შეიძლება"

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მალე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებს დიასპორის­ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მოსალოდნელ ცვლილებას.

- შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა - ჩვენი სახელმწიფო აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა შეუერთდეს.

- ეს
ინიციატივა მისაღებად მიგაჩნიათ, თუ ამ სახელმწიფო აპარატის უფლებამოსილების გაზრდას უფრო მიზანშეწონილად თვლით?

- ერთი რამ შემიძლია გითხრათ - რაც გვიკეთებია, ყველაფერს პროფესიონალურად ვაკეთებთ. წელიწადში ორჯერ დიდ ფორუმსა და კონფერენციას ვატარებთ. ასევე, ავამოქმედეთ უწყებათშორისი ფორმატი, რომელიც დიასპორების წინაშე არსებულ პრობლემატიკას კომპლექსურად განიხილავს. ამის შედეგად ემიგრანტ მიცვალებულთა
გადმოსვენების საკითხი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.
ჩვენი საქმიანობის დამაგვირგვინებელი იყო ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება. ამ მამულის დაბრუნებით მომავალ თაობებს გაუჩნდებათ რწმე­ნა, რომ მშვიდობიანად და გონივრულად უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნებაც შეიძლება.

- ახლაც საქმიანობს თქვენი აპარატი, თუ ცვლილების მოლოდინში პარალიზებულია?
- ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას. 17 ნოემბერს ჩავატარებთ კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წარმოჩნდება ჩვენი საქმიანობა. საუბარი შეეხება ლევილის მამულს, დიასპორებში სწავლებას, საკვირაო სკოლებს და მათთვის გაღებულ ინვესტიციებს...

- შეზღუდულ უფლებამოსილებასთან ერთად, ბიუჯეტიც მწირი გაქვთ...
- დიახ, ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც მილიონ სამასი ათასი ლარი იყო (ეს დაახლოებით, ერთი საელჩოს ბიუჯეტია), მაგრამ­
ჩვენი მთავარი მიმართულება უცხოეთში მყოფი სათვისტომოებისთვის პირობების შექმნა გახლდათ და ამას მწირი ბიუჯეტითაც თავს ვართმევდით.
აპარატში 32 ადამიანი მუშაობს და იმედი მაქვს, ისინი საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებენ.

- არასამთავრობო ორგანიზაციათა ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა. ადრე მილიონ-ნახევარ ემიგრანტს ვითვლიდით, ახლა კი მათმა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია. რით არის ეს გამოწვეული?

- ბევრი მიდის, მაგრამ ბევრიც უკან ბრუნდება და ბალანსი დაცულია.
სტატისტიკის დეპარტამენტისა და შსს-ს მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ემიგრანტთა რაოდენობა ისევ მილიონ-ნახევარია...
ემიგრანტები ყოველწლიურად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8-12%-ს ურიცხავენ ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მათ გმირებს ვუწოდებ.
ხშირად მეკითხებიან: "როდის დაგვაბ­რუნებენ სამშობლოში?" მე ვპასუხობ: "ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი ქვეყანა და დაბრუნებასაც ყველა შეძლებს".

- ემიგრანტი გვწერდა,­ რომ მიუნხენში განსაკუთრებით ბევრი ქართველი­ ცხოვრობს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის­ მისაღებად­ ბერლინში ჩადიან (საელჩოს ტერიტო­რიაზე). მათ ეს მგზავრობა 150-დან 300 ევრომდე უჯდებათ. ასეთივე მდგომარეობაში არიან სხვა ქვეყნებში მცხოვრები­ ქართველებიც. რატომ არა აქვთ მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება?
- ამ საკითხის მოგვარება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. მე მათ ვაძლევ რეკომენდაციას, შეიქმნას რუკა, სადაც ნაჩვენები იქნება, რომელ რეგიონებში არიან კომპაქტურად ჩასახლებული ქართველები და გაიხსნას ხმის მისაცემი პუნქტები.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით